6 რამ, რაც ფინტექ პროდუქტზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოთ
,,ახალი ფინტექ სტარტაპები ყოველდღიურად ჩნდება. თუმცა, მიუხედავად გაფართოებული ლანდშაფტისა, ამ სფეროში წარმატება გარანტირებული არ არის. კომპანიის იდეიდან მის ბაზარზე ჩაშვებამდე არსებული გზა დამფუძნებლებმა დიდი გაკვირვებით უნდა გაიარონ – ეს ნებისმიერი ფინტექ პროდუქტის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობისთვისაა ფუნდამენტური’’, – აღნიშნავს eToro-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი რონენ ასია.
რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა მეწარმეებმა ფინტექ პროდუქტის შექმნისას? რა ფაქტორებს აქვს ყველაზე დიდი გავლენა სტარტაპის წარმატებაზე? – სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება და რჩევებს გვაძლევს ასია.
სწორად შეარჩიეთ პროდუქტის მენეჯერი
მას შემდეგ, რაც ბაზარზე არსებულ ხარვეზს ან მომხმარებლების ინოვაციური პროდუქტით მოზიდვის გზას აღმოაჩენთ და სამიზნე აუდიტორიას დაადგენთ, ძლიერი ანალიტიკური უნარების მქონე პროდუქტის მენეჯერი უნდა შეარჩიოთ.
,,[ის უნდა იყოს] ადამიანი, რომელიც იდეიდან პროდუქტისა და ბაზრის თავსებადობის ეტაპამდე და მომხმარებლების ონბორდინგამდე მიგიყვანთ. თუ თქვენი პროდუქტის მენეჯერი რიცხვებზე ორიენტირებული არაა, მაშინ პრობლემები შეგექმნებათ, რადგან, თავისი არსით, ფინტექი ფორმულებსა და რიცხვებზე მუშაობას გულისხმობს. გაგიკვირდებათ, რამდენი კომპანია არ ითვალისწინებს ამას თანამშრომლის აყვანის პროცესში და შემდეგ ცუდი გამოცდილებით სწავლობს’’, – აღნიშნავს ასია.
გაეცანით ფინტექ ტენდენციებს
ასიას თქმით, სტრატეგიის შემუშავების პროცესის გამარტივებისა და სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის შესაქმნელად მნიშვნელოვანია, რომ ფინტექ სფეროს ძალიან კარგად იცნობდეთ. აუცილებელია, გაეცნოთ მიმდინარე ტენდენციებს, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია იმის გარკვევაც, თუ რა შეცდომები დაუშვეს სექტორში ჩართულმა სხვა ადამიანებმა წარსულში და რა ატრიბუტების საშუალებით აღწევდნენ ისინი წარმატებას. ამის გარდა, კარგი იქნება, თუ მომხმარებელთა განწყობილებების შესახებ ჩატარებული გამოკითხვების შედეგებსაც გააანალიზებთ.
გაერკვიეთ რეგულაციებში
,,სფეროების უმეტესობაში პროდუქტის მენეჯმენტის წარმატების სამკუთხედი მოიცავს პროდუქტს, მის განვითარებასა და მარკეტინგს. ფინტექ სექტორში კი მეოთხე საყრდენი წერტილი – [სამართლებრივ ნორმებთან] შესაბამისობა – ჩნდება’’, – აღნიშნავს ასია.
ფინტექ სტარტაპზე მუშაობისას შესაბამისი ადგილობრივი რეგულაციების დაცვა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპერირების პროცესში კომპანიას საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნება.
,,მაგალითად, როდესაც Venmo ჩაეშვა, კომპანიას ფულადი გადარიცხვების ლიცენზია არ ჰქონდა და ჯარიმების გადახდა მოუწია. ამ საკითხზე კარგად უნდა დაფიქრდეთ. ესაუბრეთ სამართალმცოდნეებსა და შესაბამის პროფესიონალებს, რათა გაიგოთ მათი მოსაზრებები და გაარკვიოთ არსებული სიტუაცია მანამ, სანამ საქმიანობას დაიწყებდეთ’’, – ამბობს ასია.
დანერგეთ ძლიერი უსაფრთოების პროტოკოლი
ასიას თქმით, კიბერდანაშაულების ზრდის ფონზე, სტარტაპის მიერ შემუშავებული სისტემის უსაფრთხოება და მთლიანობა გადამწყვეტია.
,,ფინტექ პროდუქტს, რომელიც უსაფრთხოების კუთხით მოწინავე არაა, წარმატების შანსიც კი არ აქვს. ვინ ატარებს თქვენს აუდიტს? რა დაშიფვრას იყენებთ? გაქვთ თუ არა შემუშავებული შესაძლო კრიზისის წარმოქმნის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა? – ეს არასრული ჩამონათვალია იმ კითხვებისა, რომლებზეც შესაბამისი პასუხები უნდა გქონდეთ’’, – აღნიშნავს ასია.
თუ სტარტაპს სერვისის გათიშვის, სისტემური ავარიის, DDOS შეტევების ან სხვა მსგავსი აქტივობების ისტორია აქვს, მას მომხმარებელთა ნდობის მოპოვება გაუჭირდება.
მომხმარებლებში ნდობა ჩამოაყალიბეთ
სტარტაპის სამიზნე აუდიტორიაში ჩამოყალიბებული ნდობა ფინტექ პროდუქტის წარმატებაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
,,თქვენ ელით, რომ მომხმარებლები თავიანთი შრომით მოპოვებულ თანხასა და სენსიტიურ ფინანსურ ინფორმაციას განდობენ’’, – ამბობს ასია და აღნიშნავს, რომ ამ ნდობის მოსაპოვებლად პროდუქტის ბრენდინგი და ვებსაიტზე განთავსებული მასალა გამჭვირვალე და ინფორმაციული უნდა იყოს.
,,გახსოვდეთ, რომ პოტენციურ კლიენტებს თქვენთან პირველი ინტერაქცია, სავარაუდოდ, ვებსაიტის მეშვეობით ექნებათ. მათი ნდობის მოსაპოვებლად კი თქვენი ვებგვერდი როგორც პროდუქტის, ასევე კომპანიის საიმედოობას უნდა აჩვენებდეს. ამ სფეროში ძალიან მცირე დეტალებსაც კი აქვს მნიშვნელობა’’, – აღნიშნავს იგი.
შექმენით პროდუქტი, რომელთანაც მომხმარებელს ემოციური კავშირი ექნება
პროვაიდერების ჩანაცვლება ადამიანებისთვის ძალიან უსიამოვნო პროცესთან ასოცირდება და ამ პროცესის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებლები ხშირად კვლავ მოძველებულ გადაწყვეტილებებს იყენებენ.
,,ჩვევების ჩამოყალიბების შემდეგ, ქცევის ცვლილების პროვოცირება, განსაკუთრებით ამ სფეროში, ძნელია. იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, ისეთი გამოცდილება უნდა შექმნათ, რომელიც საბოლოო მომხმარებლის საჭიროებებს მაქსიმალურად ერგება. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ადამიანები ხშირად ირაციონალურად იქცევიან, როდესაც საქმე მათ ფინანსებს ეხება’’, – ამბობს ასია.