პროგრამისტობიდან სტარტაპერობამდე – გიორგი ტუხაშვილის ამბავი
„ჩემი ჰობი არის ფიქრი ყველაფერზე“ – ასე იწყებს თხრობას ჩვენი ინტერვიუს მთავარი გმირი და იმ მრავალ საქმიანობაზე გვიყვება, რომელსაც ცხოვრების ამ ეტაპზე ერთდროულად ეჭიდება. თუმცა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი მთავარი მიზანი უკვე წლებია, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა და საამისოდ ძალებს ნამდვილად არ იშურებს. საუბარი გიორგი ტუხაშვილზე გვაქვს – ადამიანზე, რომლის სამუშაო გამოცდილება, ექსპერიმენტები, წარუმატებლობები და წარმატებები ბევრი ადამიანისთვის შეიძლება, გახდეს შთაგონების წყარო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გიორგისთან მისი ცხოვრების საინტერესო მომენტებზე გვესაუბრა და ძველი და ახალი ამბები ერთ სტატიაში გაგვეერთიანებინა.
– გვიამბე ბავშვობაზე – როგორი ბავშვი იყო გიორგი? რა იყო მისი ინტერესები, რა უყვარდა და რა არ უყვარდა?
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სპორტი და ფიზკულტურა. ყველას უკვირს, როცა ვეუბნები, რომ 5-ებზე ვსწავლობდი, ეს დიდწილად, ალბათ, ჩემი დიპლომატიური უნარ-ჩვევების შედეგია, რადგან მასწავლებლებს ყოველთვის ისეთ მოლოდინს ვუქმნიდი, თითქოს ყველაფერი ვიცოდი.
ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ჭკვიანი ვიყავი, მაგრამ ბავშვობიდანვე მაწუხებდა გარკვეული იდეები. მახსოვს, მეხუთე კლასში, როცა ჯერ კიდევ მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობდი, მინდოდა, რომ რობოტები შემექმნა და ჩემს ნაცნობებს ვეუბნებოდი ხოლმე, რომ მერხების და სკამების რკინის ფეხები შეეგროვებინათ ჩემთვის. სულ ვამბობდი, რომ მომდევნო კლასებში სკოლაში მე კი არა, ჩემი რობოტი ივლიდა.
– იყო თუ არა შენს ბავშვობაში ისეთი ადამიანი, რომელმაც შენს ინტერესის სფეროებზე გავლენა იქონია?
ბავშვობაში ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია მამაჩემმა – ტექნოლოგიების მოყვარული ადამიანი იყო და სარდაფში ფოტო-ფირების გასამჟღავნებელი დიდი სტუდია ჰქონდა მოწყობილი. ჰქონდა ასევე 8მმ-იანი კინო, ვიდეოკასეტები და ა.შ
მახსოვს, რუსულ ჟურნალებს მაკითხებდა ხოლმე ტექნოლოგიების მიმართულებით და ეს სფერო, ფაქტობრივად, მან შემაყვარა. ჯერ კიდევ პირველ კლასში, სანამ წერას ვისწავლიდი, ჩემი სახელის ბეჭდვა კომპიუტერზე უკვე ვიცოდი. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ თავიდანვე ვიცოდი, პროგრამირება მინდოდა.
– ალბათ, სწორედ პროგრამირება აირჩიე უნივერსიტეტში ჩაბარების პერიოდშიც..
დიახ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამირებაზე ჩავაბარე და მაღლივში ვისწავლე. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგ გარემოში მოვხვდი – სწორედ ეს დამეხმარა სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარებაში საერთო ინტერესების მქონე ხალხთან ერთად.
მართალია, იმ პერიოდში პროგრამებს დაფაზე ვწერდით, თუმცა, ძალიან კარგი პროცესი იყო ეს. პროგრამირება რა არის – დიდი, რთული ამოცანის მარტივ ნაწილებად დაშლა. და ჩვენც ჯერ ტვინში ვწერდით ამ პროგრამებს, შემდეგ კი მათ რეალურ ბრძანებებად გარდავქმნიდით. სწორედ ამის გამო, ჩემი ტვინის ოპერატიული მეხსიერება დღემდე ძალიან არის გაფართოებული.
– გიორგი, როგორი იყო შენი პირველი და მომდევნო სამუშაო გამოცდილებები?
8 წლის განმავლობაში ვიყავი პროგრამისტი. მუშაობა მესამე კურსიდან დავიწყე საათეკში, სადაც სტაჟიორი ვიყავი. ერთი წელი ვიმუშავე აქ და გამოცდების გამო შემდეგ შესვენება გადავწყვიტე. თუმცა, იმ პირობით წამოვედი, რომ უკან ისევ დავბრუნდებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემმა მეგობარმა იმ პერიოდში მითხრა, რომ თიბისიში დეველოპერი სჭირდებოდათ და მოხდა ისე, რომ ძალიან მოვეწონე გასაუბრებაზე და მუშაობა აქ დავიწყე. დაახლოებით 2-3 წელი ვიმუშავე თიბისიში და შემდეგ USAID-ის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ პროგრამაში მთავარ პროგრამისტად გადავედი. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე აქ, მით უფრო, რომ ჯანდაცვის სფეროში მიწევდა მუშაობა.
– როგორც ვიცით, ამავე პერიოდში, საკუთარი სტარტაპის კეთებაც დაიწყე..
დიახ, ამასობაში ნელ-ნელა რამდენიმე ადამიანთან ერთად სტარტაპზე მუშაობა დავიწყე – ეს იყო Single Page Website Muller, რომელსაც მომხმარებლებისთვის საიტების კარგი დიზაინები უნდა შეეთავაზებინა. ამ პერიოდში ვისწავლე ერთი ასეთი გაკვეთილი, რომ: „Being early is same as being wrong“. მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე პროდუქტი იყო, რომელსაც კონკურენტები მაშინ არ ჰყავდა. თუმცა, წარუმატებლად დასრულდა ეს პროექტი, რადგან მოლოდინებში ვიყავით აცდენილები – გვეგონა, იმ დროისთვის არსებული ცუდი და არაესთეტიკური საიტები ჩვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტით ჩანაცვლდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ხალხს არ აინტერესებდა მაშინ თავიანთი საიტები. ფაქტობრივად, არასწორ ბაზარზე შევედით. თუმცა, არც ის ვიცი, დასავლურ ბაზარზე თუ გავამართლებდით, რადგან კარგი პროგრამისტობა არ ნიშნავს, რომ ბიზნესმენიც კარგი იქნები.
ამასობაში ჩემმა ერთმა მეგობარმა ისევ მითხრა, რომ თიბისიში საინტერესო, არქიტექტურის გაუმჯობესების პროექტი იწყებოდა და მივიღე გადაწყვეტილება, გადავსულიყავი. ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვაკეთე აქ ყოფნის განმავლობაში და უდიდესი გამოცდილება მივიღე ტექნიკური თვალსაზრისით.
– თიბისის შემდეგ იყო კიდევ ერთი, უფრო მასშტაბური სტარტაპიც – გიორგი, გვიამბე მასზე..
პრაქტიკულად ამით დასრულდა ჩემი რვაწლიანი მოღვაწეობა პროგრამირებაში, რასაც მალევე მოჰყვა ჩემი მორიგი სტარტაპის შექმნაც. მას ერქვა One Click, რომელიც ბანკის თანამშრომლებთან ერთად დავაარსე. თავდაპირველად გვსურდა, რომ ფინტექ სტარტაპი შეგვექმნა, მაგრამ ვიცოდით, იმ დროში ამაზე არავინ გამოგვყვებოდა და ამიტომაც, პირველ ეტაპზე ონლაინ სესხებზე ვორიენტირდით. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგად წავიდა საქმე – ძალიან დიდი ინვესტიცია მოვიპოვეთ ერთ-ერთი მიკროსაფინანსო კომპანიისგან და უფრო მეტსაც ველოდებოდით მომავალში. დავიწყეთ აქტიური მუშაობა, გავმართეთ სერვერი და როცა უკვე ჩავუშვით ჩვენი პროდუქტი და ჩვენმა საქმეებმა კარგად დაიწყო განვითარება, სწორედ მაშინ ეროვნულმა ბანკმა რეგულაციების შემოღება გადაწყვიტა. მათ შორის იყო ერთ-ერთი ასეთი რეგულაცია, რომელიც შპს-ებს მიკროსაფინანსოებად გადაკეთებას ავალდებულებდა. ამან მნიშვნელოვნად გაართულა ჩვენი ბიზნესის მდგომარეობა. არადა, ამ პერიოდში უკვე ყაზახეთში გასვლასაც ვგეგმავდით. ჩვენს ინვესტორებსაც ნელ-ნელა აღარ მოუნდათ რისკზე წასვლა და ცოტა ხანში ჩვენი გუნდი დაიშალა.
თუმცა, მალევე, თიბისიმ შემოგვთავაზა ამ პროექტის მისი სახელქვეშ განვითარება და ამით თითქოს შანსი მომეცა, საქმე დამესრულებინა. ასეც მოვიქეცი და ძველი გუნდის ნაწილთან ერთად, ერთ წელიწადში პროდუქტის იმ დონეზე განვითარება შევძელი, რომ ამ ერთი წლის შემდეგ უკვე 80 მილიონიანი პორტფელი გვქონდა.
– როგორ დაიწყო შენი და ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მეგობრობა?
თიბისისთან ერთად, ნელ-ნელა უკვე დავიწყე სტარტაპ ეკოსისტემაში ჩართვაც. მახსოვს, 2015 წელს Coursera-ზე ერთი ასეთი კურსი დავამთავრე: „სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება განვითარებად ქვეყნებში“ და ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ქართული ეკოსისტემის განვითარებაზე მეზრუნა. დავიწყე ჯიტასთან და ამერიკის საელჩოსთან აქტიური კომუნიკაცია და ნელ-ნელა უკვე Startup Grind-ზეც მოვხვდი.
2019 წლის დასაწყისში მე და კოლინ დონოჰიუ წავედით ამერიკაში, დავესწარით Startup Grind-ის ღონისძიებას და სწორედ ამ პერიოდიდან დავიწყეთ Startup Grind Tbilisi-ს განვითარება.
– როგორ ფიქრობ, რა სარგებელი მოუტანა ქართულ ეკოსისტემას გრაინდმა ამ წლების განმავლობაში?
შეიძლება ითქვას, რომ თავიდან ძალიან სასარგებლო იყო გრაინდი და მნიშვნელოვნად ეხმარებოდა სტარტაპერებს. ადრე ამ ეკოსისტემაში არავინ არავის არ იცნობდა, დღესდღეობით კი პირიქით – ყველა ყველას იცნობს და ყველას უხარია ერთმანეთის წარმატება. ვფიქრობ, დიდწილად, ეს სწორედ გრაინდის დამსახურებაა.
საკმაოდ მასშტაბური კონფერენცია ჩავატარეთ 2019 წელს საქართველოში და პანდემიის პირობებშიც, 2020 წელს შევძელით, რომ დისტანციურად გაგვეგრძელებინა ეს საქმე. 2021-ში თითქოს უკვე მუხტი დაკარგა გრაინდმა, მაგრამ ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კვალდაკვალ, ვფიქრობთ, რომ გრაინდიც უნდა შეიცვალოს. ახლა უკვე არამხოლოდ დისკუსიებსა და კონფერენციებს ვატარებთ, არამედ სტარტაპებს ცალკეულადაც ვეხმარებით.
– ამასობაში შენს კარიერულ გზაზე გამოჩნდა Kernel-იც – გვიამბე მასზე..
გამომდინარე იქიდან, რომ მე მუდმივად რამდენიმე ფლანგზე ვიბრძვი და სულ რაღაცას ვაკეთებ, მოხდა ერთხელაც ისე, რომ კერნელს რაღაც საკითხებში დახმარება დასჭირდა. გადავწყვიტეთ, პირველ ეტაპზე part-time ვყოფილიყავი ჩართული, თუმცა, ნელ-ნელა გუნდი ძალიან მომეწონა, პროგრესი და პერსპექტივებიც დავინახე ამასობაში და 2021 წლის ოქტომბერში სრულ განაკვეთზე შევუერთდი კერნელს, ხოლო წელს კი მისი თანადამფუძნებელიც გავხდი.
– გამოდის, რომ კერნელი დღეს შენი მთავარი საქმიანობაა ხომ?
დიახ, სწორედ ასეა – ყველაზე დიდ დროს კერნელს ვუთმობ დღესდღეობით.
ქართული სტარტაპები: Kernel
მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპი Kernel 2019 წლის ბოლოს ბექა დალაქიშვილმა და მიხეილ ზღულაძემ დააფუძნეს. საინტერესოა, რომ ეს მათთვის პირველი თანამშრომლობა არ ყოფილა – წინა წარუმატებელი სტარტაპიდან მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით ისინი ხელმეორედ გაერთიანდნენ და საბოლოოდ საერთაშორისო კომპანიის ჩამოყალიბებაც შეძლეს.
– გიორგი, საინტერესო იქნება, შენგან იმის მოსმენა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული სტარტაპ ეკოსისტემა..
საკმაოდ ბევრი გამოწვევაა დღეს ამ ეკოსისტემაში. თუმცა, პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არასაკმარისად ამბიციურად ვიყურებით – პატარა კვერცხის ნაჭუჭში ვართ თითქოს ჩაკეტილი და პატარა წარმატებები გვიხარია. არ გვაქვს იმის შეგრძნება, რომ მეტი შეგვიძლია და არც ინვესტორული ხედვა გაგვაჩნია. ასევე, არც ერთმანეთის დახმარებაში ვართ პროაქტიულები და ხშირად, ვერც ვიგებთ ხოლმე, რა უნდა მოვითხოვოთ და ვისგან.
– თუმცა, ალბათ, დაგვეთანხმები, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა ქართული ეკოსისტემა..
ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა ის, რომ სტარტაპები გახდა რეალობა. სტარტაპის აღქმა შეიცვალა და დამკვიდრდა. ნელ-ნელა ინვესტორებიც დაინტერესდნენ და მიხვდნენ, რომ შეიძლება ძალიანაც კარგი პოტენციალი ჰქონდეთ ამ სტარტაპებს სამომავლოდ. სტარტაპ რუკაზე გამოვჩნდით, თუმცა, გასავლელი გზა ჯერ კიდევ დიდია.
– და ბოლოს, გიორგი, ტრადიციულად, დაგვიტოვე რჩევები, რომლებსაც სტარტაპებს მისცემდი..
ბუდიზმს ეგეთი ფილოსოფია აქვს: ჩვენს ტანჯვას ჩვენი სურვილები იწვევს.
თუ რაიმე აღარ გინდა, აღარც დაიტანჯები. თუმცა, მე ასეთ ფორმას მივცემდი ამ აზრს – რაღაც ისეთი რომ გინდოდეს, რაც მუდმივად შენთან იქნება, არც მაშინ იქნები უბედური. მაგალითად, თუ ფული გინდა, უბედური იქნები, რადგან ფული არასდროს გეყოფა. მაგრამ თუკი ფულის კეთების პროცესი გსიამოვნებს – ამის კეთება ნებისმიერ წამსაა შესაძლებელი. თუ გიყვარს ცოდნა, მაშინაც უბედური იქნები, არც ეს გეყოფა ოდესმე. თუმცა, შემეცნების პროცესი სულ თან შეგიძლია ატარო და გქონდეს.
სინამდვილეში, ეს პროცესი ვარჯიშადაც შეგვიძლია ვაქციოთ. მაგალითად, როცა რაიმე პროდუქტს/სერვისს ყიდულობთ, დაუტოვეთ უკუკავშირი კომპანიას/ბრენდს – რატომ მიხვედით, რატომ იყიდეთ, რა მოლოდინი გქონდათ, როგორ გაგიმართლდათ ეს მოლოდინი და ა.შ გაუკეთეთ ეს სხვებს და სხვებიც გაგიკეთებენ ამას. გამოდის, რომ ვარჯიშის პროცესი მუდმივი შეიძლება, იყოს და ამიტომაც, სტარტაპერმა სულ უნდა ივარჯიშოს იმისთვის, რომ გახდეს უკეთესი ბიზნესმენი, უკეთესი კოლეგა და ა.შ
აუცილებლად ვიყოთ ამბიციურები.
თუკი ვფიქრობთ, რომ 100 კგ-ს აწევა გვჭირდება, მაქსიმუმ 110 კილოგრამის აწევას შევძლებთ, მაგრამ თუკი ვიფიქრებთ, რომ 1000 კგ-ს აწევა გვჭირდება, 110-ზე მეტსაც შევძლებთ. ხშირად ჩვენ მხოლოდ ლოკალურად ვაზროვნებთ და გლობალური მაქსიმუმები გვავიწყდება. ამიტომ, საჭიროა, ამბიცია გავაფართოვოთ და უფრო გლობალურად ვიაზროვნოთ.
გრძელვადიანი თამაში ვითამაშოთ ყოველთვის.ახლა რასაც აკეთებ, რა შეგიძლია, ისწავლო ამ საქმესთან მიმართებით ისეთი, რის გამოყენებასაც მომავალში შეძლებ? რატომღაც ეს გრძელვადიანი ხედვა არ გვაქვს და ყველა დღევანდელ დღეზე ვორიენტირდებით მხოლოდ; ამიტომაც, ხშირად უნდა ვიფიქროთ ხოლმე, რა ინვესტიციის ჩადება შეგვიძლია დღეს იმისთვის, რომ ხვალ უკეთესი გარემო შეიქმნას ჩვენთვისაც და სხვებისთვისაც.