fbpx

ქართული სტარტაპები: Cyber Lawyer

cyber

ქართული სტარტაპები: Cyber Lawyer

Cyber Lawyer – ასე ჰქვია ციფრულ იურიდიულ პროდუქტს, რომელიც ლევან გორელაშვილმა და რომან გორგოშიძემ დაარსეს. ციფრული იურისტის მისია იურიდიული დოკუმენტების ციფრულად მომზადება და ამ პროცესში ადამიანი იურისტის ჩართულობის საჭიროების შემცირებაა.

როგორ გაჩნდა Cyber Lawyer-ის შექმნის იდეა, რა ეტაპზეა დღეს სტარტაპი და როგორი სამომავლო გეგმები აქვთ დამფუძნებლებს? ამ თემებზე სტარტაპის თანადამფუძნებელს, ლევან გორელაშვილს გავესაუბრეთ:

იდეა

2008 წლიდან სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ვსაქმიანობ, რაც სხვა საქმეებთან ერთად იურიდიული დოკუმენტების მომზადებასაც მოიცავს. რაღაც ეტაპზე გავაანალიზე, რომ დოკუმენტების მომზადების ძალიან დიდი ნაწილი არის ერთგვაროვანი. ეს დოკუმენტები ადრე უკვე გამიკეთებია და მაინც ხელმეორედ მიწევს კეთება. ამან გააჩინა იდეა, რომ შემექმნა იურიდიული ჩანაწერების „ბანკი“, სადაც თავს მოიყრიდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ჩანაწერები („პუნქტები“), რომელსაც ყოველ ჯერზე თავიდან კი არ დავწერდი, არამედ ჩემ მიერ უკვე შექმნილ ჩანაწერს მივაგნებდი მარტივად და მას კონკრეტული დოკუმენტის მომზადებისას გამოვიყენებდი. როგორც ლეგო იწყობა პატარ-პატარა დეტალებისგან, დაახლოებით ასე პუნქტ-პუნქტ აიწყობოდა კონტრაქტიც. თავიდან გათვლა გვქონდა, რომ პროდუქტი იურისტებისთვის განკუთვნილი უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ, პროცესი იმდენად გამარტივდა, რომ სამიზნე აუდიტორია გავაფართოვეთ. შედეგად, პროდუქტი იმ არაიურისტი ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადეთ, რომლებსაც სურთ, თავად მოამზადონ იურიდიული დოკუმენტი იურისტის დაქირავების გარეშე – თუმცა, კი სრულყოფილად და კვალიფიციურად. ასე შეიქმნა ციფრული, ანუ კიბერ იურისტი, რომლის მიზანია, გააციფრულოს იურიდიული დოკუმენტების მომზადების პროცესი და მინიმუმამდე დაიყვანოს ამ პროცესში ადამიანი იურისტის ჩართულობის საჭიროება.

პრობლემა

პრობლემა, რომელსაც კიბერ იურისტი ჭრის, იურიდიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობაა. ხშირად ადამიანები ან კომპანიები სამართლებრივი ტრანზაქციის შესრულებისას (ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება-მომსახურება ან სხვა) სიძვირის ან სათანადო იურისტის მოუძიებლობის მოტივით, არ ან ვერ მიმართავენ იურისტს. ასეთ დროს ისინი მეორე მხარესთან ზეპირსიტყვიერად თანხმდებიან ან უკეთეს შემთხვევაში, მიმოწერით, მაგრამ ასეთი შეთანხმებები, უმეტეს შემთხვევაში, არასრულყოფილია და სასამართლოში პოზიციების ჯეროვნად დაცვას ართულებს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლებისთვის იურიდიული სერვისები იაფი და მარტივად ხელმისაწვდომი გახდება, ბუნებრივია, მისით უფრო მეტი ადამიანი შეძლებს სარგებლობას, რაც, ერთი მხრივ, უფრო მეტ სამართლებრივ დაცულობას შექმნის, ხოლო, მეორე მხრივ, სერვისის გაციფრულება და გაიაფება მომხმარებელს მომსახურების მიღების პროცესს გაუმარტივებს.

პროდუქტი/მომსახურება

კიბერ იურისტის საბოლოო მიზანია ვებ-გვერდის შექმნა, სადაც მომხმარებელი შეძლებს შესვლას, მისთვის სასურველი დოკუმენტის არჩევას, მის მოსამზადებლად საჭირო კითხვებზე პასუხის გაცემას და საფასურის გადახდის შემდეგ მისთვის ციფრულად მომზადებული იურიდიული დოკუმენტის მიღებას.

გუნდი და დამფუძნებლები

კიბერ იურისტის სტარტაპი ორი დამფუძნებლით (იურისტი და აიტი დეველოპერი) და აუთსორს თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. პლატფორმის შემქმნაში მონაწილეობას იღებდა 10-მდე დეველოპერისაგან შემდგარი ჯგუფი, რომლებმაც სუპერ პროფესიონალურ დონეზე გაართვეს თავი ამ რთული, ციფრული სტრუქტურის შექმნას. დღეის მდგომარეობით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ პავლე მგელაძის მიერ დაფუძნებულ რე:ინვენთთან თანამშრომლობაზე, რაც ჩვენს სტარტაპს დაეხმარება, საბოლოოდ გაეშვას ბაზარზე და სწრაფი ზრდა აჩვენოს.

ბიზნესმოდელი

კიბერ იურისტს მარტივი ბიზნესმოდელი აქვს. მომხმარებელს შეეძლება, თანხა ერთი დოკუმენტის მომზადებაში გადაიხადოს, რომლის საფასური 10₾ იქნება, ან გამოიწეროს ვებ-გვერდი 1 თვით 30₾-ად, რის მერეც ულიმიტო რაოდენობის დოკუმენტის მომზადება შეეძლება თვის განმავლობაში; ხოლო თუ დამატებით მაინც დასჭირდა ადამიან იურისტთან კონსულტაცია, საიტიდან შეძლებს მასთან დაკავშირებას და კონსულტაციის ხანგრძლივობის მიხედვით გადაიხდის თანხას (ტარიფი 1წთ – 1₾).

კონკურენტები

კიბერ იურისტს პირდაპირი კონკურენტები არ ჰყავს, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ სხვა სტარტაპებიც ცდილობენ მსგავსი პროდუქტის შექმნას. დროის ამბავია, ადრე თუ გვიან ეს პროცესი ჩანაცვლდება და ადამიანების ნაცვლად, ციფრული პროდუქტები შეითავსებენ იურიდიული დოკუმენტის მომზადებას. არაპირდაპირი კონკურენტები არიან საიტები, რომლებიც დოკუმენტების ზოგად (არაინდივიდუალიზებულ) შაბლონებს სთავაზობენ მომხმარებლებს, სადაც შემდგომ მათ მექანიკურად უწევთ ცვლილების შეტანა. ასევე არაპირდაპირ კონკურენტებად უნდა იქნას მიჩნეული იურიდიული კომპანიები ან ფრილანსერი იურისტები, რომლებიც მომხმარებლებს იურიდიული დოკუმენტების მომზადების სერვისს სთავაზობენ.

ქართული სტარტაპები: Sprenty

Sprenty

,,სამეგობროსთვის კერძო მოედნის მოძებნა, შემდეგ სასურველი დროის დაჯავშნა და ბურთების, გადასაცმელებისა და სხვა აქსესუარების საკითხის ორგანიზება დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ინტერნეტსივცრეში კერძო ობიექტების უმეტესობა არც კი იძებნება’.’

პირველი ნაბიჯები

პირველად იყო TBC, რომელიც იდეაზე, ცარიელ პრეზენტაციაზე და გუნდზე გვენდო და 15’000 ლარიანი გრანტი მოგვცა. გრანტმა მეტი რწმენა გაგვიჩინა და პროტოტიპის შექმნაში დაგვეხმარა; თუმცა, სრული პროექტისათვის ეს თანხა არასაკმარისი იყო და ამავე ბანკიდან სესხის აღება დაგვჭირდა (რისთვისაც ჩემი ერთადერთი ბინა იპოთეკით დავტვირთე). შემდეგ იყო GITA-სგან დაფინანსების მიღების გაუთავებელი მცდელობები. 4-ჯერ მივიღეთ მონაწილეობა, ორჯერ ფინალში ვერ გადავედით, მესამედ გადავედით, მაგრამ დაფინანსება ვერ მივიღეთ, ხოლო მე-4 ცდაზე უკვე შევძელით ჟიურის დარწმუნება და 100’000₾-იანი გრანტის მოპოვება. გარდა ამისა, იყო არაერთი გათენებული ღამე დეველოპერებთან ერთად, სამუშაო შეხვედრები, ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტები და ა.შ. თუმცა, დღეს, როცა პლატფორმის გამართულად მუშაობის პირველ შედეგებს ვხედავთ, სასიამოვნოც კია ამის გახსენება.

სირთულეები

დღემდე განვლილ პერიოდში ყველაზე რთული მონაკვეთი ჩვენი იდეის ციფრულად „გადასათარგმნად“ სწორი გუნდის შეკვრა და მათთვის იდეის სრულყოფილად გადაცემა იყო, ასევე – ტექნოლოგიური სირთულეების გადაწყვეტის გზების მოძიება. ამ ყველაფერმა საბოლოოდ უნიკალურ გადაწყვეტებამდე მიგვიყვანა და დღეს შეგვიძლია, კიბერ იურისტს მომხმარებლისაგან მიღებული პასუხი დავაკავშირებინოთ ჩვენი ჩანაწერების ბანკში დაცულ კონკრეტულ პუნქტთან და ასეთი „matched“ პუნქტების გაერთიანებით შევქმნათ მომხმარებლისათვის ინდივიდუალურად მომზადებული იურიდიული დოკუმენტი, როგორც ამას ადამიანი იურისტი აკეთებს.

Cyber Lawyer დღეს

პლატფორმის მომზადება დასრულებულია. სატესტო ეტაპმა წარმატებით ჩაიარა და დავინახეთ, რომ პლატფორმა უშეცდომოდ აგენერირებს იურიდიულ დოკუმენტებს, წარმატებით ახერხებს კავშირის დადგენას მომხმარებლის პასუხსა და მის „ტვინში“ შენახულ იურიდიულ ჩანაწერს შორის. ახლა მიმდინარეობს დოკუმენტებზე იურისტების აქტიური მუშაობა და ვფიქრობთ, წლის ბოლომდე უნდა გაეშვას საიტი.

მთავარი გამოწვევა

მთავარი გამოწვევა არის ჩვენი იდეის გადაცემა იურისტებისათვის. უნდა ვაღიაროთ, რომ იურისტები ბუნებით კონსერვატიულები ვართ და სიახლის მიღება სხვა პროფესიებზე უფრო მეტად ჩვენთან ჭირს. რაც უფრო მეტი იურისტი გაიაზრებს პლატფორმის მუშაობის სტრუქტურას და ჩაერთვება ჩვენს პროექტში, მით უფრო მალე შევძლებთ საიტის გაშვებას.

სამომავლო გეგმები

იურიდიულ სფეროში ზოგადად ძალიან დიდი სივრცე არსებობს პროცესების გასაციფრულებლად, რადგანაც ეს პროფესია ხშირი სიახლეებით არ გამოირჩევა. ჩვენს საიტზე მოსამზადებელი დოკუმენტების სპექტრის გაზრდა ჩვენი უახლოესი გეგმაა, თუმცა, ასევე გვაქვს ხედვა სანოტარო სერვისების გასაციფრულებლადაც. ასევე, ჩვენს გეგმებში შედის პლატფორმის გაფართოება მეზობელ ქვეყნებში, რაც არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში გვესახება, რადგანაც მეზობელი ქვეყნების კანონმდებლობები მეტნაკლებად მსგავსია, რაც პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

ინდუსტრია

იურიდიული დოკუმენტების მომზადების პროცესის გაციფრულება აქტიური პროცესია გლობალურად. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს წარმატებული პრცედენტები მსოფლიოში (rocketlawyers.com, legalzoom.com), ასეთ პლატფორმებს ფეხი საკმარისად მოკიდებული მაინც არ აქვთ ჯერჯერობით, თუმცა ფაქტია, ვითარდებიან და ეს პროცესი შეუქცევადია.

რჩევა

მაქსიმალურად შეეცადეთ სტარტაპი თავად, ნელი ნაბიჯებით წაწიოთ წინ.

ინვესტორთან მხოლოდ მაშინ მიდით, როცა დაინახავთ, რომ საკუთარი რესურსი ამოწურეთ. ეს დრო ასევე დაგეხმარებათ, საკუთარი სტარტაპი უკეთ გაიაზროთ. უარი თქვით ისეთ ინვესტორზე, რომელიც მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. წარმატებული ურთიერთობისას ინვესტორი სტარტაპით აღფრთოვანებული უნდა იყოს, იდეურად უნდა იყოს კავშირში სტარტაპთან და არა მხოლოდ კომერციულად.

არ გაჩერდეთ! არ შეწყვიტოთ მოშაობა სანამ ამაყი არ გახდებით იმით, რაც გააკეთეთ.

როცა ოთახის კარები იხურება, შედით ფანჯრიდან. მცირედით, მაგრამ ყოველდღე წაწიეთ წინ თქვენი სტარტაპი. მოისმინეთ კრიტიკული აზრი თქვენს სტარტაპზე, მაგრამ არ გაჩერდეთ იმ ხალხთან, რომელიც არ აღფრთოვანდება თქვენი იდეით. არჩიეთ მცირედით დაწყება და ზრდა თანდათანობით, ვიდრე დაწყების გადადება იქამდე, სანამ დიდი არ გახდებით. GITA-ს საგარნტო კონკურსის ფარგლებში ერთ-ერთმა მენტორმა მითხრა: თუ შენი პროდუქტის პირველადი სახის არ გრცხვენია, ესეიგი დაწყება დააგვიანე. გადამეტებული ფიქრი ხანდახან ხელს უფრო გვიშლის, ვიდრე გვეხმარება, ასე რომ გადადით მოქმედებაზე მალე.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post