TikTok ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი აპლიკაციაა – Sensor Tower-ის ანგარიში
2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, TikTok მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი აპლიკაციაა. ანალიტიკური ფირმის, Sensor Tower-ის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან 31 მარტამდე პერიოდში TikTok 175 მილიონზე მეტჯერ გადმოწერეს.
,,დოკუმენტში მოცემული რიცხვები Apple Store-ისა (iPhone და iPad) და Google Play-ის საშუალებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 მარტამდე პერიოდში განხორციელებული ჩამოტვირთვების დაახლოებით რაოდენობებს ასახავს. მონაცემები არ მოიცავს Google-ის წინასწარ დაინსტალირებულ და Apple-ის აპლიკაციებს.
შეფასებები წარმოდგენილია უნიკალური გადმოწერების მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი Apple ან Google ანგარიშიდან მხოლოდ ერთი ჩამოტვირთვა შედის საერთო რაოდენობაში. ერთი მომხმარებლის მიერ, ერთი კონკრეტული აპლიკაციის მრავალ მოწყობილობაზე ჩამოტვირთვა, მისი განახლებები და აპლიკაციის ხელახალი ინსტალაცია საერთო ჯამში არ ითვლება. შედეგებში ასახულია აპლიკაციის ყველა ვერსიის – მაგალითად, Facebook და Facebook Lite – ინსტალაცია’’, – აღნიშნულია Sensor Tower-ის ანგარიშში.
დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის დასაწყისის შემდგომ, TikTok-ზე მეტი ჩამოტვირთვების რაოდენობა არცერთ აპლიკაციას არ ჰქონია. 2021 წლის პირველ კვარტალში კი ამ სოციალური ქსელის ყველა დროის გადმოწერების მაჩვენებელმა 3,5 მილიარდს მიაღწია, რითაც ის გახდა მეხუთე (და ერთადერთი, რომელიც Meta-ს არ ეკუთვნის) აპლიკაცია, რომელმაც ეს ზღვარი გადალახა.
რაც შეეხება 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს, მსოფლიოს მასშტაბით, TikTok-ის შემდგომ ყველაზე პოპულარული სამი აპლიკაცია Meta-ს ეკუთვნის. ესენია Instagram, Facebook და WhatsApp, რომლებმაც შესაბამისად მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციები დაიკავეს. ხოლო მეხუთე ადგილზეა სოციალური პლატფორმა Telegram.
Sensor Tower-ის ანგარიშში ზემოთ აღნიშნულ შეჯამებულ მონაცემებთან ერთად, App Store-ისა და Google Play-ის განცალკევებული მაჩვენებლებიც არის წარმოდგენილი.
2022 წლის პირველ კვარტალში, App Store-ში ყველაზე პოპულარული ხუთი აპლიკაცია იყო TikTok, YouTube, WhatsApp, Instagram და Facebook. აღსანიშნია, რომ ეს რიგითობა ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში არ შეცვლილა.
რაც შეეხება Google Play-ს, აქ მონაცემები განსხვავებულია და Meta-ის ორი პლატფორმა ლიდერობს. ჩამოტვირთვების რაოდენობების მიხედვით, პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება – Instagram, Facebook, TikTok, Shopee და WhatsApp .