რა აქტივობებს მოიცავდა ალტე უნივერსიტეტის “Start-up ზაფხული”?
მეწარმეობისა და ინოვაციების მხარდაჭერა ალტე უნივერსიტეტისთვის ტრადიციადაა ქცეული. ის მუდამ ცდილობს სხვადასხვა აქტივობითა თუ საგანმანათლებლო გზით ახალგაზრდებს ხელი შეუწყოს ორიგინალური იდეების აღმოჩენასა და განხორციელებაში. სწორედ ამგვარი მხარდაჭერის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლამ ცოტა ხნის წინ პროექტი “Start-up ზაფხული” განახორციელა, რომელმაც რამდენიმე საინტერესო აქტივობა გააერთიანა. მათ შორის კი, აღსანიშნავია ალტე უნივერსიტეტის სტარტაპ-ტენტი, რომელიც ბათუმში, ერას მოედანზე, 27 ივლისიდან 14 აგვისტომდე მასპინძლობდა ძალიან ბევრ მოსწავლეს, სტუდენტს, დაინტერესებულ პირს, ანტრეპრენერს, მენტორს, პროექტსა თუ ორგანიზაციას.
პირველი და მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ამ პროექტს ეხება არის ის, რომ ალტე უნივერსიტეტმა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან ერთად, საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტში პროექტი “სკოლის ინოვატორთა კლუბები“ დაიწყო. სამომავლოდ კი, ამ კლუბებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აქტიურად გაწევრიანდებიან და ინოვაციურ აზროვნებასთან ერთად, სამეწარმეო უნარებსაც განივითარებენ.
გარდა ამისა, “Start-up ზაფხულის“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგ-სესიები მასწავლებლებისთვის ანტრეპრენერობის მიმართულებით. თვენახევრის განმავლობაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ 500-მდე ახალგაზრდასთან 20-მდე ღონისძიება გაიმართა. ტრენინგებისა და ვორკშოპების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: NFT, 3D მოდელირება, ქრაუდფანდინგი, ბლოკჩეინი და ა.შ
მნიშვნელოვანია ისიც, რომ “Start-up ზაფხულის” ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებზე დიდი ყურადღება დაეთმო ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით სოციალური პრობლემების გადაჭრის საკითხს. სწორედ ამ საკითხზე მუშაობით, კერძოდ კი, 13-14 აგვისტოს Care International-ის ზაფხულის ბანაკით დასრულდა “Start-up ზაფხული“. ბანაკის ფარგლებში სვანეთიდან ჩამოსულმა 50-მა ახალგაზრდამ მენტორების დახმარებით, ციფრული იდეების განხორციელების გეგმაზე იმუშავა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველაფერ ამას მხარდაჭერას უწევდა ბათუმის ამერიკული კუთხე და ბათუმის ტექნოპარკი.
მართალია “Start-up ზაფხული” დასრულდა, თუმცა, ალტე უნივერსიტეტი კვლავ აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდებში სამეწარმეო კომპეტენციის ამაღლებასა და ინოვაციური აზროვნების განვითარებაზე ზრუნვას, რაც, საბოლოო ჯამში, ქართული სტარტაპ–ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.