fbpx

ხელოვნური ინტელექტის როლი დაავადებების მართვაში

ხელოვნური ინტელექტის

ხელოვნური ინტელექტის როლი დაავადებების მართვაში

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში შეერთებულმა შტატების მოსახლეობაში ქრონიკული დაავადებების მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, შტატებში ათიდან ექვს ზრდასრულს ერთი ქრონიკული დაავადება მაინც აქვს, ხოლო ათიდან ოთხ ზრდასრულს – ორი ან მეტი.

 

2025 წლისთვის აშშ ელის, რომ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს მაინც ექნება ქრონიკული დაავადება. ამჟამად კი, ყველაზე გავრცელებულ პრობლემად გულის დაავადება, კიბო და დიაბეტი ითვლება. სწორედ ამიტომ, მკვლევრები ცდილობენ, რაც შეიძლება სწორი მკურნალობის გზა იპოვონ მათთან გასამკლავებლად.

ამ გზებიდან კი, ერთ-ერთ საიმედო ვარიანტად მკვლევრები და ექიმები ხელოვნურ ინტელექტს მიიჩნევენ, რომელიც დიაგნოზის დასმის პროცესს დააჩქარებს, ექიმებს სწორი სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება და პაციენტებს მკურნალობის უფრო სწრაფად დაწყებაში შეუწყობს ხელს.

ხელოვნური ინტელექტის როლი გულის დაავადების მკურნალობაში

რამდენიმე ორგანიზაცია უკვე აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გულ-სისხლძარღვთა მედიცინის განვითარებაზე.

საავადმყოფოები და კვლევითი ცენტრები ხელოვნურ ინტელექტს კომპიუტერების დასაპროგრამებლად გამოიყენებენ, რათა სწრაფად დაამუშაონ მონაცემები და ზუსტი შედეგი მიიღონ, რითიც მკურნალობის უკეთეს, მათზე მორგებულ ვარიანტს შესთავაზებენ პაციენტებს. ამ პროგრამებს ასევე შეუძლიათ, გამოავლინონ გულის დაავადება, განსაზღვრონ ინსულტის მკურნალობის გზა და გააძლიერონ დიაგნოსტიკური რადიოლოგიის შესაძლებლობები.

ჯონს ჰოკინსის უნივერსიტეტში მკვლევრებმა გამოიკვლიეს მთლიანი გულის გამოთვლითი მოდელების გამოყენება პარკუჭოვანი არითმიების უკეთ გასაგებად. მკვლევრების ჯგუფის თანახმად, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს პერსონალიზებული მედიცინის განივთარებას.

„პაციენტის გულის პერსონალიზებული გამოთვლითი მოდელირება შესაძლებელს გახდის იმ მოდელების შემუშავებას, რომლებიც გულის ინდივიდუალურ გეომეტრიასა და სტრუქტურას გააერთიანებს, ისევე, როგორც სხვა პაციენტის სპეციფიკურ ინფორმაციას“, – აცხადებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და მედიცინის პროფესორი, ნატალია ტრაიანოვა.

მკვლევრების აზრით, პაციენტის სპეციფიკურ მოდელებს ასევე შეუძლიათ, გამოიყენონ პროგნოზირებადი ანალიტიკა გულის უეცარი გაჩერების რისკის ან გულის პროცედურის შედეგების დასადგენად.

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში

ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი და მისი ქვეკატეგორია, მანქანური სწავლება, პროდუქტიულობის, სამუშაო პროცესებისა და საბოლოო შედეგების გაუმჯობესების მიზნით, მრავალ სფეროში გამოიყენება. მათ შორის კი ერთ-ერთი არის მედიცინა. აღნიშნულ სექტორში AI-ის დანერგვას პაციენტებისთვის, მკვლევრებისთვისა და ექიმებისთვის არაერთი სარგებელი მოაქვს…

ხელოვნური ინტელექტის როლი კიბოს გამოვლენასა და მკურნალობაში

ტულანის უნივერსიტეტში მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია კოლორექტალური კიბოს სრული სიზუსტით გამოვლენა და დიაგნოსტიკა ქსოვილის სკანირების გაანალიზებით.

მკვლევრებმა შეაგროვეს კოლორექტალური კიბოს 13000-ზე მეტი სურათი 8803 სუბიექტისგან და 13 დამოუკიდებელი კიბოს ცენტრიდან ჩინეთში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში. შემდეგ, ტექნიკოსების მიერ შემთხვევით შერჩეული სურათების გამოყენებით, მკვლევრებმა შექმნეს მანქანური სასწავლო პროგრამა.

პროგრამას შეუძლია, ამოიცნოს კოლორექტალური კიბოს გამოსახულებები, რაც მკვლევრების აზრით, ევროპასა და აშშ-ში კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

ხელოვნურ ინტელექტს ასევე შეუძლია, დაეხმაროს პაციენტებს მკურნალობის საუკეთესო კურსის არჩევაში. კერძოდ, კიბოს მქონე პაციენტებისთვის მკვლევრებს შეუძლიათ, გამოიყენონ პროგნოზირებადი ანალიტიკა იმის დასადგენად, თუ როგორ რეაგირებს ინდივიდი გარკვეულ მედიკამენტზე.

ყველა პაციენტს არ ექნება ერთნაირი რეაქცია მედიკამენტებზე, ამიტომ მანქანურ სწავლებასა და პროგნოზირებად ანალიტიკას ასევე შეუძლია თავიდან აარიდოს პაციენტს არასაჭირო გვერდითი ეფექტები კიბოს მკურნალობის პროცესში.

დიაბეტის მართვა და პრევენცია ხელოვნური ინტელექტით

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მკვლევრები იკვლევდნენ AI-ის გამოყენების მეთოდებს დიაბეტის მართვისთვის. სხვადასხვა სტრატეგია მოიცავდა თვითმართვას, პაციენტის დისტანციურ მონიტორინგსა და მოწყობილობების მხარდაჭერას.

2019 წელს, Rensselaer პოლიტექნიკური ინსტიტუტის მკვლევრებმა ჩაატარეს კვლევა ხელოვნური ინტელექტისა და ანალიტიკის გამოყენებით, რათა ენახათ, თუ რამდენად კარგად მუშაობს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები სისხლში შაქრის შეფასების მიმართულებით. დადგინდა, რომ ამ სისტემებს გაცილებით კარგად შეუძლიათ, დაადგინონ სისხლში გლუკოზის რაოდენობა, ვიდრე ტრადიციულ თითის ჩხირებს.

შედეგად, მონაცემთა ანალიზმა მკვლევარებს საშუალება მისცა, შეექმნათ მოდელები, რომლებიც უკეთესად იწინასწარმეტყველებენ საჭმლისა და ინსულინის გავლენას გლუკოზის დონეზე, რაც სისხლში შაქრის დონის უკეთ კონტროლს გახდის შესაძლებელს.

გარდა ამისა, მკვლევრების აზრით, ხელოვნური ინტელექტი დიაბეტის მქონე პაციენტების მოვლას ამარტივებს. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით მობილურმა ჯანდაცვის ინსტრუმენტებმა აჩვენეს დიდი წინსვლა დიაბეტის მენეჯმენტში, რის შედეგადაც, შემცირდა პირადი შეხვედრები პაციენტსა და პროვაიდერს შორის.

ხელოვნური ინტელექტი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიაბეტის პროფილაქტიკაში. მარშალის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მენეჯმენტის წარმატება დამოკიდებულია პროვაიდერის უნარზე, დაადგინოს მაღალი რისკის მქონე პაციენტები.

მონაცემების ანალიტიკითა და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, პრაქტიკოსებს შეუძლიათ დაავადების გამაფრთხილებელი ნიშნები დაუყონებლივ ამოიცნონ, რაც მკურნალობის სწრაფ შემობრუნებასა და ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა. პროვაიდერებს შეუძლიათ ტიპი 2 დიაბეტის ადრეული ნიშნების იდენტიფიცირება რისკის პროგნოზირების მოდელების გამოყენებით.

დაბოლოს, რამდენადაც ხელოვნური ინტელექტი აგრძელებს ზრდას ჯანდაცვის სფეროში, უფრო მეტი პროვაიდერი გამოიყენებს ტექნოლოგიას ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ და ექიმებისთვის დატვირთვის შესამსუბუქებლად.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post