App Store-იდან აპლიკაციების გარკვეული ჯგუფები წაიშლება – რას ამბობენ დეველოპერები
გასული კვირის განმავლობაში Apple-მა დეველოპერებს ელექტრონული წერილების საშუალებით აცნობა, რომ თუ 30 დღის განმავლობაში განახლებას არ წარადგენდნენ, მათი აპლიკაციები App Store-იდან წაიშლებოდა.
,,აპლიკაცია დიდი ხნის განმავლობაში არ განახლებულა და 30 დღეში მისი გაყიდვიდან ამოღება არის დაგეგმილი. არანაირი ქმედება არ არის საჭირო იმისათვის, რომ აპლიკაცია ხელმისაწვდომი დარჩეს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებმაც ის უკვე ჩამოტვირთეს. აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება ახალი მომხმარებლებისთვის, თუ 30 დღის განმავლობაში განახლებას გამოგზავნით. თუ 30 დღეში განახლებას არ წარადგენთ, აპლიკაცია წაიშლება’’, – ვკითხულობთ განცხადებაში.
კომპანიის მიერ დაგზავნილ ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში არაერთმა დეველოპერმა გამოთქვა უკმაყოფილება.
,,Apple-მა ახლახან გამომიგზავნა ელექტრონული წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩემს უფასო თამაშს, Motivoto-ს შლიან, რადგან ის 2 წელზე მეტი ხნისაა… ეს ინდი დეველოპერებისთვის უსამართლო ბარიერია’’, – წერს რობერტ კაბვე.
კაბვეს განცხადებას კოსტა ელეფთერიუ გამოეხმაურა აღნიშნა, რომ App Store-იდან მისი აპლიკაციის წაშლის ფონზე, სხვა აპლიკაციები ბევრად დიდი ხანია არ განახლებულა.
,,იმის გამო, რომ 2 წლის განმავლობაში არ განმიახლებია, Apple-მა ასევე წაშალა ჩემი FlickType Keyboard-ის ვერსია, რომელიც მხედველობადაქვეითებულ საზოგადოებას ემსახურებოდა. ამავდროულად, თამაშები, როგორიცაა Pocket God, უკვე 7 წელია არ განახლებულა’’, – წერს იგი.
დეველოპერები აცხადებენ, რომ Apple-ის მიდგომა თამაშების მიმართ უსამართლოა. შესაძლოა, კომპანიის ნაბიჯი გონივრული იყოს ისეთი აპლიკაციების შემთხვევაში, რომელთაც მუდმივი განახლება სჭირდებათ, თუმცა, ვიდეოთამაშების შექმნა და გამოშვება განახლებების გარეშეც სრულიად შესაძლებელია.
,,თამაშები შეიძლება დასრულებული ობიექტების სახით არსებობდეს! ეს უფასო პროექტები არ საჭიროებს განახლებებს, ისინი წლების წინ დასრულებული ნამუშევრებია’’, – წერს ემილია ლეიზერ-უოლკერი.
დეველოპერებისგან მიღებული გამოხმაურების შემდეგ, Apple-მა დამატებითი, განმარტებითი განცხადება გაავრცელა. პრესრელიზში კომპანია აღნიშნავდა, რომ App Store-ის გაუმჯობესების პროცესი ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო და მის ფარგლებში, ბოლო 6 წლის განმავლობაში, თითქმის 2,8 მილიონი აპლიკაცია წაიშალა. Apple-ის თქმით, ეს პროცესი აპლიკაციების აღმოჩენადობის, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის, ასევე მომხმარებლის გამოცდილების ნაწილში როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე დეველოპერებისთვისაც სარგებლიანი იყო.
,,App Store-ის გაუმჯობესების პროცესის ფარგლებში, დეველოპერებმა, რომელთა აპლიკაციების ბოლო 3 წლის განმავლობაში არ განახლებულა და ვერ აკმაყოფილებენ ჩამოტვირთვების მინიმალურ ზღვარს – ანუ, აპლიკაცია საერთოდ არ ჩამოტვირთულა ან 12 თვის განმავლობაში ჩამოტვირთვების ძალიან ცოტა რაოდენობა ჰქონდა – მიიღეს ელექტრონული წერილები, რომლებითაც ეცნობათ, რომ მათი აპლიკაცია App Store-დან შესაძლო წაშლისთვის არის იდენტიფიცირებული’’, – აცხადებდა კომპანია.
ამ დროისთვის, Apple-მა თავდაპირველად განსაზღვრული 30-დღიანი პერიოდი გაახანგრძლივა და აპლიკაციის განახლების წარსადგენად დეველოპერების 90 დღე მისცა.