Ambry-მ კრიპტოდონაციის მისამართების გადამოწმების სერვისი შექმნა
Ambry ქართული სტარტაპია, რომელიც კრიპტოვალუტის სანდოობას ამოწმებს. უფრო კონკრეტულად კი, ის ბლოკჩეინის ანალიტიკურ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მეშვეობით, ადამიანებს, კრიპტო კომპანიებსა და ბანკებს, ნებისმიერი კრიპტომისამართის შემოწმება და ნახვა შეუძლიათ.
სულ ცოტა ხნის წინ სტარტაპმა გადაწყვიტა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ შეექმნა სერვისი, რომლითაც მომხმარებლები კრიპტო დონაციების მისამართების გადამოწმებას შეძლებდნენ. ამ სერვისის შესახებ უფრო დეტალურად, Ambry-ს თანადამფუძნებელი, ლუკა ლომსაძე გვესაუბრა.
საიდან გაჩნდა იდეა, შეგექმნათ მსგავსი სერვისი?
როგორც ყველამ ვიცით, ბოლო რამოდენიმე კვირა უკრაინისთვის საოცრად რთულია. უკრაინელები ყოველთვის ძალიან ახლოს იყვნენ ჩვენთან – გვყავს ბევრი იქაური მეგობარი, კოლეგა, ოჯახის წევრი და ა.შ. თანაც, კრიპტო ინდუსტრიაში უკრაინელ ხალხს განსაკუთრებული ადგილი უკავია – ისეთი კონტრიბუცია, როგორიც მათ აქვთ შეტანილი ახალი ფინტექ თუ კრიპტო ტექონოლოგიების შენებაში, განუზომელია. მაგრამ, სამწუხაროდ, საკუთარი სამშობლოს დასაცავად, ჩვენს კოლეგებს საკუთარი კომპიუტერების გვერდით გადადება და ხელში იარაღის აღება მოუწიათ. მთელი მსოფლიო გაერთიანდა ამ მამაცი ერის დასახმარებლად და გვინდოდა, ჩვენც შეგვეტანა წვლილი ახალი მომავლის შენებაში.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა უკრაინის დასახმარებლად არის კრიპტო დონაციები, რომლის შესახებაც უკრაინის მთავრობამ ომის პირველივე პერიოდში განაცხადა და ოფიციალური სადონაციო კრიპტომისამართები გამოაქვეყნა. ეს ძალიან კარგი სიახლე იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, გამოჩნდა ძალიან ბევრი “მატყუარა”კრიპტომისამართი, რომლებიც ერთი შეხედვით დონაციისაა, თუმცა, რეალურად, აქ გადარიცხული ფული სხვის ჯიბეში ხვდება და შემოწირულობის გამგზავნი უბრალოდ ტყუვდება. ამიტომაც გადვწყვიტეთ, შეგვექმნა მარტივი სერვისი, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებელი შეძლებს, შეამოწმოს, რამდენად ოფიციალურია დონაციის მისამართი.
როგორ მუშაობს ეს სერვისი?
საამისოდ საჭიროა, მომხმარებელმა მიუთითოს კრიპტოს მისამართი და თუ ეს ნამდვილად ის მისამართია, რომელიც უკრაინის მთავრობის მიერ არის გამოცემული, მომხმარებელი შესაბამის გვერდს იხილავს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩაწერილი კრიპტომისამართი არ ემთხვევა ოფიციალურ მისამართს, მაშინ მომხმარებელს გაეხსნება გაფრთხილების გვერდი, სადაც შევატყობინებთ, რომ მოცემული მისამართის ოფიციალურობის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.
როგორც ლუკა გვიამბობს, ისინი ხედავდნენ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემთხვევით აგზავნიდა დონაციას არასწორ მისამართზე. სწორედ ამიტომ გადაწყდა მსგავსი პროდუქტის შექმნა და Ambry იმედოვნებს, რომ ეს სერვისი დონაციის გაგზავნის მსურველებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.