Google Maps-ში რუსეთის სამხედრო და სტრატეგიული ობიექტები ჩანს – რას ამბობს კომპანია
17 აპრილიდან უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Google Maps-ში რუსეთის სამხედრო და სტრატეგიული ობიექტები მაქსიმალური გარჩევადობით ჩანს.
,,Google Maps-ში რუსეთის ფედერაციის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი მაქსიმალური გარჩევადობით გახდა ხელმისაწვდომი. კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, სამეთაურო პუნქტები, საიდუმლო პოლიგონები და ა.შ. ახლა უკვე პიქსელზე დაახლოებით 0,5 მეტრი გარჩევადობით შეგიძლიათ ნახოთ. ამ დრომდე ისინი ბევრად ცუდი ხარისხით იყო გამოსახული, რაც დეტალების გარჩევის საშუალებას არ იძლეოდა… ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ გამოსახულებებს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან სამხედრო სატელიტებს ბევრად უკეთესი გარჩევადობა აქვთ’’, – წერდა უკრაინული მედია, რომელიც ამბავს შესაბამის გამოსახულებებს ურთავდა.
ამავე ინფორმაციას ავრცელებდა Twitter-ზე უკრაინული ანგარიში @ArmedForcesUkr, რომელიც ვერიფიცირებული არაა, თუმცა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ანგარიშის მიერ წყაროდ არაერთხელ არის გამოყენებული.
⚡️GOOGLE MAPS ВІДКРИВ ДОСТУП ДО ВІЙСЬКОВИХ ТА СТРАТЕГІЧНИХ ОБ’ЄКТІВ РОСІЇ.
Тепер кожен може побачити різноманітні російські пускові установки, шахти міжконтинентальних балістичних ракет, командні пункти та секретні полігони з роздільною здатністю близько до 0,5 метра на піксель. pic.twitter.com/i75wR8Efwo— Armed Forces 🇺🇦 (@ArmedForcesUkr) April 18, 2022
რუსეთის სამხედრო და სტრატეგიული ობიექტების გავრცელებული გამოსახულებები რუკაზე ნამდვილად ხელმისაწვდომია, მაგრამ, როგორც კომპანია აცხადებს, ეს სიახლე არ არის.
„ჩვენ არ განგვიხორციელებია რაიმე ცვლილება რუსეთის სატელიტურ გამოსახულებებში’’, – აცხადებს Google-ის სპიკერი ჯენევი პარკი მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.
აღსანიშნია, რომ სამხედრო ობიექტების სატელიტური გამოსახულებები Google Maps-ში ზოგჯერ ბუნდოვანი ეფექტით ან დაბალი ხარისხით არის ნაჩვენები.