fbpx

სტუდენტის სახელმძღვანელო სტარტაპცხოვრებაში – Paul Graham

პოლ გრეემი

სტუდენტის სახელმძღვანელო სტარტაპცხოვრებაში – Paul Graham

ახლო წარსულში კურსდამთავრებულებს მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდათ –  სამსახურის შოვნა ან მაგისტრატურაში ჩაბარება. ვფიქრობ, მესამე ვარიანტი – საკუთარი სტარტაპის წამოწყება – დროთა განმავლობაში უფრო მეტად პოპულარული გახდება. თუმცა, რამდენად ფართოდ გავრცელებული იქნება ის?

დარწმუნებული ვარ, ძირითადი არჩევანი ყოველთვის სამსახურის მოძებნა იქნება, მაგრამ სტარტაპის წამოწყება შესაძლოა ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორც სამაგისტრო განათლება. 90-იანი წლების ბოლოს, ჩემი პროფესორი მეგობრები ჩიოდნენ, რომ მათ მაგისტრანტები არ ჰყავდათ, რადგან სტუდენტები სტარტაპებში იწყებდნენ მუშაობას. არ გამიკვირდება, თუ ეს სიტუაცია დაბრუნდება, მაგრამ ერთი განსხვავებით – სხვის კომპანიაში დასაქმების ნაცვლად, ისინი საკუთარ სტარტაპს წამოიწყებენ.

ამბიციური სტუდენტები ამ ეტაპზე იკითხავენ –  რატომ უნდა დაელოდო უნივერსიტეტის დამთავრებას? რატომ არ უნდა შექმნა სტარტაპი სწავლის პერიოდში? რატომ უნდა იარო კოლეჯში საერთოდ? რატომ არ უნდა წამოიწყო სტარტაპი ამის ნაცვლად?

ადრე, ჩემს ერთერთ მოხსენებაში ვთქვი, რომ Yahoo-ის, Google-ისა და Microsoft-ის დამფუძნებლების საშუალო ასაკი 24 წელია და დავსვი კითხვა – თუ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სტარტაპების შექმნა, სტუდენტებს რატომ არ შეუძლიათ? მიხარია, რომ უკანასკნელს შეკითხვის ფორმულირება მივანიჭე, რადგან ახლა შემიძლია თავი მოვიკატუნო, რომ ეს რიტორიკული კითხვა არ იყო. საქმე ისაა, რომ მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რატომ უნდა ეარსება სტარტაპდამფუძნებლებისთვის ასაკის ქვედა ზღვარს; ვთვლიდი, რომ უნივერსიტეტის დამთავრება ბიუროკრატიული ცვლილებაა და არა ბიოლოგიური; ბევრ სტუდენტს მათზე მაღალი განათლების მქონე ადამიანის მსგავსად კომპეტენტურად მივიჩნევდი; მიკვირდა, მაშ, რატომ არ უნდა შეეძლოთ მათ სტარტაპების შექმნა? ამჟამად კი სხვაგვარად ვფიქრობ. ახლა მესმის, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რაღაც ნამდვილად იცვლებაწარუმატებლობის გამამართლებელ უზარმაზარ საბაბს კარგავ.

როგორი დატვირთული ცხოვრებაც არ უნდა გქონდეს, შენი ოჯახის წევრები/ნაცნობები ყველა წვრილმანს უარყოფენ და მიიჩნევენ, რომ მოცემულ ნებისმიერ ერთ მომენტში მხოლოდ ერთი საქმიანობა გაქვს. ანუ, თუ კოლეჯში სწავლობ და ამასთან ერთად საზაფხულო სამსახურში Software-ს წერ, შენი სტატუსი მაინც სტუდენტია; ხოლო თუ უნივერსიტეტს დაამთავრებ და პროგრამირების მიმართულებით იწყებ მუშაობას, მაშინ ყველა პროგრამისტად ჩაგთვლის.

აქვე, მაგალითისთვის, თუ სტარტაპს ბოლო სასწავლო წლამდე ზაფხულში წამოიწყებ, ამას ადამიანები საზაფხულო სამუშაოდ აღიქვამენ; ასე რომ, თუ სახარბიელო შედეგებს ვერ მიიღებ, არა უშავს, შენი საქმიანობა ხომ სტუდენტობაა, შემოდგომაზე უნივერსიტეტში დაბრუნდები და წარუმატებელ ადამიანადაც არავინ აღგიქვამს. ხოლო თუ სტარტაპს სწავლის დასრულების შემდეგ დაიწყებ და თანაც შემოდგომაზე მაგისტრატურაზე არ დაიწყებ სწავლას, შენს საქმიანობად უკვე სტარტაპი აღიქმება, ახლა უკვე დამფუძნებელი ხარ და ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა გამოგივიდეს.

ნიშნავს ეს იმას, რომ სწავლისას სტარტაპს ვერ წამოიწყებ? არა. მაშინ, თუ სტარტაპის შექმნა კოლეჯშივე შეგიძლია, რატომ ვეუბნებით ადამიანებს, რომ ის არ წამოიწყონ? მიზეზი მარტივია:

მათ, ვინც არაა დარწმუნებული, ჩვენი სჯერათ და ნებდებიან. ხოლო საკმარისად შეუპოვრები ფიქრობენ, რომ წარმატებას მაინც მიაღწევენ.

ასე რომ, ჩვენი ოფიციალური პოლიტიკა მხოლოდ ისეთი სტუდენტების დაფინანსებაა, რომელთაც ამ საქმიანობას ვერ გადავაფიქრებინებთ. თუ ატყობ, რომ დარწმუნებული არ ხარ, აუცილებლად უნდა დაიცადო.

პლუსები

სტარტაპის კოლეჯის დამთავრებისთანავე წამოწყების შემთხვევაში, დღევანდელი სტანდარტებით, ახალგაზრდა დამფუძნებელი იქნები და შესაბამისი უპირატესობებიც გექნება. შენს ძლიერ მხარეებად შეიძლება მივიჩნიოთ – ამტანობა, სიღარიბე, ფესვგაუდგმელობა, კოლეგები და გაუთვიცნობიერებლობა. ახლა კი, თითოეული მათგანი განვიხილოთ.

ამტანობის აუცილებლობა გასაკვირი არ უნდა იყოს. თუ სტარტაპებზე რაიმე მაინც გსმენია, ყველასათვის უნივერსალური მრავალსაათიანი მუშაობის შესახებაც აუცილებლად გაიგებდი. არცერთი წარმატებული სტარტაპი არ მახსენდება, რომლის დამფუძნებლებიც 9-იდან 5 საათამდე მუშაობდნენ. აი, ახალგაზრდებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ ზეგანაკვეთური მუშაობა, რადგან ნაყოფიერება და კვალიფიკაცია გარკვეული დროის შემდეგ იზრდება.

სიღარიბე შეიძლება უპირატესობად ვერ აღიქვა, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია. სიღარიბე ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია ნაკლები დანახარჯებით იცხოვრო, რაც სტარტაპებისთვის კრიტიკულად საჭიროა. თითქმის ყველა სტარტაპის წარუმატებლობის მიზეზი თანხის ამოწურვაა. კი, შეიძლება სხვა საფუძვლებიც არსებობდეს, მაგრამ კომპანიის პრობლემების მთავარი წყაროს მიუხედავად, დაბალი ,,წვის’’ სიჩქარე (Burn Rate) მეტ შესაძლებლობას გაძლევს მათგან თავის დასაღწევად.

ახალ კურსდამთავრებულებს  თითქმის არაფრით ცხოვრება შეუძლიათ, რაც ასაკით უფროს დამფუძნებლებთან შედარებით უპირატესობას განიჭებს –  software სტარტაპის მთავარი ხარჯი ხომ ხალხია. ამ მხრივ, ბავშვიანი და გირაოს გადამხდელი ადამიანები ძალიან არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან. ეს ერთერთი მიზეზია რის გამოც მგონია, რომ სტარტაპსფეროში სჯობს 25 წლის და არა 32 წლის პირი შემოვიდეს. უკანასკნელი, ალბათ, უკეთესი პროგრამისტია, მაგრამ მისი ხარჯები, სავარაუდოდ, მეტია.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იაფად ცხოვრებაზე უფრო მნიშვნელოვანი ე.წ. იაფად აზროვნებაა. რომ გავიხსენოთ, Apple II–ის ასეთი პოპულარობის ერთერთი მიზეზი მისი დაბალი ფასი იყო იყო. კომპიუტერის აწყობა თავისთავად იაფი ჯდებოდა, რადგან სტივ ვოზნიაკმა ის თავისთვის შექმნა და მას ბევრის საშუალება არ ჰქონდა. ამგვარად ბევრი სტარტაპი იქცევა – ჩვეულებრივი ღირებულების მეათედ ან მეასედ ფასად სთავაზობს მომხმარებელს პროდუქტს, ბაზარზე არსებული კომპანიები კი არ მიჰყვებიან ამ გზას, რადგან ასე არ მოსწონთ.

ფესვგაუდგმელობაც სიღარიბის მსგავსია. ახალგაზრდები მეტად მობილურები არიან, თუმცა ეს მხოლოდ მათი ქონების სიმწირით არაა გამოწვეული; უბრალოდ, ამ ასაკში ნაკლებად სავარაუდოა სერიოზული ურთიერთობები გქონდეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სტარტაპები ხშირ გადაადგილებასაც მოიცავს.

ერთხელ, ვიღაცამ დაწერა, რომ Y Combinator-ის მინუსი მასში მონაწილეობის მისაღებად გადაადგილების აუცილებლობაა. თუმცა, საქმე სხვანაირად ვერ გაკეთდებოდა – ისეთი საუბრები, როგორიც დამფუძნებლებთან გვაქვს, აუცილებლად პირისპირ უნდა წარიმართოს; ერთდროულად ათეულობით სტარტაპს ვაფინანსებთ და დროის ერთ მონაკვეთში ამდენ ადგილას ვერ აღმოვჩნდებით; რომც შეგვეძლოს, ამას არ გავაკეთებდით.

გაუთვიცნობიერებულობა შეიძლება არც ისე სასარგებლო ჩანდეს. თუმცა, სტარტაპის დამფუძნებლების აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ გადასალახი სირთულეების შესახებ რომ სცოდნოდათ, შეეშინდებოდათ ამ საქმიანობის წამოწყება.

გაუთვიცნობიერებულობა არა მხოლოდ გიცავს შიშისგან, არამედ ზოგჯერ ახალი იდეების აღმოჩენაშიც გეხმარება. სტივ ვოზნიაკმა ეს საკმაოდ მკაფიოდ თქვა – ყველაფერი საუკეთესო, რაც Apple-ში შევქმენი, მომდინარეობს (ა) ფულის არქონიდან და (ბ) იმ ფაქტიდან, რომ მე ეს მანამდე არასდროს გამიკეთებია. ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, შესანიშნავი იმიტომ იყო, რომ ცხოვრებაში ისინი არასოდეს გამიკეთებია.

როგორ ვიპოვოთ თანადამფუძნებელი?

,,სად ვიპოვო თანადამფუძნებელი?’’ –  Y Combinatorში ერთერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა.  ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც 30 წლის ასაკში დაიწყეს სტარტაპზე მუშაობა. სწავლის პერიოდში ბევრს პოტენციურ თანადამფუძნებელს იცნობდნენ, თუმცა ნელ-ნელა კავშირი გაწყვიტეს მათთან ან ის ადამიანები ახლა უბრალოდ სამსახურზე არიან მიჯაჭვულნი. მოკლედ, სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს ხოლმე.

თანადამფუძნებლები უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უკვე კარგად იცნობ და მათთან შესახვედრად საუკეთესო ადგილი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რადგან აქ ბევრი ჭკვიანი ადამიანი იყრის თავს; შეგიძლია შეადარო, როგორ ასრულებს ყველა მათგანი ერთსა და იმავე დავალებას; ამის გარდა, ყველას ცხოვრება საკმაოდ მობილურია. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ბევრი სტარტაპი სწორედ ამ გარემოდან აღმოცენდა (Google-ისა და Yahoo-ის დამფუძნებლებმა ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს).

წარმატებული სტარტაპის არსებობა მხოლოდ ერთი ადამიანის ხელებში არ იწყება – ის, ჩვეულებრივ, უბრალო დიალოგით იქმნება, რომელშიც ერთი მოსაუბრე აღნიშნავს, რომ რაიმე კონკრეტული კარგი იდეა იქნებოდა კომპანიისთვის და მეორე ამბობს, რომ ეს კარგი, აუცილებლად საცდელი იდეაა. თუ ასეთი მეგობარი არ გყავს, სტარტაპის დაწყება რთულია.

კიდევ ერთი ადგილი, სადაც თანადამფუძნებლები ერთმანეთს ხვდებიან, სამსახურია. მართალია, ამ გარემოში უფრო იშვიათად, თუმცა, შანსის გაზრდა შეგიძლია – ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისეთ კომპანიაში მუშაობაა, რომელშიც  ბევრი ჭკვიანი, ახალგაზრდა ადამიანია და რომელიც startup hub-ში მდებარეობს (უფრო ადვილად დაარწმუნებ თანამშრომელს სამსახურიდან წამოსვლაზე, თუ თქვენ გარშემო ბევრი სტარტაპი იქნება).

მინუსები

ახალგაზრდა დამფუძნებლის უპირატესობებზე ვისაუბრეთ, ახლა უარყოფით მხარეებზე გადავიდეთ.

პირველ რიგში, ერთ შეცდომაზე მინდა ყურადღების გამახვილება – ახალგაზრდა დამფუძნებლების შექმნილი რაღაცები რაიმე სასწავლო საგნის ფარგლებში შექმნილ პროექტებს ჰგავს. რას ნიშნავს ეს რეალურად? რა განსხვავებაა პროექტსა და ნამდვილ სტარტაპს შორის? პროექტებს ორი მნიშვნელოვანი რამ აკლიათ – (1) რეალური პრობლემის იტერაციული განმარტება და (2) ინტენსივობა.

პირველი, ალბათ, გარდაუვალია. საკლასო პროექტი ყალბი პრობლემის გადაჭრას მოიცავს, რასაც აქვს თავისი მიზეზები. მათ შორის პირველი ისაა, რომ რეალური პრობლემები იშვიათი და ღირებულია. მეორე კი ის, რომ სტარტაპები განვითარების პროცესში პოულობენ იმ პრობლემას, რომელსაც ჭრიან. წარმოიდგინე, თავიდან ვიღაცას რაღაც იდეა აქვს; იწყებს ამის კეთებას; პროცესში კი ხვდება, რომ გადასაჭრელი პრობლემა სრულიად სხვა იყო და საკუთარ მიმართულებას მას არგებს. მაშინაც კი, თუ პროფესორი პროექტის აღწერის შეცვლის საშუალებას მოგცემს, ამის გასაკეთებლად ერთი საგნის გასავლელად განკუთვნილი პერიოდი მაინც არ იქნება საკმარისი.

სასწავლო პროექტები ძირითადად გეგმის განხორციელებას ეხება, რაც სტარტაპისთვის უმნიშვნელო პრობლემაა. ამ სფეროში განხორციელების პროცესი სხვაგვარია, მისი მთავარი მიზანი კი იდეის გაუმჯობესებაა. შეიძლება, 6-თვიანი შრომის ყველაზე ღირებული შედეგი იმის დამტკიცება იყოს, რომ შენი თავდაპირველი იდეა მცდარი იყო. საგნის ფარგლებში გაკეთებულ პროექტში კი თუ დაამტკიცებ, რომ საწყისი გეგმა არასწორი იყო, ცუდ შეფასებას მიიღებ.

მოვედით მეორე განსხვავებამდეც –  საკლასო პროექტის საზომი ერთეული. პროფესორები იმ მანძილის მიხედვით გაგაფასებენ, რომელიც შენს ამჟამინდელ და საწყის წერტილებს შორისაა; თუ მანძილი დიდია, კარგ შეფასებას იღებ. მომხმარებელი სხვაგვარად გაფასებს – მას აინტერესებს მანძილი, რომელიც შენს ახლანდელ მდებარეობასა და მისთვის საჭირო მახასიათებელს შორისაა. ბაზარს არ აინტერესებს რამდენად მონდომებით შრომობდი; მომხმარებლებს უბრალოდ სურთ, რომ პროგრამამ გააკეთოს ის, რაც მათ სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაკარგავ.

რა უნდა გააკეთო ახლა

ვთქვათ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რაღაც მომენტში სტარტაპის წამოწყებაზე ფიქრობ, რა უნდა გააკეთო ახლა? როგორც სამსახურის, ასევე განათლების შემდეგი საფეხურისთვის მომზადების სხვადასხვა გზა არსებობს. თუ ბაკალავრის დიპლომის აღების შემდეგ მუშაობის დაწყება გინდა, საზაფხულო სამსახური ისეთ ადგილას უნდა იპოვო, სადაც შემდეგ მუშაობას მოისურვებდი. თუ მაგისტრატურაზე გინდა ჩაბარება, ამაში ბაკალავრის ხარისხის კვლევით პროექტებზე მუშაობა დაგეხმარება.

რა არის სტარტაპების ეკვივალენტი? ამ მხრივ, უნდა ეცადო სასწავლო დაწესებულებაში სტარტაპების მუშაობის პრინციპები შეისწავლო, თუმცა ეს ადვილი არაა. სტარტაპების შესახებ კურსებს თითქმის არცერთი კოლეჯი არ გვთავაზობს. შესაძლოა, ბიზნესის სკოლებში ანტრეპრენერობაზე გაკვეთილებს (როგორც თავად უწოდებენ) წააწყდე, თუმცა ეს, სავარაუდოდ, დროის კარგვაა. ბიზნესის სკოლებს უყვართ სტარტაპებზე საუბარი, მაგრამ ფილოსოფიურად ისინი სპექტრის საპირისპირო მხარეს არიან.

სტარტაპებზე არსებული წიგნების უმეტესობაც ასევე უსარგებლოა. უმეტეს სფეროებში წიგნებს გამოცდილი ადამიანები წერენ, მაგრამ სტარტაპების შემთხვევაში ერთი უნიკალური პრობლემა არსებობს –  წარმატებული კომპანიების დამფუძნებლებს ფულის გამომუშავებისთვის სახელმძღვანელოების დაწერა არ სჭირდებათ. შედეგად, ამ თემაზე არსებული წიგნების უმეტესობა იმ ადამიანებმა დაწერეს, რომელთაც ეს სფერო არ ესმით.

ადამიანების უმეტესობა Apple-ის მსგავს კომპანიას აკვირდება და ფიქრობს – ,,როგორ გავაკეთო მეც ასეთი რაღაც? Apple ინსტიტუტია და მე უბრალოდ ადამიანი ვარ’’. მათ ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ინსტიტუტი რაღაც მომენტში მხოლოდ რამდენიმე ადამიანისგან შედგებოდა, რომლებმაც რაღაცის წამოწყება გადაწყვიტეს.

მოკლედ, საუნივერსიტეტო საგნებისა და სახელმძღვანელოების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. სტარტაპების შესახებ რაიმეს შესასწავლად, მათ მოქმედებაში უნდა დააკვირდე, სასურველია მათზე მუშაობდე. როგორ მოახერხებ ამას როგორც სტუდენტი? უბრალოდ გაესაუბრე მათ და თანდათან  მათთვის რაღაცების კეთება დაიწყე. სტარტაპების უმეტესობა დაქირავების საკითხში ძალიან ფრთხილია (ასეც უნდა იყოს). თუმცა, თუ მათთვის უბრალოდ რაღაცების კეთებას დაიწყებ, უმეტესობა ძალიან დაკავებული იქნება იმისათვის, რომ გაგაძევოს. ამ გზით, თანდათანობით მათი ნდობის მოპოვებას შეძლებ და იქნებ მოგვიანებით ის ფორმალურ სამუშაოდაც აქციო თუ მოისურვებ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ – გამოიყენე საგანმანათლებლო დაწესებულების  უპირატესობა, ანუ თანადამფუძნებლების სიმდიდრე. შეხედე გარშემომყოფებს და ჰკითხე საკუთარ თავს, ვისთან ერთად ისურვებდი მუშაობას.

ასევე შეგიძლია გამოიმუშაო ის უნარები, რომლებიც სტარტაპცხოვრებაში გამოგადგება. ეს შეიძლება განსხვავდებოდეს მათგან, რომლებზეც სამუშაოს მოძებნისას გაამახვილებდი ყურადღებას. მაგალითად, სამსახურის ძიებაზე ფიქრისას პროგრამირების ისეთი ენების სწავლას მოინდომებ, რომლებიც, შენი აზრით, დამსაქმებლებს აინტერესებთ (Java და C ++); სტარტაპის დაწყებაზე ფიქრისას კი ისეთ ენას ირჩევ, რომელიც კონკრეტული ამოცანებისთვის მეტ სარგებელს მოგიტანს. თუმცა, სტარტაპის დამფუძნებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი არა პროგრამირების ცოდნა, არამედ მომხმარებლების გაგების უნარი და იმის გარკვევაა, როგორ მისცე მათ ის, რაც სურთ. ამიტომ, პროგრამირების სწავლასთან ერთად, შექმენი რაიმე ვებსაიტი, რომელსაც ხალხი გამოიყენებს. სულ მცირე, მომხმარებელთან ერთად პროგრამის დაწერას ისწავლი. საუკეთესო შემთხვევაში კი, ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ სტარტაპისთვის მომზადება, არამედ თავად სტარტაპი აღმოჩნდეს (როგორც ეს Yahoo-ისა და Google-ის შემთხვევაში იყო).

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post