ცოტაოდენი რამ Bear ბაზრის შესახებ
S&P 500 ინდექსი, რომელიც აშშ-ის ყველაზე ცნობილ კომპანიებს მოიცავს, მიმდინარე წლის პიკის შემდგომ დაახლოებით 24%-ით დაეცა. კერძოდ, მისი მაჩვენებელი 2022 წლის 3 იანვარს 4796.56 იყო, ხოლო 16 ივნისს – 3666.77. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ Bear ბაზარში ვიმყოფებით.
და მაინც, რას ნიშნავს ე.წ. დათვის ბაზარი, როგორი გამოცდილება გვაქვს და რას უნდა ველოდოთ?
განმარტება და ისტორია
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია Bear ბაზარს განსაზღვრავს, როგორც აქციების ფასების კლებისა და ბაზარზე პესიმისტური განწყობილების დროს. კომისიის თანახმად, იგი იწყება მაშინ, როდესაც ე.წ. ფართო ბაზრის ინდექსები, – მაგალითად, S&P 500 და Russell 3000, – მინიმუმ ორი თვის განმავლობაში 20%-ით ან მეტით ეცემა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ე.წ. დათვის ბაზრის უფრო მსუბუქი ფორმა – Correction, რომლის დროსაც ფასები წინა პიკთან შედარებით, 10-20%-ით ეცემა. ამის საწინააღმდეგოდ, Bull ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია (მინიმუმ ორი თვის განმავლობაში 20%-იანი ან მეტი) და ოპტიმისტური განწყობილება ნარჩუნდება.
თუმცა, აღნიშნულ ორთვიან წესს ყოველთვის მკაცრად არ მივყვებით. მაგალითად, 2020 წლის მარტში, როდესაც COVID-19-ის პანდემიის დაწყების გამო S&P 500 ინდექსის მაჩვენებელი რამდენიმე კვირაში 34%-ით დაეცა, ბევრმა ანალიტიკოსმა ამ პერიოდს მაინც Bear ბაზარი უწოდა.
ისტორიასაც რომ გადავავლოთ თვალი, ანალიტიკოსების შეფასებით, 1928-იდან 2022 წლამდე S&P 500-ში 26 Bear ბაზარი იყო. მათი საშუალო ხანგრძლივობა 289 დღე გახლდათ, კლების მაჩვენებელი კი – დაახლოებით 36%. აღნიშნული Bear ბაზრებიდან ყველაზე ხანგრძლივი, 630-დღიანი, 1973-1974 წლებში დაფიქსირდა. ამავე პერიოდში (1928-2022 წლებში) შედარებით ნაკლები, 24 Bull ბაზარი იყო. თუმცა, მათი ხანგრძლივობა უფრო დიდხნიანი გახლდათ და ხშირად, ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
ამასთანავე, J. P. Morgan-ის ერთ-ერთ კვლევაში, რომელშიც 1929-2010 წლებში არსებული 10 Bear ბაზარი არის განხილული, ჩანს, რომ 3 თვის შემდეგ ბაზრებზე 80%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა. მიუხედავად შემდგომ პერიოდში კლებითი ტენდენციისა, 6 თვეში 60%-იანი, 12 თვეში კი – 70%-იანი ზრდა ნარჩუნდებოდა.
რეცესიის რისკი და მომავალი
Bear ბაზარი შესაძლოა რეცესიის მოახლოებაზე მიუთითებდეს, თუმცა მათ შორის სრულყოფილი კორელაცია მაინც არ არის. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებული 12 Bear ბაზრიდან 3 რეცესიას წინ არ უძღოდა.
ისტორიული მონაცემების გაანალიზებით, რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება – ბაზარი ხვალ და ზეგ არ შეიცვლება; რისკფაქტორები რეალურია და ისინი მალე არ გაქრება; ინვესტორები ამისთვის ფსიქოლოგიურად უნდა იყვნენ მზად. თუმცა, საბოლოო დასკვნა ყველაზე ცხადია – Bear ბაზარი დასრულდება. როდესაც ეკონომიკა აღდგება, ინვესტორები ნდობას დაიბრუნებენ და შიშიდან ოპტიმიზმზე გადავალთ, ბაზარზე ზრდის ტენდენციაც გაჩნდება. ეს ყველა Bear ბაზრის შემდგომ მოხდა და ამჯერადაც ასე იქნება.