fbpx

რატომ და როგორ ვისწავლოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში – ანა-ლორი ლე კუნფი

ლე კუნფი

რატომ და როგორ ვისწავლოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში – ანა-ლორი ლე კუნფი

არც ისე დიდი ხნის წინ, თქვენს კარიერას შესაძლოა, შემდეგი სახე ჰქონოდა – ტრადიციულ ინსტიტუციაში სწავლა; ისეთი სამუშაოს მოძებნა, რომელიც პროფილს შეესაბამება და ამავე კომპანიაში ცოდნის გაფართოება. შეიძლება, სხვა კომპანიაშიც გადასულიყავით, თუმცა, თქვენი სამუშაო ადგილების რაოდენობა, სამზე მეტი, ალბათ, არ იქნებოდა. დღეს კი, ყველაფერი სხვაგვარადაა – ერთ თაობაში სამსახურში თანამდებობაზე ყოფნის საშუალო ვადა 10 წლიდან 3 წელზე ნაკლებამდე ჩამოვიდა, – ამბობს Ness Labs-ის დამფუძნებელი ანა-ლორი ლე კუნფი და გვთავაზობს აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებს, რომელთა თანახმადაც, 60-იდან 64 წლამდე ასაკის მომუშავე ადამიანების 54% მათ 2020 წლის იანვარის მდგომარეობით არსებულ დამსაქმებელთან მინიმუმ 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, ხოლო 30-იდან 35 წლამდე ადამიანებს შორის ეს მაჩვენებელი 10% იყო.

 

როგორც ჩანს, ახალგაზრდა დასაქმებულებში სამსახურის ხშირად გამოცვლის ტენდენცია რეალურია. ახალი სამუშაოს დასაწყებად და სწრაფად განვითარებად გარემოსთან ადაპტაციისთვის კი ყველაზე აუცილებელი რამ რაც შეიძლება დიდხანს და მეტის სწავლაა. სწორედ ამიტომ, ლე კუნფი გვიზიარებს რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ უფრო ეფექტურად და როგორ გავხადოთ ეს პროცესი სასიამოვნო.

მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის სარგებელი

ანა-ლორის თქმით, მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლა არაერთ ეკონომიკურ სარგებელს გვთავაზობს. პირველი მათგანი მუდმივად ცვალებად ბაზარზე ადაპტირებაა – ,,დღესდღეობით, მარკეტერებისგან მოელიან, რომ მათ no-code ინსტრუმენტების გამოყენება უნდა შეეძლოთ; პროდუქტის მენეჯერებმა UX უნდა იცოდნენ; ხოლო მეწარმეებმა – ცოტა რამ ყველაფრის შესახებ… აპლიკაციის შემქმნელი, SEO სპეციალისტი, პოდკასტის პროდიუსერი – ეს ყველა სამუშაო არც ისე დიდი ხნის წინ არ არსებობდა’’, – ამბობს ლე კუნფი და დასძენს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლა ნიშნავს, რომ ბაზრის ცვლილებასთან (იქნება ეს, სამუშაოს ნაკლებად საჭიროდ ქცევა თუ მისი სახეცვლილება) ადაპტირებას შევძლებთ.

მეორე სარგებელი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა – ,,სხვადასხვა სფეროში მეტი ცოდნის მიღებით, [ბაზარზე არსებული] საჭიროების აღმოჩენის შანსს ვზრდით. ცოდნა ნამდვილი ძალაა, როდესაც საქმე ახალი იდეების გამომუშავებას ეხება’’, – აღნიშნავს ანა-ლორი. მისი თქმით, როცა სტარტაპის დამფუძნებლები ბაზრის, მომხმარებლებისა და ტექნოლოგიური მიმართულების შეზღუდვების შესახებ ცოდნის გარეშე პროდუქტის შექმნას ცდილობენ, საქმე კარგად იშვიათად სრულდება.

რაც შეეხება მესამე სარგებელს, ლე კუნფი ამბობს, რომ ეს სხვადასხვა კარიერული გზის გამოკვლევის შესაძლებლობაა – ,,ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთელი კარიერის განმავლობაში ერთ სამსახურში დარჩებით. ხოლო იმის ნაცვლად, რომ ერთი და იმავე სამუშაოს შესასრულებლად უბრალოდ კომპანიები ცვალოთ, რატომ არ ცდით რაიმე ახალს?’’.

ამის გარდა, ანა-ლორი აღნიშნავს, რომ უწყვეტი სწავლა პოტენციური დამსაქმებლებისთვის უფრო მიმზიდველს გვხდის – ,,დიზაინერები, რომლებსაც კოდირება შეუძლიათ; მარკეტერები, რომელთაც ფსიქოლოგიის შესახებ აქვთ ცოდნა და კონტენტის შემქმნელები, რომლებმაც პროექტის მენეჯმენტის შესახებ იციან, თავიანთ მიზნებს უფრო დიდი ალბათობით მიაღწევენ’’

სწავლისადმი გაფართოებული მიდგომა

ლე კუნფის თქმით, ადრე მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლაში იგულისხმებოდა პროფესიული განვითარების პროგრამები, რომელთაც კორპორაციული სასწავლო ცენტრები გვთავაზობენ და ასევე განათლების უნივერსიტეტში მიღება. თუმცა, ამჟამად, სწავლების პროცესი ზრდასრულთა ტრადიციული ფორმალური განათლების ჩარჩოებს სცილდება. ანა-ლორი აღნიშნავს, რომ ამის დასტური თუნდაც ონლაინსივრცეში ხელმისაწვდომი ონლაინკურსებია – ერთ-ერთი ყველაზე აშკარა მიმართულება, რომელიც გამოხატავს, თუ როგორ შეიცვალა სწავლება გასულ წლებში ონლაინკურსების აქტიური გავრცელებაა, იქნება ეს დამოუკიდებელი მასწავლებლებისა თუ დაწესებულებების მიერ შემოთავაზებული. ჰარვარდი, იელი, სტენფორდი და ოქსფორდი ონლაინკურსებს გვთავაზობენ, Udemy-ზე კი 50 000-ზე მეტი ინსტრუქტორი ასწავლის. გავიდა ის პერიოდი, როდესაც უწყვეტ სწავლაზე ხელმისაწვდომობისთვის ბიბლიოთეკის ბარათი ან ბევრი ფული გვჭირდებოდა, – ამბობს იგი.

ამის გარდა, ნელ-ნელა განვითარდა ახალი მიმართულება, თვითგანათლება – ,,იმის ნაცვლად, რომ წინასწარ შედგენილ სასწავლო გეგმას დაეყრდნოს, ბევრი ზრდასრული საკუთარი პერსონალური სასწავლო გარემოს შექმნას არჩევს… [ადამიანები] ქმნიან მორგებულ სივრცეს იმ ინსტრუმენტებითა და მასალებით, რომლებიც მათ სწავლის გამოცდილების ოპტიმიზაციისთვის სჭირდებათ’’.

პროდუქტიულობა – სემ ალტმანი

პროდუქტიული

ვფიქრობ, რომ საშუალოზე ოდნავ პროდუქტიული ვარ და სწორედ ამიტომ, ხანდახან ხალხი პროდუქტიულობის შესახებ რჩევებს მთხოვს. ამიტომაც გადავწყვიტე, ეს რჩევები ერთად ჩამომეწერა.

როგორ ვისწავლოთ ეფექტურად  

ლე კუნფი უწყვეტი სწავლის ჩვევის გამოსამუშავებლად საჭირო რამდენიმე ნაბიჯს გვიზიარებს:

მიმდინარე სასწავლო მიზნის დადგენა – ანა-ლორის თქმით, სჯობს, რომ ჩვენი ყურადღება ერთდროულად ერთი ან ორი მიზნისკენ იყოს მიმართული. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ სტუდენტები არ ვართ და ცხოვრებაში სხვა ვალდებულებებიც გვაკისრია. ამასთანავე ის აღნიშნავს, რომ ამბიციური მიზნების დასახვის არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ჩვენ სწავლის და არა რაიმე წარმოსახვით ფინიშამდე მისვლის ვალდებულებას ვიღებთ.

სასწავლო შეზღუდვების დადგენა,,მას შემდეგ რაც სასწავლო მიზანს დაადგენთ, გარკვეული კვლევის ჩატარება შეგიძლიათ… შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ თქვენი სასწავლო საკითხი საკმაოდ ნიშუია და მას მხოლოდ ერთი ონლაინ კურსი მოიცავს. შეიძლება, ეს პოპულარული თემა იყოს და არჩევანის უამრავი ვარიანტი გქონდეთ. რა არის თქვენი ბიუჯეტი? რა დროის დათმობა შეგიძლიათ? ეს ველაფერი არის სასწავლო შეზღუდვები, რომლებიც განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ სასწავლო გარემოს შეიქმნით’’.

პირადი სასწავლო გარემოს შექმნა – მას შემდეგ, რაც მიზნებს დავისახავთ და შესაძლო სასწავლო შეზღუდვებსაც განვიხილავთ, დროა სწავლის დაწყების ვალდებულებაც ავიღოთ – ,,აირჩიეთ კურსი, წიგნი, რეპეტიტორი ან ნებისმიერი სხვა გზა თქვენი სასწავლო მიზნის მისაღწევად. ასევე, თქვენი საჭიროებებისა და გამოწვევების მიხედვით, შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიანტი შეაჯეროთ. აირჩიეთ ინსტრუმენტები, რომლებსაც გამოიყენებთ, როგორიცაა მაგალითად ჩანაწერების გასაკეთებელი აპლიკაცია ან ტაბლეტი’’.

პროცესის სასიამოვნოდ ქცევა,,არ დაგავიწყდეთ გართობა! იქიდან გამომდინარე, რომ ფიქსირებული სასწავლო გეგმა არ გაქვთ, შეგიძლიათ, ერთმანეთში სხვადასხვა საშუალებები აურიოთ, რათა ის [პროცესი] საინტერესო იყოს. შეიძლება, სხვებთან ერთად სწავლა უფრო მეტი მოტივაციის მომცემი იყოს. განიხილეთ სასწავლო ჯგუფები ან მეგობართან ერთად სწავლა’’, – ამბობს ლე კუნფი და დასძენს, რომ თუ სასწავლო თემა ჩვენთვის საინტერესო და შესაფერისი არ აღმოჩნდება, მისი მიტოვება სრულიად ნორმალურია; მთავარია, მიზნები ყოველკვირეულად არ ვცვალოთ.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post