Apple-ის გასაიდუმლოებული პროექტები
ალბათ, ყველას გაგვიგია ერთი ისტორია მაინც იმაზე, თუ როგორი გასაიდუმლოებულია Apple-ის ახალ პროდუქტზე მუშაობის პროცესი. თუმცა, საჯარო კომპანია, რომლის აქციებიც საფონდო ბირჟაზეა მიმოქცევაში, შესყიდული კომპანიების ნუსხას ვერ დამალავს. არც ახალადდაქირავებული თანამშრომლების ვინაობისა და სპეციალობის დაფარვაა მარტივი.
პატენტების მიღების თაობაზე შეტანილ განცხადებებზე დაყრდნობით, Apple უკვე 10 წელია ვირტუალური და გაძლიერებული რეალობის ტექნოლოგიებს იკვლევს. თუმცა, 2015 წლის შემდეგ განხორციელებული შესყიდვებისა და დასაქმებული ადამიანების სამუშაო სფეროების ანალიზით ცხადი ხდება, რომ Apple-ის AR/VR პროდუქტი არც ისე შორეული მომავლის საკითხია.
შეძენილი კომპანიები
მართალია, Apple წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრ კომპანიას ყიდულობს, თუმცა აქ მთავარი მათი პროდუქტებია. 2015 წლიდან მოყოლებული, ტექნოლოგიურმა გიგანტმა არაერთი AR/VR ტექნოლოგიაზე მომუშავე კომპანია შეიძინა.
Apple-ის შესყიდვები თანამიმდევრულად ასე გამოიყურება:
Metaio – AR ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპი Apple-მა 2015 წლის მაისში იყიდა. Metaio-ის პროდუქტი Metaio Creator გაძლიერებული რეალობის სცენარების რამდენიმე წუთში შექმნის საშუალებას იძლევა.
Faceshift – ეს კომპანია Apple-მა 2015 წლის აგვისტოში შეიძინა. Faceshift მუშაობდა ტექნოლოგიაზე, რომელიც 3D სენსორების გამოყენებით სახის გამომეტყველებას აფიქსირებს და რეალურ დროში ანიმაციად გარდაქმნის.
Emotient – კომპანია, რომელმაც სახის გამომეტყველების ანალიზის ხელსაწყოები შექმნა, Apple-მა 2016 წლის იანვარში იყიდა.
Flyby Media – ასევე 2016 წლის დასაწყისში Apple-მა გაძლიერებულ რეალობაზე მომუშავე კომპანია შეიძინა.
RealFace – სახის ამოცნობის ტექნოლოგიაში სპეციალიზებული კომპანია Apple-მა 2017 წლის თებერვალში შეისყიდა.
Vrvana – 2017 წლის ნოემბერში Apple-მა იყიდა კომპანია, რომელმაც შექმნა შერეული რეალობის (MR) ჰედსეტი Totem.
Akonia Holographics – სტარტაპი, რომელიც AR სათვალეებისთვის ლინზებს ამზადებს, Apple-მა 2018 წლის აგვისტოში შეიძინა.
NextVR – ეს კომპანია Apple-მა 2020 წლის მაისში შეისყიდა. NextVR ვირტუალურ რეალობას სპორტთან, მუსიკასთან და გართობასთან აერთიანებს. ის მომხმარებელს სხვადასხვა მწარმოებლების ჰედსეტზე ცოცხალი ღონისძიებების VR გამოცდილებას სთავაზობდა.
თანამშრომელთა გუნდი
მხოლოდ შეძენილი კომპანიების ანალიზი არაა საკმარისი, ამიტომ თანამშრომელთა გუნდზეც ვისაუბროთ.
2015 წლის მარტში ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ Apple-ს AR და VR ტექნოლოგიებზე მომუშავე ადამიანთა გუნდი ჰყავს. ამ და მომდევნო წელს ტექნოლოგიურმა გიგანტმა აღნიშნული მიმართულებით გამოცდილი მრავალი თანამშრომელი დაიქირავა.
მაიკ როკველის ხელმძღვანელობით, ამ ტექნოლოგიებზე მუშაობენ ისეთი კომპანიების ყოფილი თანამშრომლები, როგორებიცაა Oculus, HoloLens, Amazon (VR გუნდიდან), Weta Digital და Lucasfilm. მათ შორის ყველაზე ცნობილი კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი დოგ ბოუმენია. მისი სპეციალიზაცია სამგანზომილებიანი მომხმარებლის ინტერფეისის დიზაინია და გამოცდილება როგორც AR, ასევე VR მიმართულებით აქვს. გუნდის კიდევ ერთი წევრია მეცნიერ-მკვლევარი იური პეტროვი, რომელიც ადრე Meta-ის პროდუქტზე Oculus მუშაობდა.
რა პროდუქტებზეა საუბარი
გავრცელებული ინფორმაციით, Apple მუშაობს სულ მცირე ორ პროექტზე – შერეული რეალობის ჰედსეტსა და გაძლიერებული რეალობის ჭკვიან სათვალეზე.
Apple-ის ანალიტიკოსი მინჩ კუო თვლის, რომ ჰედსეტი 2022 წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში გამოვა, ხოლო სათვალე – 2025 წელს. თუმცა სხვა წყაროები ამტკიცებენ, რომ უკანასკნელი 2023 წელს გახდება საჯარო.
შერეული რეალობის ჰედსეტი
როგორც ცნობილია, აღნიშნული პროდუქტი Oculus Quest-ის ვირტუალური რეალობის ჰედსეტის მსგავსია.
მას ექნება ორი 8K გარჩევადობის ეკრანი და თვალის სენსორული კამერები, რომლებიც მომხმარებელს ვირტუალური ობიექტების წინ და უკან მდგომი ადამიანების დანახვის საშუალებას მისცემს. ეკრანზე ასევე შეიძლება იყოს ჩაშენებული გარე თვალი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, გრაფიკა სხვებს აჩვენოს. ამასთანავე, ჰედსეტი ოთახების ზედაპირების, კიდეებისა და ზომების რუკას მეტი სიზუსტით შეადგენს.
Apple-ის ანალიტიკოსის, მინჩ კუოს თქმით, შერეული რეალობის ჰედსეტს ჯამში 15 ოპტიკური კამერის მოდული ექნება. აქედან 8 გამოყენებული იქნება გამჭვირვალე გაფართოებული რეალობის გამოცდილების შესაქმნელად, 6 მოდული – „ინოვაციური ბიომეტრიისთვის’’ და ხოლო 1 კამერის მოდული – გარემოს დეტექტირებისთვის. კუო ასევე თვლის, რომ პროდუქტი აღჭურვილი იქნება მოწინავე eye-tracking სისტემით, რომელიც ინტუიციური ვიზუალური გამოცდილების უზრუნველსაყოფად გამოიყენება.
Apple-ს ჰედსეტისთვის App Store-ის შექმნა სურს. აქცენტი თამაშებზე, ვიდეო კონტენტის სტრიმინგზე და ვიდეო კონფერენციებზე გაკეთდება. ის ასევე შესაძლოა Apple TV+-თან და Apple Arcade-თან იყოს ინტეგრირებული. პროდუქტს WiFi 6E მხარდაჭერაც ექნება.
ამასთანავე, ჰედსეტის ზომის შემცირების მიზნით, Apple-მა, სავარაუდოდ, მისი სახესთან მიახლოება გადაწყვიტა. ამის გამო, მომხმარებლები სათვალის გამოყენებას ვერ შეძლებენ. თუმცა, კომპანიამ ამაზე იზრუნა და ლინზების ჩასმა VR ეკრანებზე იქნება შესაძლებელი.
ჰედსეტის ამჟამინდელი პროტოტიპი დაახლოებით 200-300 გრამს იწონის, მაგრამ მისი 100-200 გრამამდე შემცირება იგეგმება. ამისთვის მთავარია, ტექნიკური ხარვეზები მოგვარდეს, რაც ჰედსეტს საბოლოოდ ბაზარზე ამჟამად ხელმისაწვდომ VR მოწყობილობებზე უფრო მსუბუქად აქცევს.
გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, დიზაინერმა ანტონიო დე როსამ პროდუქტის 3D რენდერები შეიმუშავა. სწორედ ასე შეიძლება გამოიყურებოდეს Apple-ის შერეული რეალობის ჰედსეტი.
მოსალოდნელია, რომ ჰედსეტი ბევრად უფრო ძვირი იქნება, ვიდრე სხვა კომპანიების იგივე პროდუქტები. გავრცელებული ინფორმაციით, Apple მის ფასად დაახლოებით $3000-ს განიხილავს.
გაძლიერებული რეალობის ჭკვიანი სათვალე
როგორც ცნობილია, აღნიშნული პროდუქტი განვითარების იმაზე უფრო ადრეულ ეტაპზეა, ვიდრე შერეული რეალობის ჰედსეტი.
Apple, სავარაუდოდ, უახლესი OLED ეკრანის გამოყენებას გეგმავს, რომლებსაც Sony მიაწოდებს. ეს მიკროდისპლეები აღჭურვილია სწრაფი რეაგირების სიჩქარით, მაღალი კონტრასტით, ფართო ფერთა გამითა და ინტეგრირებული დრაივერებით თხელი, მსუბუქი დიზაინისთვის. გავრცელებული მტკიცებულებებით, 0.5-ინჩიანი ეკრანის გარჩევადობა 1280×960 იქნება.
დამატებით, ცნობილი გახდა, რომ გაძლიერებული რეალობის სათვალე rOS-ზე იმუშავებს. ის, სავარაუდოდ, iPhone-ს ოპერაციულ სისტემაზე iOS არის დაფუძნებული. Apple-ის ანალიტიკოსი მინჩ კუო მოელის, რომ პროდუქტი გაყიდვაში შევა როგორც iPhone-ის აქსესუარი.
საიდუმლო ინფორმაციების გამამჟღავნებელი ჯონ პროსერის თქმით, სათვალეები იქნება ან Ray-Ban Wayfarers-ის მსგავსი, ან ისეთი, როგორსაც ტიმ კუკი ატარებს. ამის გარდა, მისი განცხადებით, Apple ჭკვიანი სათვალეების შეზღუდული გამოცემის ,,Steve Jobs Heritage’’ ვერსიაზეც მუშაობს. აღნიშნული პროდუქტი იქნება ისეთივე დიზაინის, როგორსაც სტივ ჯობსი ატარებდა – მრგვალი, ჩარჩოს გარეშე სათვალე.
ასევე, რეგულარული სათვალის საწყისი ფასი, სავარაუდოდ, $499 იქნება. ხოლო რეცეპტიანი ლინზის საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი საფასური იქნება გადასახდელი.
რატომ გაძლიერებული რეალობის სათვალე?
VR-სა და AR-ზე, როგორც მომავლის ტექნოლოგიაზე, საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს. მათ იმპლემენტაციას კი სხვადასხვა საქმიანობაში უკვე ხშირად ვხედავთ.
მაგალითად, გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ კომპანია Meta (ყოფილი Facebook) VR და AR ტექნოლოგიების საშუალებით, ურთიერთდაკავშირებული ციფრული სივრცის ნაკრებზე მუშაობს. ე.წ. მეტავერსში ბევრი რამ დამოკიდებული იქნება VR ხელსაწყო Oculus-ზე. ამის საშუალებით, მომხმარებლები სტატიკურ 2D ვიზუალს გასცდებიან და თავს უფრო რეალურ და სივრცულ 3D ვიზუალში ამოყოფენ.
მხოლოდ უცხოური მაგალითით რომ არ შემოვიფარგლოთ, რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში საქართველოს ბანკის ახალი ბარათების კონცეპტიც გამოჩნდა AR-ით. ცალსახად, ძალიან საინტერესო აზრია მისი ბარათებში გამოყენება. მითუმეტეს, რომ ზუსტად Apple-მა iOS11-იდან მოყოლებული, AR-ის მხარდაჭერა კამერაშივე ჩააშენა.
ორი მნიშვნელოვანი კითხვა
როგორც იცით, Apple-მა 2024 წელს მანქანის გამოშვება დააანონსა და Hyundai-ის მენეჯმენტმაც დაადასტურა, რომ ისინი ტექგიგანტისთვის ავტომობილის შექმნაზე მსჯელობენ.
Tesla-ის, NIO-ისა და სხვა ელექტრომობილების წარმატების შემდეგ, ხომ არ გახდება სათვალე მეორადი პრიორიტეტი Apple-ისთვის? საინტერესოა, როგორ გააუმჯობესებს Apple იმ პროდუქტს, რომელიც Google-სა და Microsoft-ს უშანსოდ ჩაუვარდათ.