როგორ ავირიდოთ მარცხი, როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა – ალექსანდრუ სტანი
რამდენად ხშირად გსმენიათ მენეჯერებისგან ან აღმასრულებელი დირექტორებისგან, რომ იციან, რა სჭირდებათ მათთან დასაქმებულ ადამიანებს და რა უბიძგებს მათ პროდუქტიულობისკენ? დარწმუნებული ვარ, ათასჯერ. თუმცა, რეალურად, ისინი უბრალოდ ფიქრობენ, რომ იციან, რა არის დაქირავებული პირებისთვის კარგი და მათ არასდროს უსმენენ, – ამბობს Tekpon-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრუ სტანი და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მიზეზით განიცდის წარუმატებლობას სტარტაპების უმეტესობა არსებობის მეორე წლამდე – ,,არა მათი პროდუქტის, ბაზრის ან უსახსრობის გამო, არამედ იმიტომ, რომ გუნდი იმდენად დაიღალა, მუშაობა აღარ შეუძლია. თუმცა, ასეთი სიტუაციების თავიდან აცილებას შეძლებთ, თუ მცირე დეტალებს მიაქცევთ ყურადღებას’’.
სასურველი სამუშაო სივრცე
ალექსანდრუ გვირჩევს, რომ სტარტაპში დასაქმებულ ადამიანებს საკუთარი სამუშაო ადგილმდებარეობის შერჩევის საშუალება მივცეთ – ,,თუ თქვენი გუნდის წევრები უფრო პროდუქტიულნი არიან ბარში, საკუთარ სახლში, ბაღში ან თუნდაც პარკში, უბრალოდ მიეცით საშუალება, იყვნენ თავიანთი დროის მენეჯერები და ენდეთ მათ. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია. გუნდის სხვა წევრებმა, შესაძლოა, ოფისში ყოფნა და მუშაობისას ერთმანეთთან ურთიერთობა ამჯობინონ. ესეც ნორმალურია. ’’.
ის აღნიშნავს, რომ წარმატების მისაღწევად, გუნდის ყველა წევრის განსხვავებული მოთხოვნილებები უნდა გავითვალისწინოთ და მათ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ. თუმცა, მისი თქმით, თუ დასაქმებულების მიერ დადებული შედეგები არადამაკმაყოფილებელია, უნდა გავესაუბროთ და გავარკვიოთ, თუ რა არის პრობლემა.
შესაბამისი ინსტრუმენტები
მაშინ, როდესაც გუნდის წევრების გარკვეული ნაწილი დისტანციურად მუშაობს, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და ინსტრუმენტები სტარტაპს გარკვეული სირთულეების წარმოქმნისგან იცავს.
სტარტაპზე მუშაობისას უამრავი იდეა გაგიჩნდებათ. ზოგჯერ იმდენი, რომ თქვენი გუნდი შეიძლება გაგიჟდეს კიდეც. გირჩევთ, გამოიყენოთ პროექტის მენეჯმენტის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, გუნდი მიმდინარე პროექტების, სამომავლო იდეებისა და ყოველდღიური ამოცანების ხილვას შეძლებს. მსგავსი ინსტრუმენტი თითოეულ თანამშრომელს თავისი სამუშაოს უკეთ გაანალიზებაში დაეხმარება, – ამბობს ალექსანდრუ და აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ გარკვეული პროცესების ავტომატიზებას შევძლებთ – განმეორებად ამოცანებზე ადამიანებს დროს ნუ დააკარგვინებთ. მათი გონებრივი შესაძლებლობები უფრო შემოქმედებითი ამოცანებისთვის შემოინახეთ, რათა გუნდების იმ 25%-ს შორის მოხვდეთ, რომლებიც წარმატებას აღწევენ.
ბალანსი
მოდით, გულწრფელები ვიყოთ – რობოტების გუნდი ნამდვილად არ გჭირდებათ. იმისათვის, რომ თქვენ, როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა, წარმატებას მიაღწიოთ, დაგჭირდებათ ისეთი ადამიანების გუნდი, რომლებსაც ინდივიდუალურობა, ჰობიები და გატაცებები აქვთ. უნდა გესმოდეთ, რომ მათი ცხოვრება, თქვენს მსგავსად, სტარტაპი არ არის, – აღნიშნავს ალექსანდრუ და დასძენს, რომ გუნდის წევრებს საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა უნდა მივცეთ.
მისი თქმით, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა ყველა მხარისთვის სასარგებლოა. სწორედ ამიტომ, გუნდის წევრებს ამის საშუალება უნდა მივცეთ.
ყველაფერი ყოველთვის რიცხვებს, ბიზნესებს, ფულს, გაყიდვებსა და მარკეტინგს არ ეხება. წარუმატებლობა ყოველთვის ბიზნესის პრობლემებიდან ან პროდუქტისა და ბაზრის თავსებადობის საკითხიდან არ წარმოიქმნება. მარცხს მაშინ განიცდით, როდესაც გუნდის წევრებსა და მათ საჭიროებებს არ უსმენთ, – ამბობს ალექსანდრუ და გვირჩევს, რომ პირველ რიგში ვიფიქროთ როგორც ადამიანებმა და შემდეგ მოვიქცეთ როგორც აღმასრულებელი დირექტორები.