API-ების გამოყენება ფინტექში – შეფასება
ფინტექ ინდუსტრიის სულ უფრო სწრაფად მზარდი ტემპი მუდმივად გარდაქმნის და ავითარებს ციფრული მომსახურებების მიწოდების ხერხებს. საძიებო სისტემები, მობილური ქსელის ოპერატორები, სოციალური ქსელების, ელექტრონული კომერციისა თუ სატრანსპორტო მომსახურების პლატფორმები უფრო და უფრო მეტად ცდილობენ გამოიყენონ ფინტექი რათა შექმნან საკუთარი მომხმარებლების გადახდებისა თუ ტრანზაქციების საინფორმაციო ბაზები. ხოლო სამომავლოდ აღნიშნული საინფორმაციო ბაზები გამოიყენონ ბანკებისა და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებისთვის ერთგვარ შემოსავლების დასადასტურებად, სესხისა თუ სხვა ფინანსური პროდუქტების მარტივად მისაღებად.
აღნიშნულ პლატფორმებსა და საბანკო სერვერებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა კი ფინტექში სწორედ API-ების საშუალებით ხორციელდება. თუმცა გარდა ამისა API-ები კიდევ მრავალ ფუნქციას ასრულებენ ფინანსურ ტექნოლოგიებში დეველოპმენტის მიზნების შესაბამისად.
აღსანიშნია, რომ ამ უზღვავი რაოდენობის ინფორმაციის მიმოცვლის ფუნქციის შესრულების მიუხედავად API-ების დასანერგად დიდი ფინანსური დანახარჯი არაა საჭირო, ამიტომ მას როგორც ჩამოყალიბებული კომპანიები, ასევე ახალბედა სტარტაპები აქტიურად იყენებენ.
რა არის API?
აბრევიატურა API იშიფრება, როგორც აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი (Application Programming Interface). ამ ტექნოლოგიის დანიშნულება კი ორი სისტემის ერთმანეთთან დაკავშირებაა. ის მათ შორის ინტერფეისის როლს ასრულებს და მონაცემთა მიმოცვლას, მის სისწრაფესა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
რა არის ფინტექი (Fintech)?
ტერმინი Fintech ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში მოქმედი კომპანიების დასახასიათებლად გამოიყენება. უფრო კონკრეტულად, ის არის მომხმარებლისთვის ფინანსური სერვისებისა და პროდუქტების მისაწოდებლად ტექნოლოგიის გამოყენება. ეს შეიძლება იყოს საბანკო, სადაზღვევო, საინვესტიციო ან სხვა ნებისმიერი სახის მომსახურება, რაც ფინანსებს ეხება.
რა სარგებელი მოაქვს API-ებს ფინტექისთვის
API-ების გამოყენებას მრავალი სარგებელი მოაქვს ფინტექ ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის. მაგალითად, ისინი ხელს უწყობენ მომხმარებლის გამოცდილების მის მოთხოვნაზე მორგებას, ასევე ხარჯთა ეფექტურობისა თუ შემოსავლის ზრდას.
API-ები ხარჯთა ეფექტურობას ზრდის
მომსახურების ფართო სპექტრი, რომელსაც ბანკები გვთავაზობენ, საკმაოდ ძვირადღირებულია. API ინტერფეისების მეშვეობით კი ფინანსურ ინსტიტუტებს კლიენტების გამოცდილების პერსონალიზება, მომსახურების ფართო დიაპაზონის შეთავაზება, გრძელვადიან პერსპექტივაში მომხმარებლების კმაყოფილების შენარჩუნება და, რაც მთავარია, რესურსთა ხარჯვის შემცირება შეუძლიათ.
ღია ბანკინგით მოსარგებლე პირებს, პლატფორმის შაბლონური ვერსიის მოხმარების ნაცვლად, ოპერაციების საკუთარ მოთხოვნებზე მორგება შეუძლიათ. მაგალითად, საბანკო ანგარიშების ინტეგრირება მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ერთი სივრციდან ნახონ და აკონტროლონ ანგარიშები.
API-ებმა ფინტექის განვითარების შესაძლებლობები გაზარდა
2015 წელს ევროპულმა პარლამენტმა და საბჭომ საგადახდო მომსახურების შესახებ დირექტივა (PSD2) მიიღო. მისი მიზანი კი ელექტრონული გადახდების უსაფრთხოების ზრდა, მომხმარებელთა დაცვა, ინოვაციების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი გარემოს წახალისებაა.
დირექტივის ძალაში შესვლამდე (2016 წელი) ბანკებს უფლება ჰქონდათ, რომ კლიენტების შესახებ ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურად შეენახათ. რა თქმა უნდა, აღნიშნულს უსაფრთხოების დაცვის მიზანი ჰქონდა. თუმცა, პროგრამებს, რომლებიც მონაცემებს ამუშავებენ, მათ გარეშე სრულყოფილად ფუნქციონირება არ შეუძლიათ. PSD2-ის თანახმად კი, ბანკები არსებითად ვალდებულნი არიან ინფორმაცია მესამე მხარეს მიაწოდონ.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები თავიანთ მონაცემებზე კონტროლს კარგავენ. პირიქით, ამ დირექტივით მათ უფრო მეტი უფლება ენიჭებათ. მაგალითად, თუ პირს საკუთარი მიმდინარე ანგარიშის ინფორმაციის თუნდაც ბიუჯეტის შემდგენ აპლიკაციასთან გაზიარება სურს, ბანკმა ეს უნდა დაუშვას.
აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ PSD2-ის დანერგვამ ფინტექის შესაძლებლობები უფრო მეტად გაზარდა, რაც მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზებითა და პროგრამით სარგებლობის საშუალებას აძლევს.
როგორ იყენებენ ფინტექები API-ებს
ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში API მრავალი დანიშნულებით გამოიყენება. მათ შორისაა:
გადახდის დამუშავება
API-ების საშუალებით გადახდის მეთოდების გაფართოება, ამის გარდა ონლაინშეკვეთისა და გადახდის პროცესების გამარტივება არის შესაძლებელი. მომხმარებელს, კომერციულ ვებსაიტსა და ბანკს შორის არსებული ბარიერების მოშორებით, თუნდაც ონლაინსაყიდლები შეუფერხებელ პროცესად იქცევა.
ინვესტირების მენეჯმენტი
ინვესტირების ზედამხედველობის API-ები ფინანსურ სპეციალისტებსა და აგენტებს წვდომას აძლევენ პერსონალური საქმის ანგარიშზე. ეს აქრობს საჭიროებას, რომ კლიენტის აქტივებთან დაკავშირებით მათ ვარაუდით ან ნაწილ-ნაწილ შექმნან სამოქმედო გეგმა.
რეგულირება
მარეგულირებელი ტექნოლოგია (Regtech) ფინტექის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება, რადგან ბიზნესს საკუთარი მომხმარებლების იდენტობის დადასტურება უნდა შეეძლოს. პროგრამები, რომლებიც ბიომეტრიული იდენტიფიკაციის (თითის ანაბეჭდი, ირისის სკანირება) საშუალებას იძლევიან, Regtech API-ების მაგალითებს წარმოადგენენ.
რატომ არის API-ები Fintech ინოვაციის მომავალი?
– ციფრული ეკოსისტემის შენარჩუნება და გაძლიერება. ვინაიდან API ამ ეკოსისტემის ერთგვარი საყრდენია, ის კომპანიებს სტრატეგიული პარტნიორობების შენარჩუნებისა და, შესაბამისად, სწრაფად ზრდის საშუალებას აძლევს.
– ეჯაილ გაიდლაინები. დღევანდელობისთვის დამახასიათებელი სწრაფი ტემპით მიმდინარე სამუშაო პროცესში მოქნილი პრინციპები ფუნდამენტურია. Google Cloud-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, ფინტექ და სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც API-ებს იყენებენ, სხვებთან შედარებით, უფრო სწრაფად მოდერნიზდებიან და მეტ სარგებელს იღებენ.
– გაუმჯობესებული მომხმარებლის გამოცდილება. API-ების პლატფორმაში ინტეგრირება კომპანიებს მომხმარებლისთვის ახალი საქონლისა თუ მომსახურების უფრო სწრაფად და მარტივად წარდგენაში ეხმარება.