ქართული სტარტაპები: Awork
Awork-ი ქართული დასაქმების პლატფორმაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩაეშვა ბაზარზე. ის სამი ძირითადი პროდუქტისგან შედგება: Awork App, Awork Website & Awork Business Platform. თითოეული მათგანი მნიშვნელოვნად ეხმარება დასაქმების მაძიებლებსა და დამსაქმებლებს, იპოვონ შესაბამისი სამუშაო/კადრი.
სტარტაპის შესახებ დეტალურად მის თანადამფუძნებელს, გიორგი რაზმაძეს გავესაუბრეთ:
იდეა
Awork-ის შექმნის იდეა 2021 წლის დეკემბერში გაჩნდა. ბოლო წლებში აქტიურად ვაკვირდებოდით საქართველოში დასაქმების მიმართულებით არსებულ სიტუაციასა და გამოწვევებს, შესაბამისად, დავინახეთ ამ მხარეს სივრცე, რომელიც ნამდვილად საჭიროებდა ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას და გაციფრულებას. პირველი რამდენიმე კვირა დავუთმეთ ბაზრის კვლევას, კონკურენტების უკეთ შესწავლას, უცხოური ტენდეციებისა თუ პრაქტიკების დეტალურ ანალიზს. ამ ეტაპმა კიდევ უფრო დაგვარწმუნა Awork-ის დროულობასა და საჭიროებაზე. 2022 წლის თებერვლიდან დავიწყეთ უკვე ტექნოლოგიაზე მუშაობა და 4 თვიანი აქტიური შრომის შედეგად, 1 ივნისს მივიღეთ, Awork-ის MVP ვერსია. 1 თვე Friends & Family ტესტირებას დავუთმეთ და 1 ივლისს ვებ-გვერდი დავლანჩეთ, ხოლო 16 სექტემბერს გავუშვით Awork App – დასაქმების პირველი ქართული აპლიკაცია. აპლიკაციის გაშვებიდან 24 საათში, მარკეტინგული აქტივობების გარეშე გვქონდა 1000-ზე მეტი აპლიკაციის ჩამოტვირთვა და 15000 მეტი in-app მოქმედება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად საჭირო იყო სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმების აპლიკაცია.
პრობლემა
ზოგადად დასაქმების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ აქტუალურია, ჩვენი მთავარი მიზანი კი ტექნოლოგიის გამოყენებით სამუშაოს მაძიებელსისთვის სამსახურის პოვნის, ხოლო ბიზნესისთვის რეკრუტირების პროცესის გამარტივებაა. ყოველწლიურად 50 ათასზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი შემოდის ქართულ ბაზარზე, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესს არ გააჩნია სათანადო ციფრული ინსტრუმენტები მათი მიზნობრივი და ეფექტური რეკრუტირებისთვის. მეორე მხრივ, სამუშაოს მაძიებელს უჭირს სასურველი ვაკანსიის პოვნა, რადგან უმრავლესობა ქართული დასაქმების პლატფორმებისა ნაკლებად ადაპტირებულია მობილურისთვის, როცა 80%-მეტი სამუშაოს მაძიებლისა, სწორედ სმარტფონებს იყენებს.
პროდუქტი/მომსახურება
Awork-ის ეკოსისტემა სამი ძირითადი პროდუქტისგან შედგება: Awork App, Awork Website & Awork Business Platform.
Awork App – ეს არის ქართული დასაქმების პირველი აპლიკაცია, რომელიც დასაქმების სფეროში ინოვაციურ, განსხვავებულ, თუმცა უმრავლესობისთვის ცნობილ გამოცდილებას სთავაზობს სამუშაოს მაძიებელს. ჩვენი აპლიკაცია ეხმარება მაძიებელს, მარტივად იპოვოს სამსახური სახლთან ახლოს, გააგზავნოს CV ღილაკზე ერთი თითის დაჭერით ან უბრალოდ ვაკანსიის ქარდის ზემოთ გადაგდებით, როგორც ეს ცნობილ აპლიკაციაში Tinder-შია. ასეთი გამოცდილება, ასევე ბიზნესს ეხმარება მასრეკრუტირების პროცესის გამარტივებასა და ეფექტურობის ზრდაში.
Awork Website – Awork.ge მაქსიმალურად მორგებულია სამუშოს მაძიებლების საჭიროებებს და არის Mobile Friendly. Awork-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ მაძიებელს CV-ს გასაგზავნად არ უწევს საიტის დატოვება და მას ვაკანსიის პოვნა რუკის გამოყენებით შეუძლია. რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში კი, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თვალი ადევნოს გაგზავნილ აპლიკაციებს, შეინახოს სასურველი ვაკანსიები, გამოიწეროს სამუშოს შეტყობინებები, ატვირთოს CV და გამოიყენოს ის ნებისმიერ დროს. თუ მომხმარებელს არ აქვს CV, შეუძლია პროფილი შეავსოს და ის გაუზიაროს პოტენციურ დამსაქმებელს.
ასევე, მაძიებელს აქვს შესაძლებლობა, პროფილში ატვირთოს 1 წუთამდე სამოტივაციო ვიდეო და მოუყვეს დამსაქმებელს თავისი გამოცდილებისა თუ უნარების შესახებ.
Awork Business-Profile – ბიზნეს-პროფილი არის სივრცე კომპანიებისთვის, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობა, ციფრულად მართონ რეკრუტმენტის სრული ციკლი. კომპანიის პროფილი სამი ძირითადი მოდულისგან შედგება:
Dashboard – სივრცე, სადაც თავმოყრილია ვაკანსიებისა და აპლიკაციების შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემები.
ვაკანსიების მართვის მოდული – სივრცე, სადაც შესაძლებელია ვაკანსიების გამოქვეყნება, დაგეგვმა, დუბლირება, რედაქტირება და ა.შ.
აპლიკანტების მართვის მოდული – სივრცე, სადაც შესაძლებელია აპლიკანტების გადარჩევა, ფავორიტად მონიშვნა, ფილტრაცია, კომენტარების მითითება, სტატუსების ცვლილება და ა.შ.
ბიზნესმოდელი
ბიზნესებს ვთავაზობთ 30 დღიან Free Trial პერიოდს, რათა კარგად დავანახოთ ის უპირატესობები და ღირებულები, რომლებსაც მათ ვუქმნით. Free Trial პერიოდის გასვლის შემდგომ, კი გვაქვს თანამშრომლობის ორი ალტერნატივას – პირველი – ეს არის Pay Per Vacancy მოდელი, რომელიც ტიპების მიხედვით 35 ლარიდან 95 ლარამდე მერყეობს; მეორე – Monthly Subscription პაკეტები, რომლებიც 199 ლარიდან იწყება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Subscription მოდელი დასაქმების მიმართულებით საქართველოში სიახლეა, საკმაოდ დიდი ინტერესი და გამოყენება აქვს ჩვენი პარტნიორი კომპანიების მხრიდან.
გუნდი და დამფუძნებლები
Awork-ს 4 დამფუძნებელი ჰყავს, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია, რაც ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნა/განვითარების მიმართულებით მუშაობენ. მათი გამოცდილება მოიცავს მეწარმეობას, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მენეჯმენტს, ფინანსებსა და პროდუქტის განვითარებას. ასეთი მრავალფეროვანი გამოცდილება კი ეხმარება გუნდს სწორად განვითარებაში. დღეს, Awork-ის გუნდი ჯამში 10 ადამიანისგან შედგება, ვინც ყოველდღიურად მუშაობს და შეაქვს დიდი წვლილი სტარტაპის ზრდა-განვითარებაში.
კონკურენტები
საქართველოში საკმაოდ ბევრი დასაქმების პლატფორმაა, რომლებიც მრავალი წელია ოპერირებენ. თუმცა, ჩვენი სტარტაპის საკვანძო უპირატესობაა ძლიერი ტექნოლოგიური გუნდი და ის, რომ Awork-ი სრულად ჩვენ მიერ არის შექმნილი. შესაბამისად, ყოველდღიურად ვმუშაობთ პლატფორმის განვითარებაზე და მომხმარებლებისთვის ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შეთავაზებაზე, რომლებიც სრულად პასუხობს არსებულ გამოწვევებს და ჩვენს პროდუქტს კიდევ უფრო მასშტაბურს, მდგრადს და გამოყენებადს ხდის.
პირველი ნაბიჯები
Awork შექმნილია ჩვენი გუნდის პირადი ინტელექტუალური და დროითი რესურსით.
სტარტაპის პირველი ნაბიჯები ნამდვილად ყველაზე დასამახსოვრებელია, რადგან ამ დროს იღებ პირველად უკუკავშირს შენი სამიზნე მომხმარებლებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გუნდის წევრს სჯეროდა პროდუქტის საჭიროების და გამოყენებადობის, მაინც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო პირველი რამდენიმე ათეული რეგისტრირებული მომხმარებელი, დარეგისტრირებული ბიზნესი და მათგან მიღებული დადებითი შეფასებები, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი ვარაუდი და მოგვცა მეტი თავდაჯერებულობა.
სტარტაპის კვალობაზე, საკმაოდ კარგი ზრდა გვაქვს, რაც ასევე ციფრებშიც აისახება.
ისტორია
საწყის ეტაპზე, ყველაზე დიდი სირთულე, რასაც წავაწყდით, იყო კომპანიებთან კომუნიკაციის დამყარება, რადგან ხშირად სამწუხაროდ ცნობადობისა თუ სხვა უარყოფითი გამოცდილებების გამო, კომპანიები სტარტაპებს სერიოზულად არ აღიქვამენ და ჩვენს შეთავაზებას არ/ვერ განიხილავდნეენ. ეს, მეორე მხრივ, შეიძლება ბრენდის ცნობადობითაც იყოს გამოწვეული. თუმცა, ცნობადობის ზრდასთან ერთად, პირდაპირპროპორციულად იზრდება კომპანიების ინტერესი ჩვენი პროდუქტის მიმართ.
რჩევა ინვესტორებთან
ტექნოლოგიური სტარტაპები საკმაოდ კომპლექსური და სპეციფიკური ხასიათისაა. შესაბამისად, განსხვავდება შეფასების მეთოდები. ამიტომ, როდესაც ინვესტორთან აქვს სტარტაპს ურთიერთობა, პირველ რიგში, აუცილებელია განისაზღვროს ინვესტორის ტიპი, რადგან მაგალითისთვის ვენჩურული ინვესტორის აღქმა ტექნოლოგიური სტარტაპის შეფასებასა და მოლოდინებზე, ხშირად სრულიად განსხვავდება ტრადიციული ინვესტორის მოლოდინებისგან. ამ ფაქტორის გათვალისწინება და მათთან კონკრეტული მესიჯებით კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ინვესტიციის მოზიდვის ნაწილში.
Awork დღეს
მესამე თვეა, რაც ჩვენი სტარტაპი ოპერირებს. ყოველდღიურად პლატფორმას ათასობით აქტიური უნიკალური მომხმარებელი სტუმრობს და დღითიდღე იზრდება იმ ფუნქციონალებით სარგებლობა, რასაც სამუშაოს მაძიებლებს ვთავაზობთ. ასევე, ჩვენი პლატფორმა უკვე დაეხმარა ათეულობით ადამიანს სამსახურის პოვნაში, რაც ჩვენთვის საკმაოდ დიდი მოტივაციაა.
Awork App-ის გაშვებიდან 3 დღეში გვქონდა 3000+ აპლიკაციის ჩამოტვირთვა, 2000-ზე მეტი ახალი რეგისტრაცია, 45000-ზე მეტი მოქმედება აპლიკაციაში, 1000-ზე მეტი გაგზავნილი CV.
ამ მოკლე დროში, უკვე შევძელით და პლატფორმაზე 200-ზე მეტი ბიზნესია დარეგისტრირებული, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ ჩვენი სტარტაპით. Free Trial პერიოდის ამოწურვის შემდეგ კი, ჩვენთან კორპორატიული თანამშრომლობა გააგრძელეს ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა მაგალითისთვის: აჭარა ჯგუფი, თიბისი ფეი, ნიკორა ტრეიდი, ელიტ-ელექტრონიქსი, პაშა ბანკი, ბეთლაივ.კლუბი და ა.შ.
გამოწვევა
რადგან ჩვენ სამუშაოს მაძიებელსა და კომპანიებს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი ვართ, ჩვენი უმთავრესი გამოწვევაა მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ორივე მხარის საჭიროებები და ინტერესები. სამუშაოს მაძიებელს ყოველთვის უნდა დახვდეს საიტზე მრავალფეროვანი ვაკანსიების არჩევანი, ხოლო ბიზნესს შეუვიდეს ხარისხიანი და მოთხოვნების შესაბამისი აპლიკანტები. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, რომ მონაცემების ზრდასთან ერთად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გავაუმჯობესოთ მაძიებლებისა და კომპანიების მეჩინგი.
სამომავლო გეგმები
Awork-ის სამომავლო გეგმები ორი მიმართულებით შეიძლება გავმიჯნოთ:
პირველი ეს არის პროდუქტის განვითარება. ჩვენი მიზანია, გავამარტივოთ და კიდევ უფრო სახალისო გავხადოთ სამსახურის პოვნა. საათობრივი და არასრულ განაკვეთზე მუშაობით დაინტერესებული მაძიებლებისთვის და იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ასეთ კადრებს ეძებენ. გვინდა, რომ სამსახურის ძებნა თუნდაც მეტროთი მგზავრობის დროს იყოს მარტივად მოსახერხებელი, მაძიებლის ნებისმიერი თავისუფალი 5 წუთი ახალი და საინტერესო სამსახურის პოვნის დროდ ვაქციოთ. ამასთან ერთად, ბიზნესს შევთავაზოთ უფრო ფუნქციური ბიზნეს-პროფილი, სადაც შესაძლებელი იქნება ინტერვიუების ორგანიზება, onboarding/offboarding, თანამშრომლების მართვა, payroll-ები და ა.შ.
მეორე კი ბიზნესის განვითარება. ჩვენი მიზანია 2022-2023 წლებში სრულად ვკონცენტრირდეთ საქართველოს ბაზარზე და გავხდეთ წამყვანი დასაქმების პლატფორმა. ხოლო 2024 წელს გვაქვს გეგმაში პროდუქტის რეგიონში დალანჩვაც.
რჩევები სტარტაპებს
სტარტაპის სწრაფი და ეფექტური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლების უკუკავშირის შესაბამისად პროდუქტის განვითარება.
თუკი გასაშვებად ამზადებ რამე ტექნოლოგიას, საჭიროა შემთხვევების 80%-ში სწორად მუშაობდეს, დანარჩენი 20% დროთა განმავლობაში დაიხვეწება.
არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების და ნებისმიერ პრობლემაზე სწრაფად მოახდინეთ რეაგირება, სხვანაირად წარმატების მიღწევა და სტარტაპის განვითარება წარმოუდგენელია.