fbpx

Investo-ს დამფუძნებლის – დავით ჩიხლაძის სტარტაპ ისტორია

საინვესტიციო

Investo-ს დამფუძნებლის – დავით ჩიხლაძის სტარტაპ ისტორია

დავით ჩიხლაძე დღესდღეობით მის მიერვე დაფუძნებული კომპანიის Investo დამფუძნებელია, რომელიც ერთგვარად სტარტაპებზე ორიენტირებული საინვესტიციო მრჩეველია. დავითი ამ საქმიანობას 2016 წლიდან ჩაუდგა სათავეში, თუმცა კი, მისი კარიერული გზა უამრავ სხვადასხვა პროექტსა თუ კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას მოიცავს.

დავითს ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ ადამიანი, რომელიც თავის ბავშვობის ინტერესებსა და მისწრაფებებს მიჰყვა, აირჩია არც თუ ისე ტრადიციული სფერო და დღეს აკეთებს იმ საქმეს, რომელიც უყვარს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მასზე თქვენთვის უფრო ვრცლად მოგვეთხრო.

– როგორი იყო თქვენი ბავშვობა და ინტერესები?

ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი ფინანსებით – განსაკუთრებით კი Investment Banking-ით, რომლის შესახებაც უამრავ წიგნს ვკითხულობდი. მეცხრე კლასიდან უკვე ვიცოდი, რომ ჩემი კარიერა ინვესტიციებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

– იყო თუ არა ვინმე, ვინც ბავშვობაში თქვენზე გავლენა იქონია?

ძირითადად, ორმა ადამიანმა იქონია ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა: პირველი არის ირაკლი გილაური, რომელიც დღეს “საქართველოს კაპიტალის” დამფუძნებელია. მეცხრე კლასში რომ ვიყავი, სწორედ მაშინ მოხდა ვარდების რევოლუცია, რის შემდეგაც ირაკლი თავის ძმასთან, ნიკასთან ერთად დაინიშნა. ეს ადამიანი ჩემი სკოლელი იყო და ის, რომ ასე ახალგაზრდა ასაკში ჩემმა სკოლელმა ამხელა წარმატებას მიაღწია ფინანსების მიმართულებით, ჩემთვის ერთგვარი მოტივატორი გახდა. მეორე კი მიშა ლომთაძეა, კასპი ბანკის დამფუძნებელი, რომელიც თავიდანვე ძალიან წარმატებული ადამიანი იყო.

– სად ჩააბარეთ და როგორ გახსენდებათ განათლების მიღების პროცესი?

ჩავაბარე კავკასიის ბიზნეს სკოლაში, კორპორატიული ფინანსების მიმართულებით. განათლების პროცესი ძალიან კარგად მახსენდება, რადგან სწორედ იმ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, რომელზეც სულ მინდოდა სწავლა და თან – ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ უნივერსიტეტში. ჩემი კურსელების 80%, ვინც ჩემი ფაკულტეტი დაამთავრა, აუდიტის, ბუღალტერიის და ტრადიციული ფინანსების მიმართულებით დასაქმდა. ჩემმა ლექტორებმა კი მომცეს იმის საშუალება, უშუალოდ ინვესტიციებისა და კორპორატიული ფინანსების მიმართულებით ამეღო გეზი, რაც საქართველოში ასე იშვიათია.

– მაგისტრატურაზე თუ გააგრძელეთ სწავლა?

დავამთავრე მხოლოდ ბაკალავრი და მაგისტრატურაზე უკვე აღარ მიფიქრია, რადგან მაგისტრატურა დღეის მდგომარეობით ვერ მომცემს სხვა, განსაკუთრებულ ცოდნას ფინანსებში. გარდა ამისა, ჩემი კომპანია და საკუთარი პრაქტიკა ბევრად მეტს მასწავლის, ვიდრე მაგსიტრატურა მასწავლიდა.

– რა იყო თქვენი შემოსავლის პირველი წყარო?

ჩემი შემოსავლის პირველი წყარო იყო ერთ-ერთი დიდი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, სადაც აუდიტის თანაშემწის პოზიცია მეკავა. შემიძლია ვთქვა, რომ არ იყო ეს ის მიმართულება, რაც მე მინდოდა. თუმცა, ამ სამსახურმა, გარკვეულწილად, ცხოვრებისეული გამოცდილება მომცა და ასევე მოტივაციაც, შემდგომი განვითარებისთვის.

– რა იყო თქვენი შემდგომი კარიერული ნაბიჯი?

ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ უამრავი ინდუსტრია მოვიარე, მათ შორის: სატელევიზიო, ენერგეტიკული, საბანკო და ა.შ ყველა მათგანში ვიყავი ინვესტიციების მიმართულებით. ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი, სადაც 9 წელი ვიმუშავე, იყო GITA, სადაც საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობას ვიკავებდი. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი სტარტაპეკოსისტემაში მოღვაწეობა.

პროგრამისტობიდან სტარტაპერობამდე – გიორგი ტუხაშვილის ამბავი

გიორგი ტუხაშვილი

„ჩემი ჰობი არის ფიქრი ყველაფერზე“ – ასე იწყებს თხრობას ჩვენი ინტერვიუს მთავარი გმირი და იმ მრავალ საქმიანობაზე გვიყვება, რომელსაც ცხოვრების ამ ეტაპზე ერთდროულად ეჭიდება.

– გადავიდეთ Investo-ზე.. საიდან და როგორ დაიწყო მისი ისტორია?

თავდაპირველად, როცა GITA-ში ვმუშაობდი, არ არსებობდა საგრანტო მიმართულება. ის მხოლოდ ბიზნეს ინკუბატორის ფუნქციას ასრულებდა და აქ მოდიოდნენ სტარტაპები, რომლებსაც ბიზნესგეგმის აწყობასა და განვითარებაში ვეხმარებოდი. ჩემი ჩართულობა და ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა სტარტაპის შეფასება იყო, რაც ჯერ კიდევ მაშინ, 2017 წელს არ იყო განვითარებული. დღესაც, ბევრ ინვესტორს და დამფუძნებელს, სამწუხაროდ, არ აქვს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ ფასდება კომპანია. სწორედ ამიტომ, ჩემი მიზანი ყოველთვის იყო, რომ სწორი ვალუაცია გამეკეთებინა სტარტაპებისთვის, რათა ინვესტორებთან კარგი საინვესტიციო წინადადების გაკეთება შეძლებოდათ. დავნერგე სილიკონ ველის შეფასების სტანდარტები, რომლებიც აღიარებულია როგორც ევროპაში, ისე – ამერიკაში.

შემდეგ მოხდა ისე, რომ ბიზნეს ინკუბატორი დაიხურა და გრანტების მიმართულება ჩაეშვა GITA-ში, რის მერეც საინვესტიციო მრჩევლის პოზიციას ვიკავებდი. სწორედ ამ პერიოდში ჩემი შეფასებით გაიყიდა რამდენიმე კომპანია და პორტფოლიოს დაგროვების შემდეგ, გადავწყვიტე, ამ ყველაფრისთვის კომპანიის სახე მიმეცა. საბოლოო ჯამში, 2016 წელს შევქმენი Investo, პირველი სტარტაპებზე ფოკუსირებული საინვესტიციო მრჩეველი.

– თქვენ ამბობთ, რომ სილიკონ ველის სტანდარტებით აკეთებთ კომპანიების შეფასებას.. საიდან გქონდათ ცოდნა ამ სტანდარტების შესახებ?

ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა უნივერსიტეტისა და VC ფონდის უამრავი ონლაინ კურსი და მასტერკლასი გავიარე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ცოდნის მისაღებად საკმაოდ დიდი რესურსი დავხარჯე. სტარტაპების შეფასებას ბაკალავრზე და მაგისტრატურაში ვერ ისწავლი, ეს ვენჩურული კაპიტალის ნაწილია და თითოეულ სტარტაპს/კომპანიას სხვადასხვა მეთოდოლოგიით უნდა მიუდგე. ეს კი იმიტომ, რომ სტარტაპების შეფასება არა მეცნიერება, არამედ – ხელოვნებაა.

– როდესაც Investo-ს პორტფოლიოს გადავხედეთ, ვნახეთ, რომ კომპანიას უამრავი წარმატებული ქეისი აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ სამომავლოდ Investo-ს საქმიანობა? ისევ მხოლოდ ამ მიმართულებით განაგრძობთ მუშაობას, თუ სხვა მიმართულებებსაც დაამატებთ?

Investo-ს განვითარებას რამდენიმე მიმართულებით ვგეგმავთ. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება იქნება ის, რომ GITA-ს საინვესტიციო ბაზაზე შეიქმნება VC ფონდი, რომელიც სტარტაპებში განახორციელებს ინვესტიციას.

ასევე ვაპირებთ ინვესტორების მხარის გაძლიერებასაც, რის მერეც Investo იქნება სტარტაპებსა და ინვესტორებს/ფონდებს შორის დამაკავშირებელი რგოლი.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ვამატებთ არის პორტფოლიო მენეჯმენტი, რომელიც საინვესტიციო ფონდებს თავიანთი ინვესტიციების მართვასა და exit სტრატეგიის დაგეგმარებაში დაეხმარება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კიდევ არის განათლება, რომლის ფარგლებშიც, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ კურსების გაკეთებას. სტარტაპები ამ კურსებით მიიღებენ მათთვის საჭირო ცოდნას.

– ძალიან ბევრი წელია, ქართულ სტარტაპეკოსისტემასთან კავშირი გაქვთ. როგორ შეაფასებთ მის დღევანდელ მდგომარეობას?

შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს. ჩვენ გვყავს უკვე 2 სტარტაპი, რომლებიც წარმოდგენილები არიან Y Combinator-ში: Payze და Theneo.

ქართული სტარტაპეკოსისტემის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს GITA, რომელიც სტარტაპებისთვის პირველადი ინვესტორის ფუნქციას ითავსებს. ასევე, დიდი დატვირთვისაა ანგელოზი ინვესტორების კომპანია Axel-იც. ეკოსისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი  ითამაშა საქართველოში 500 Global-ის შემოსვლამაც.

თუმცა, დღეს ქართულ სტარტაპეკოსისტემას რამდენიმე გამოწვევა აქვს. პირველ რიგში ის, რომ კერძო ბიზნესის მხრიდან უფრო მეტი ინტერესი უნდა გაჩნდეს სტარტაპების მიმართ და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ საქართველოში არ არის განვითარებული ვენჩურული კაპიტალის ფონდები.

– თვითონ სტარტაპებზე რას გვეტყვით? 

სტარტაპების ხარისხი აშკარად გაზრდილია, რაც ასევე მოქმედებს მათ ვალუაციაზეც. ამის კარგი მაგალითია კერნელი, რომლის 1%-იც 30 000 დოლარად გაიყიდა. შემიძლია ვახსენო Omofox-იც, რომელიც ასევე ძალიან კარგად შეფასდა. ამ სტარტაპერებს უკვე ესმით თავიანთი კომპანიის ღირებულება და ინვესტორებიც უკვე ხვდებიან, რომ პირველ ეტაპზე სტარტაპში 40-50% არ უნდა გაიყიდოს.

პირველი მარცხის შემდეგ სტარტაპი არ უნდა ჩამოიშალოს. 

ბევრი ასეთი შემთხვევა ხდება და ამ დროს აუცილებელია, რომ ბიზნესმოდელი დაიხვეწოს, რადგან სწორედ გაუმართავი ბიზნესმოდელის შედეგად მოდის ბევრი მარცხი.

სტარტაპებმა ინვესტორის ენა უნდა შეისწავლონ. 

მათთან საუბრის პროცესში აქცენტი ყოველთვის იმაზე უნდა გააკეთონ, თუ რას სთავაზობენ ინვესტორს. იმ პრობლემაზე საუბრის გარდა, რომელსაც სტარტაპი ჭრის, უნდა ისაუბრონ იმაზეც, თუ რა პოტენციალი ექნება მას, რა valuation აქვს მას ამ ეტაპზე და ა.შ ამ ყველაფრის შედეგად, ინვესტორი მიხვდება, როგორ უკუგებას მიიღებს მომავალში.

მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ხშირად ტექნოლოგიური თანადამფუძნებლის არარსებობაა. 

სტარტაპები ხშირად ამას ვერ აცნობიერებენ და ცდილობენ, მსგავსი პოზიციის ადამიანი აუთსორსზე აიყვანონ. მე ყველა სტარტაპს ვურჩევდი, გუნდში აუცილებლად შეიყვანონ ტექნოლოგიური თანადამფუძნებელი და მაქსიმალურად ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბონ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post