fbpx

წარმატების ხანგრძლივად შენარჩუნება – მაიკლ მორიცი

მორიცი

წარმატების ხანგრძლივად შენარჩუნება – მაიკლ მორიცი

მუდმივი ინოვაცია და ლიდერობის ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნება ნებისმიერ ინდუსტრიაში დიდ ძალისხმევას საჭიროებს. თუმცა, შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ სირთულის მიუხედავად, 1972 წელს, კალიფორნიაში დაარსებულმა ვენჩურული კაპიტალის ფირმამ Sequoia Capital-მა ინდუსტრიის ლიდერებს შორის ადგილი დღემდე შეინარჩუნა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა ღირებულებებითა და გზით ოპერირებს ფირმა; ასევე რა არის საჭირო იმისთვის, რომ სხვა კომპანიებმა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წარმატებისა და დომინანტური პოზიციის შენარჩუნება მოახერხონ. სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება Sequoia Capital-ის პარნიორი (1986 წლიდან დღემდე) მაიკლ მორიცი.

,,Sequoia-ში ყოველთვის ვიყავით ორიენტირებულნი იმაზე, თუ როგორ შეგვენარჩუნებინა საქმიანობის ეფექტურობის მაღალი დონე. ორგანიზაციების უმეტესობა ამ მდგომარეობამდე მისვლას, ხუთი, ან, თუნდაც, ათი წლის შემდგომ ახერხებს. მაგრამ ძალიან ცოტას შეუძლია მისი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შენარჩუნება. არ ვამბობ, რომ სამაგალითოები ვართ. თუმცა, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით ამისთვის’’, – აღნიშნავს მორიცი.

მისი თქმით, გამორჩეული ლიდერობის შესახებ წიგნების წაკითხვისას ყველაფერი თითქოს მარტივად ჟღერს. მთავარი გამოწვევა კი საჭირო მოქმედებების ყოველდღიურად, კვირეულად, თვიურად, კვარტალურად ან წლიურად განხორციელება და რიტმის შენარჩუნებაა.

,,ეს იყო სტივ ჯობსის და ლარი პეიჯის, ჯეფ ბეზოსისა და რიდ ჰასტინგსის ერთ-ერთი შესანიშნავი ჩვევა. ეს ის ლიდერები არიან, რომელთაც მოქმედებების განხორციელება და რიტმის შენარჩუნება შეუძლიათ. თუმცა, როგორ ახერხებენ ამას?’’, – მორიცი შეკითხვას სვამს და მას თავადვე პასუხობს – ,,ისინი მუდამ ცდილობენ დარწმუნდნენ, რომ მათი პროდუქტი განახლებულია და დროთა განმავლობაში იცვლება. ისინი არასდროს ისვენებენ და არც თვითკმაყოფილნი არიან. მათ ყოველთვის დაუცველობის შეგრძნება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ კონკურენტმა შეიძლება გაანადგუროს და რომ წარსული წარმატებები ბევრს არაფერს ნიშნავს’’. აღსანიშნია, რომ სწორედ ამ მიზეზით, Sequoia Capital-ის ოფისში კომპანიის სხვადასხვა მიღწევების ამსახველი ნივთები არ მოიძებნება – ,,ეს ყველაფერი გუშინდელი დღეა და მომავალთან არანაირი კავშირი არ აქვს’’.

მორიცის თქმით, კიდევ ერთი რამ, რასაც კომპანიამ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს გუნდია – ,,არ უნდა იყოთ უსამართლო, დაუნდობელი ან მკაცრი და თითოეული ინდივიდის მუშაობა ობიექტურად უნდა შეაფასოთ. როგორ კარგადაც არ უნდა ემუშავათ წარსულში, თუ აღარ არიან გულწრფელად დაინტერესებულნი საქმიანობით და აღარც კონკურენციის გაწევის დაუოკებელი სურვილი ამოძრავებთ, დროა, დაგტოვონ. არ შეიძლება ირგვლივ ასეთი ადამიანები გყავდეთ. აიყვანეთ ახალგაზრდები, რომელთაც ხალისი, ამბიცია და ენერგია აქვთ და ასე გაზარდეთ კომპანია’’.

ამის გარდა, წარმატების ათწლეულების განმავლობაში შესანარჩუნებლად, ბაზრის ნაწილიც მნიშვნელოვანია. ტექნოლოგიები და, შესაბამისად, ბაზარიც მუდმივად იცვლება და კომპანიამ ამ ცვლილებებს ფეხი უნდა აუწყოს.

,,ჩვენ საქმიანობა მენლო პარკში, დიდი ხნის წინ დავიწყეთ. ამის შემდეგ, ტექნოლოგიების სამყარო შეიცვალა. კომპანიები, რომლებიც დღეს ფუძნდება, ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც 30 ან 40 წლის წინ იქმნებოდა… ჩინეთის ბაზარზე იმიტომ გავედით, რომ ვიგრძენით, გარკვეული დროის შემდეგ, Sequoia-სთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი გახდებოდა… მაშინ ყველამ ჩვენს წინააღმდეგ დადო ფსონი. გვეუბნებოდნენ, რომ მარცხს განვიცდიდით… თუმცა, მრავალი ადამიანის შრომისმოყვარეობის დამსახურებით, ჩინეთში წარმატებული ბიზნესი გვაქვს, ამის მოხერხება კი, მართლაც, ძალიან რთულია’’.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post