fbpx

რატომ უნდა მიიღონ სტარტაპებმა აქსელერატორში მონაწილეობა?

აქსელერატორში

რატომ უნდა მიიღონ სტარტაპებმა აქსელერატორში მონაწილეობა?

სტარტაპის მართვა გამოწვევებითაა სავსე და მისი განვითარების პირველ საფეხურებზე განსაკუთრებით რთულია სწრაფი ზრდისთვის საჭირო რესურსების მოძიება. სპეციფიკური უნარების გამომუშავება, ცოდნის მიღება, პროფესიონალების რჩევები, ინვესტიციის მოზიდვა, სტრატეგიული კავშირების დამყარება – ეს იმ სარგებელთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სტარტაპერებს წარმატების მიღწევის გზაზე სჭირდებათ და რომელთა მიღებაც სწორედ აქსელერატორში მონაწილეობის შემთხვევაში შეუძლიათ.

 

აქსელერაციის პროგრამა ყველა სტარტაპისთვის შესაფერისი არ არის (და ამის გათვალისწინება აუცილებელია). თუმცა, ის სტარტაპები, რომელთათვისაც არსებული შეთავაზებები მისაღებია, აქსელერატორისგან დიდ სარგებელსა და უპირატესობას იღებენ.

და მაინც, აქსელერატორში მონაწილეობა, არმონაწილეობა… დამფუძნებლების უმრავლესობისთვის საკითხავი, აი, ეს არის. სწორედ ამიტომ, მოდით განვიხილოთ ის მიზეზები, რომელთა გამოც ნამდვილად ღირს პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

დისციპლინა

დამფუძნებლებს აქვთ პროდუქტი, პროტოტიპი ან დამაჯერებელი იდეა, თუმცა, სჭირდებათ დამატებითი მხარდაჭერა იმისთვის, რომ პროცესი შემდგომ საფეხურზე აიყვანონ. ამაში მათ სწორედ აქსელერატორები ეხმარებიან, რომლებიც პროდუქტის განვითარებისა და მეტრიკების ირგვლივ დანერგილი სტრუქტურით სტარტაპის სწრაფად განვითარებას უზრუნველყოფენ. ამასთანავე, აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობისას, გუნდებს გარკვეული დისციპლინა უყალიბდებათ და მათი ყურადღება მხოლოდ სტარტაპის ზრდისკენაა მიმართული.

სასარგებლო აქტივობები

აქსელერაციის პროგრამა, შესაძლოა, დიდ პერიოდს არ მოიცავდეს, თუმცა, მასში მონაწილეობის რამდენიმე თვე სტარტაპისა და დამფუძნებლების განვითარებისთვის საჭირო მრავალი აქტივობით არის დატვირთული. აქსელერატორები გუნდებს ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტების შექმნაში ეხმარებიან, როგორებიცაა ბიზნესგეგმა, ხუთწლიანი ფინანსური პროგნოზი, გაყიდვებისა და მარკეტინგის სტრატეგია. ამის გარდა, მათ აქვთ მენტორებთან შეხვედრები, უკუკავშირის სესიები, ასევე, კავშირების დამყარებისა და სხვა სოციალური აქტივობების შესაძლებლობა.

ინვესტიციის მოზიდვის გამარტივება

შესაძლოა, სტარტაპმა პირველი ინვესტიცია თავად აქსელერატორისგან მოიპოვოს, რაც სხვა ინვესტორებისთვის ერთგვარი წამახალისებელი ქმედებაა. დაფინანსების მიღება დასტურია იმისა, რომ სტარტაპს პერსპექტივა აქვს და მასში ინვესტირება ღირს. თუმცა, თუ აქსელერატორი ინვესტიციებს არ გასცემს, მასში მონაწილეობაც საკმარისია იმისათვის, რომ ინვესტორები გუნდით დაინტერესდნენ – აქსელერაციის პროგრამის დასრულება და მისი ე.წ. ბეიჯის მიღება ერთგვარი მაჩვენებელია იმისა, რომ სტარტაპი კონკურენტებისგან გამორჩეულია და ნაკლებ რისკს შეიცავს.

ცოდნა

აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში სტარტაპები კავშირს ამყარებენ ისეთ ადამიანებთან, რომელთაც აღნიშნულ სფეროში დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვილი და თავიანთი ცოდნის გაზიარება შეუძლიათ. მენტორებისგან მიღებული რჩევები დამფუძნებლებს იმ მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებაში, ასევე სტრატეგიებისა და მიდგომების შემუშავებაში ეხმარება, რომლებიც სტარტაპის შემდგომი განვითარებისთვისა და წარმატებისთვის არის საჭირო.

თანამონაწილეები

დამფუძნებლები შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ გამოწვევების წინაშე მარტონი დგანან. თუმცა, როგორც კი აქსელერაციის პროგრამაში აღმოჩნდებიან, მიხვდებიან, რომ სხვა სტარტაპების გუნდებიც მათ მსგავს ვითარებაში არიან. ამგვარ კოლექტიურ გარემოში ყოფნა; დანახვა იმისა, რომ სხვებსაც აქვთ გარკვეული ეჭვები და იმავენაირი დაბრკოლებები ხვდებათ, დამფუძნებლებს გარკვეულ ძალასა და მოტივაციას აძლევს.

სტარტაპინკუბატორი და აქსელერატორი – მათ შორის განსხვავება

სტარტაპინკუბატორი

სტარტაპინკუბატორი და აქსელერატორი სტარტაპს პირველი ნაბიჯების გადადგმაში, დახვეწაში, გაზრდასა და მდგრად კომპანიად ჩამოყალიბებაში ეხმარება. ორივე მათგანი დამფუძნებლებს განვითარებისა და წარმატების მისაღწევად საჭირო მნიშვნელოვან რესურსებს, სწავლებას, კავშირებსა და მხარდაჭერას სთავაზობს.

ფართო სურათის დანახვა

დამწყები დამფუძნებლებისთვის შესაძლოა, რთული იყოს 6 თვის ან 1 წლის შემდგომ მომავალში გახედვა და იმის წარმოდგენა, თუ რა ეტაპზე იქნება სტარტაპი. თუმცა, წარმატების მისაღწევად, გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება აუცილებელია. ეს კი ერთ-ერთი საკითხია, რომელშიც მენტორები აქსელერაციის პროგრამის მონაწილეებს ეხმარებიან. ისინი უზრუნველყოფენ, რომ სტარტაპებმა შეამჩნიონ ის სირთულეები, რომლებიც დროთა განმავლობაში განვითარდება და შემდგომ გამოწვევებთან გასამკლავებლად სწორ მიმართულებას სთავაზობენ. ამის გარდა, მენტორები სვამენ ისეთ კითხვებს, რომლებიც დამფუძნებლებს უფრო ფართო სურათზე დააფიქრებენ; შემდგომ კი სტარტაპებს დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო ტაქტიკას უზიარებენ.

სხვებთან შედარება

სტარტაპის განვითარებისას, განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე, დამფუძნებლებისთვის შესაძლოა, რთული იყოს იმის დადგენა, საკმარისად სწრაფად იზრდება თუ არა კომპანია და რამდენად სწორი მიმართულებით მიდის ის პრობლემის გადაჭრის გზაზე. აქსელერატორში მონაწილეობისას კი გუნდებს აქვთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი განვითარების მსგავს საფეხურზე მყოფ სტარტაპებს შეადარონ და გარკვეული წარმოდგენა შეიქმნან იმის შესახებ, თუ რა უნდა გააუმჯობესონ და რომელ ნაწილში აჯობეს სხვებს. ამასთანავე აქსელერატორში არსებული ჯანსაღი კონკურენციაც აღსანიშნია – არცერთ სტარტაპს სურს, რომ დემო დღეზე სხვებთან შედარებით ცუდად წარდგეს, მონაწილეებს შორის ყველაზე ცოტა ინვესტორთან ჰქონდეს შეხვედრა და მომხმარებელთა ყველაზე ნაკლები რაოდენობის მოიზიდოს, ეს კი, მას მეტი მოტივაციას აძლევს, რომ მაქსიმალური შედეგი დადოს.

მომხმარებლებზე წვდომა

ბევრი სტარტაპისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ბაზარზე პოზიციების გამყარებაა. მომხმარებლების მოზიდვის შემდეგ, გაყიდვები შესაძლოა, სწრაფად გაიზარდოს, თუმცა, მთავარი გამოწვევა ისაა, თუ როგორ მოიპოვებს გუნდი მომხმარებლებს. აქსელერატორს კი სტარტაპის სწორედ ამ ნაწილში დახმარება შეუძლია – ის სტარტაპერებს საშუალებას აძლევს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირის დამყარონ; ამასთანავე, მათი პროდუქტის მომხმარებელი შესაძლოა, სულაც მათ ნაკადში მოხვედრილი სტარტაპი გახდეს.

დამატებითი სარგებელი

აქსელერატორები სტარტაპებს ხშირად დამატებით სარგებელსაც სთავაზობენ, იქნება ეს იურიდიულ და ბუღალტრულ დახმარებაზე თუ რაიმე პროგრამულ ინსტრუმენტებსა და სერვისებზე (Google Cloud Platform, Amazon Web Services, HubSpot და ა.შ.) უფასოდ ან შეღავათიან ფასად წვდომა.

აქსელერაციის შემდგომი მხარდაჭერა

პროგრამის რამდენიმე თვეში დასრულება იმას არ ნიშნავს, რომ აქსელერატორი სტარტაპის მხარდაჭერას წყვეტს. პირიქით, აქსელერატორები სტარტაპებთან გრძელვადიან ურთიერთობებსაც აყალიბებენ. გარდა ამისა, დამფუძნებლებს აქსელერაციის ყოფილი მონაწილეების ქსელზე წვდომა მუდამ ექნებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტარტაპის მართვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, – იქნება ეს თანამშრომლების აყვანის სტრატეგია, გაყიდვების პროცესების განახლება, ახალი საოფისე ფართის მოძიება, უკუკავშირის საჭიროება თუ სხვა, – შეეძლება დახმარებისა და რჩევების მიღება.


სტატია შექმნილია Founder Institute Georgia-სთან თანამშრომლობით.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post