ინვესტიციის მოზიდვისას ზედმეტი ოპტიმიზაცია არასაჭიროა – ერონ ჰარისი
,,ვფიქრობ, ბევრი დამფუძნებელი ინვესტიციების მოზიდვას მათემატიკური ამოცანის მსგავსად უდგება. ისინი მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ერთი სწორი პასუხი არსებობს. ამას, ჩვეულებისამებრ, მივყავართ ზედმეტ ოპტიმიზაციამდე, რაც შეცდომაა’’, – ამბობს Y Combinator-ის ყოფილი პარტნიორი ერონ ჰარისი და დასძენს, რომ სტარტაპები უნდა მუშაობდნენ მხოლოდ იმის მისაღებად, რაც სჭირდებათ. მისი თქმით, ინვესტიციის მოზიდვისას გადამეტებული ოპტიმიზაციის იმდენი გზა არსებობს, რამდენიც სტარტაპის დამფუძნებელი. მისი თავიდან აცილებისთვის კი, იმის გააზრებაა საჭირო, თუ რა არის უმნიშვნელო და რა – მნიშვნელოვანი.
გავრცელებული შეცდომები
სტარტაპის შეფასება – ზოგჯერ, დამფუძნებლები სტარტაპის ღირებულებას ხელოვნურად ზრდიან და მიიჩნევენ, რომ თუ მათი შეფასება სხვებთან შედარებით მაღალია, ისინი უკეთესები არიან. თუმცა, როგორც ერონი აღნიშნავს, ინვესტიციის მაღალი შეფასებით მოზიდვას კომპანიის ხარისხთან საერთო არაფერი აქვს.
ინვესტორები – სასაცილო ისაა, რომ ადამიანები საუკეთესო ინვესტორის შერჩევაზე მანამ ფიქრობენ, სანამ საერთოდ რაიმე შეთავაზებას მიიღებენ, – ამბობს ჰარისი და დასძენს, რომ ზოგიერთი ინვესტორი სხვებს ნამდვილად სჯობია, თუმცა კარგი ინვესტორის მოძიება აუცილებლად სტარტაპის მიერ წარმატების მიღწევას არ ნიშნავს.
წილი – ჰარისის თქმით, დამფუძნებლებს, რომლებიც კამათობენ იმაზე, სტარტაპის 18% დათმონ თუ 20%, მთავარი რამ ეკარგებათ მხედველობიდან – ისეთი კომპანიის შექმნაზე ფოკუსირება, რომელიც დიდ წარმატებას მიღწევს.
თანხის რაოდენობა – ზოგჯერ, დამფუძნებლები ზედმეტად შეპყრობილნი ხდებიან იმ თანხის რაოდენობით, რომლის მოპოვებასაც ცდილობენ და ავიწყდებათ, თუ საერთოდ რატომ უნდოდათ ინვესტიციის მოზიდვა. ამასთან დაკავშირებით, ერონი ამბობს, რომ ,,ფული მიზნის მისაღწევი საშუალებაა და არა თავად მიზანი’’, ხოლო საჭიროზე მეტი თანხის მოზიდვა წარმატების გარანტი არ არის.
სისწრაფე – ,,დამფუძნებლებს, რომლებიც რაუნდების რამდენიმე დღეში დახურვას ცდილობენ, ალბათ სჯერათ, რომ ადამიანები უკეთეს გადაწყვეტილებებს ექსტრემალური ზეწოლის ქვეშ ყოფნისას იღებენ’’, – აღნიშნავს ჰარისი და დასძენს, რომ ეს სიმართლეს თითქმის არასდროს შეესაბამება.
ერონის თქმით, განხილული თითოეული საკითხი, რეალურად, მნიშვნელოვანია. თუმცა, არსებობს მათთან გამკლავების სწორი და არასწორი გზები. ცხადია, ზემოთ აღნიშნული მიდგომები არასწორია და დამფუძნებლებმა ამ საკითხებს სხვა პერსპექტივით უნდა შეხედონ.
სწორი მიდგომა
სტარტაპის შეფასება – ერონის თქმით, სტარტაპის შეფასება საკმარისად (და არა გადაჭარბებულად) მაღალი უნდა იყოს იმისთვის, რომ დამფუძნებლებმა მათთვის საჭირო თანხის მოზიდვა შეძლონ.
ინვესტორები – ,,ინვესტორების უმეტესობა ნორმალურია – ისინი კაპიტალს და თხოვნის შემთხვევაში, გარკვეულ დახმარებას უზრუნველყოფენ. ზოგიერთი ინვესტორი შესანიშნავია – ისინი უზრუნველყოფენ კაპიტალს; თხოვნის შემთხვევაში კი, დიდ დახმარებას გვიწევენ და გზიდანაც გვეცლებიან’’, – ამბობს ჰარისი და დასძენს, რომ არსებობენ დესტრუქციული ინვესტორები, რომელთაც სტარტაპისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ. მისი თქმით, დამფუძნებლებმა მათ თავიდან აცილებაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.
წილი – ერონი აღნიშნავს, რომ დამფუძნებლებმა სტარტაპის იმ რაოდენობის პროცენტი უნდა შეინარჩუნოს, რომელიც მის საქმისადმი ერთგულების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამფუძნებელი წილის დიდ ნაწილს გასცემს, წარმოიქმნება რისკი იმისა, რომ მისი ინტერესი შემცირდეს და საქმე საშუალო დონეზე შეასრულოს.
თანხის რაოდენობა – ,,დამფუძნებლები თანხას გარკვეული მიზნების მისაღწევად იზიდავენ. შესაბამისად, მათ უნდა მოიძიონ საკმარისი ფინანსები იმისთვის, რომ ეტაპებს გარკვეული შეცდომების ან შეყოვნებების შემთხვევაშიც მიაღწიონ’’, – ამბობს ჰარისი და აღნიშნავს, რომ ჭკვიანი დამფუძნებლები მხოლოდ იმდენ თანხას იზიდავენ, რამდენიც წარმატებისთვის საკმარისი (და არა ზედმეტი) იქნება.
სისწრაფე – ერონის თქმით, ინვესტიციის მოზიდვის პროცესი, რომელიც სწრაფად არ ვითარდება, წარუმატებლობით მთავრდება. თუმცა, დამფუძნებლებმა ბალანსი უნდა დაიცვან – გარიგების დახურვის პროცესი სწრაფად უნდა ვითარდებოდეს, მაგრამ არა ზედმეტად სწრაფად.