ARRIVAL-ის ორგანიზებით მეტავერსში რიგით მეხუთე კონფერენცია წარმატებით შედგა!
24 დეკემბერს, საქართველოში პირველმა მეტავერს ღონისძიებების სააგენტო Arrival-მა ამჯერად ვირტუალური სივრცე ქართველ ქალ მეწარმეებს დაუთმო.
ღონისძიება შედგა Spatial-ის მეტავერსში, ინგლისურ ენაზე, და მსოფლიო მასშტაბით არაერთ Web3 ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანს უმასპინძლა.
კონფერენციის ძირითადი თემატიკა იყო Girls in Web3, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ ამ სფეროში მოღვაწე ქალები და მათი გამოწვევებით სავსე წარმატების გზები.
საღამოს უძღვებოდა Pocket Studio-ს დამფუძნებელი ანა ჩუბინიძე, ხოლო მოწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ მარიკა ხანთაძე – Mellow Morning-ის თანადამფუძნებელი, ელენე ევსია – Anonymer-ის აღმასრულებელი მენეჯერი, და სამუელა დავიდოვა Liberland-ის წარმომადგენელი საქართველოში.
სპიკერებმა დამსწრეებს გააცნეს თავიანთი პროექტები, ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე, შესაძლებლობებსა და დაბრკოლებებზე, რომლებიც თან სდევს Web3-ში მოღვაწეობას როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
კონფერენციის პარალელურად, სტუმრებს ჰქონდათ პირდაპირ რეჟიმში კითხვების დასმის შესაძლებლობაც.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ARRIVAL-მა დამსწრეებს უმასპინძლა კლუბ ილუზიაში, სადაც მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა წინასაშობაო წვეულებისა და ელექტრონული მუსიკის ფონზე გაეცნოთ საღამოს მოწვეული სტუმრები, სპიკერები, დაემყარებინათ საჭირო კავშირები და ემსჯელათ Web3 ინდუსტრიის ტრენდებსა და სპეციფიკაზე.
Girls in Web3 ღონისძიების ორგანიზატორი იყო კომპანია ARRIVAL-ი, პირველი ქართული მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება სხვადასხვა ტიპის კონფერენციების 3D ვირტუალურ სივრცეში ჩატარებასა, და დამსწრეთათვის სახალისო და ინტერაქციული გამოცდილებების შექმნაში.
ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: MetaViu, GITA, Noxtton, და Spark.