fbpx

რა გამოარჩევს ამბების კარგ მთხრობელს?

რა გამოარჩევს ამბების კარგ მთხრობელს?

პულიცერის პრემიის ლაურეატი ისტორიკოსის, დორის კერნს გუდვინის თქმით, ოდესღაც სოფლის მაცხოვრებლები აბრაამ ლინკოლნის ამბების მოსასმენად შორიდან მოდიოდნენ. ლინკოლნს არ ჰქონდა საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიებით ესარგებლა. ის TED სცენის ნაცვლად, ხის ტოტზე იდგა და PowerPoint-მდე კიდევ 130 წელი აშორებდა. და მაინც, ლინკოლნს „ერთდროულად შეეძლო თავისი აუდიტორიის განათლება და გართობა“, წერს გუდვინი.

მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციის ინსტრუმენტები მას შემდეგ ძირეულად შეიცვალა, ადამიანის ტვინი არ შეცვლილა. ჩვენი გონება ავტომატურადაა მიბმული ამბებზე და ყოველთვის გვსიამოვნებს საინტერესო ისტორიების მოსმენა.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ლიდერს ზუსტად ესმოდეს განსხვავება წარდგენასა და თხრობას შორის, რათა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა ეფექტურად მოახერხოს.

ქვემოთ მოცემულია თხრობის რამდენიმე სტრატეგია, რომელიც პრეზენტაციის გამორჩეულად წარდგენაში დაგეხმარებათ:

პრეზენტატორები ხსნიან PowerPoint-ს, მთხრობელები კი ამბავს ყვებიან

თუ გსურთ თქვენი აუდიტორია მაქსიმალურად ჩართული იყოს, თქვენ მათ ამბავი უნდა მოუყვეთ. თუმცა, ადამიანების უმეტესობისთვის, ვინც პრეზენტაციებს ამზადებს, თხრობა არ არის ხოლმე მთავარი.

„პრეზენტატორების“ უმეტესობა აკეთებს იმას, რაც ლოგიკურად ჟღერს: ისინი პრეზენტაციას იწყებენ სლაიდების გახსნით. მაგრამ საპრეზენტაციო პროგრამების უმეტესობა რეალურად სულაც არაა თხრობის ინსტრუმენტი. ისინი ციფრული მიწოდების მექანიზმებია.

Powerpoint-ში სიუჟეტი ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენების სერიად ჩანს, რომელიც სიტყვებით და/ან სურათებითაა გადმოცემული. თუმცა, პუნქტიანი სია ამბავი არ არის. ლამაზად შექმნილი სლაიდები ვერ ანაზღაურებენ ცუდად სტრუქტურირებულ სიუჟეტს.

ჯილდოს მფლობელი კინორეჟისორები კითხულობენ ან წერენ ამბავს მანამ, სანამ ხელში კამერას აიღებენ. ანალოგიურად, კარგი მთხრობელები PowerPoint-ის გახსნამდე კარგა ხნით ადრე ფიქრობენ თავიანთი ამბის ელემენტებზე.

სანამ თქვენი სლაიდების შესაქმნელად დაჯდებით, პირველ რიგში, დაწერეთ თქვენი იდეა ისე, თითქოს ვინმეს ამბავს უყვებით. რადგანაც რეალურ ცხოვრებაში არ წერთ ან არ საუბრობთ პუნქტებით, მოერიდეთ მათ. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ სრული წინადადებები არსებითი სახელებით, ზმნებით და ეფექტური გადასვლებით აბზაცებს შორის. ასევე, შეაგროვეთ აქტივები, რომლებიც თქვენს ისტორიას გააცოცხლებს: ვიდეო, ანიმაცია, გრაფიკა ან ფოტოები.

პრეზენტატორები იყენებენ ტექსტს, მთხრობელებს კი სურათები უყვართ

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მეთაურად მსახურობისას, კრის ჰედფილდი სოციალური მედიის სენსაცია გახდა, როცა ხელში გიტარა აიღო და დევიდ ბოუის “Space Oddity” კოსმოსში შეასრულა. დედამიწაზე დაბრუნებულმა მისმა ცნობილმა TED Talk-მა 11 მილიონზე მეტი ნახვა მოიპოვა.

ჰედფილდის პრეზენტაცია, „რა ვისწავლე კოსმოსში დაბრმავებისგან“, იყო ვიზუალური თხრობის გასაოცარი ჩვენება. მისი PowerPoint შეიცავდა 35 სლაიდს ტექსტის გარეშე. სამაგიეროდ, ჰედფილდი ეყრდნობოდა სურათებს, ანიმაციებსა და ვიდეოებს, რათა აუდიტორიისთვის ეჩვენებინა სამყარო, რომელსაც ძალიან ცოტა ადამიანი იცნობს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აუდიტორია გაიხსენებს შინაარსის დაახლოებით 10%-ს, თუ უბრალოდ მოისმენს ინფორმაციას. მაგრამ “სურათის უპირატესობის ეფექტი” ნიშნავს, რომ თუ ისინი მოისმენენ ინფორმაციას და ნახავენ სურათს, ინფორმაციის 65%-ს დაიმახსოვრებენ.

სწორედ ამიტომ, თუ გსურთ აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, შექმენით პრეზენტაცია, რომელიც უპირატესობას ანიჭებს სურათებს, რათა თქვენ მიერ მოთხრობილი ამბავი შეავსოს. სურათებისა და სიტყვების ერთობლიობა ბევრად აუმჯობესებს შემეცნებას.

პრეზენტატორები ჩუმად ვარჯიშობენ, მთხრობელები კი – ხმამაღლა ატარებენ რეპეტიციას

ბიზნეს პროფესიონალების უმეტესობა ჩუმად ათვალიერებს სლაიდებს პრეზენტაციისთვის მოსამზადებლად. მთხრობელები რეპეტიციებს ატარებენ – ხმამაღლა. ისინი ავარჯიშებენ ვოკალს, თხრობას პაუზებს ამატებენ და მეტყველების ტემპს ცვლიან. თუ ჯგუფის წინ დგომას გეგმავენ, რეპეტიციის დროს დგანან, ხოლო თუ ისინი აპირებენ Zoom-ით გააკეთონ პრეზენტაცია, სხდებიან და კომპიუტერის წინ ვარჯიშობენ.

 

რუბრიკის წარმდგენია

Share this post