7 ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე Apple-ის Peek Performance-იდან
Apple-ის Peek Performance გუშინ, 8 მარტს, თბილისის დროით საღამოს 10 საათზე გაიმართა. ონლაინღონისძიებაზე კომპანიამ არაერთი სიახლე წარადგინა, მათ შორის მესამე თაობის iPhone SE და Mac Studio. გთავაზობთ Apple-ის პრეზენტაციის მოკლე მიმოხილვასა და ყველაზე მნიშვნელოვან განახლებებს.
Apple M1 Ultra
Apple-ის M1 ჩიპების ხაზს ახალი M1 Ultra ემატება, რომელიც მის წინამორბედებზე M1-ზე, M1 Pro-სა და M1 Max-ზე ბევრად ძლიერია. მასში გაერთიანებულია ორი M1 Max ჩიპი და 128 GB-მდე ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა აქვს. კომპანიის განცხადებით, იგი რვაჯერ უფრო სწრაფია ვიდრე სტანდარტული M1 ჩიპი. M1 Ultra ხელმისაწვდომი იქნება Mac Studio-ში.
Mac Studio
7.7×7.7×3.7 დუიმის ზომის Mac Studio-ს უკანა მხარეს აქვს ოთხი Thunderbolt 4 პორტი, 10-გიგაბიტიანი Ethernet პორტი, HDMI პორტი, ორი USB-A პორტი და აუდიო ჯეკი. ხოლო წინა მხარეს გააჩნია დამატებითი ორი USB-C პორტი და SD სლოტი.
Apple-ის თქმით, M1 Ultra-ს წყალობით, Mac Studio 2,5-ჯერ უფრო სწრაფია (პროცესორის თვალსაზრისით) ვიდრე 27-დუიმიანი iMac და 50%-ით უფრო სწრაფია ვიდრე Mac Pro 16-ბირთვიანი Xeon პროცესორით.
M1 Max ჩიპით Mac Studio-ის ფასი $1999-იდან იწყება, ხოლო ახალი M1 Ultra ჩიპით მისი საწყისი ღირებულება $3999-ია. მისი მიწოდება 18 მარტიდან დაიწყება.
Studio Display
Studio Display-ს აქვს 27-დუიმიანი 5K გარჩევადობის ეკრანი და ალუმინის კორპუსი. ეკრანი აღწევს 600 ნიტამდე სიკაშკაშეს, აქვს P3 ფართო ფერის მხარდაჭერა და მუშაობს macOS-ის TrueTone ფუნქციით. Studio Display-ში, ეკრანის ზემოთ, ჩაშენებულია 12-მეგაპიქსელიანი ულტრა ფართო კამერა (Center Stage ფუნქციის მხარდაჭერით), უკანა მხარეს კი აქვს ერთი Thunderbolt და სამი USB-C პორტი.
Studio Display-ის საწყისი ფასია $1599 და მისი მიწოდებაც 18 მარტს დაიწყება.
iPhone SE
მესამე თაობის iPhone SE-ს აქვს Apple-ის უახლესი A15 Bionic ჩიპი (იგივე ჩიპი აქვს iPhone 13-ს). მას ასევე გააჩნია 5G მხარდაჭერა, Home ღილაკი (Touch ID-ით), 4.7 დუიმიანი ეკრანი და, კომპანიის თქმით, ბატარეის უკეთესი ხანრძლივობა.
ახალი iPhone SE-ის საწყისი ფასი იქნება $429, ხოლო მისი მიწოდება დაიწყება ასევე 18 მარტს.
iPad Air
ბოლო განახლებიდან წელიწადნახევრის შემდეგ iPad Air-ს კიდევ ერთი ახალი ვერსია აქვს, მაგრამ ამჯერად დიზაინს ნაკლებად შეეხო. ახალ iPad Air-ს აქვს 8-ბირთვიანი M1 ჩიპი (iPad Pro-ის მსგავსად), 5G მხარდაჭერა (cellular მოდელებზე) და 12-მეგაპიქსელიანი წინა კამერა.
მისი საწყისი ფასია $599 და მისი მიწოდებაც 18 მარტს დაიწყება.
IOS 15.4
IOS 15.4 გამოვა შემდეგ კვირას, რაც იმას ნიშნავს, რომ Face ID-ის გამოყენებას ნიღბითაც შეძლებთ.
27-დუიმიანი iMac
Intel-ზე დაფუძნებული 27-დუიმიანი iMac-ების გაყიდვის შეწყვეტის შესახებ კომპანიას ღონისძიებაზე არ განუცხადებია, თუმცა ისინი Apple-ის მაღაზიაში აღარაა ხელმისაწვდომი.