როგორ ვიშრომოთ ბევრი? – Paul Graham
ბევრ მუშაობას, შესაძლოა, რთულად აღვიქვამდეთ, მაგრამ ეს უკვე სკოლის ასაკში, გარკვეულწილად, გამოვცადეთ. და მაინც, როცა ვეკითხები საკუთარ თავს, ახლა უფრო მეტი ვიცი თუ არა შრომისმოყვარეობის შესახებ, ვიდრე სკოლაში სწავლის დროს, პასუხი ნამდვილად არის “დიახ”.
ერთი რამ ნამდვილად ვიცი – რომ თუ დიდი საქმეების კეთება გინდა, ძალიან ბევრი უნდა იმუშაო ამისთვის.
ბავშვობაში ამაში დარწმუნებული არ ვიყავი. სასკოლო დავალებები სირთულის მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ბევრი შრომა ყოველთვის საჭირო არ იყო საიმისოდ, რომ წარმატებული ვყოფილიყავი. სულ ვფიქრობდი, იყო კი რაიმე ისეთი გზა, რომელიც თავიდან ამაცილებდა ბევრ შრომას, ხოლო წარმატებას კი მაინც მივაღწევდი? ახლა ნამდვილად ვიცი ამ კითხვაზე პასუხი: არ არსებობს.
დიდ საქმეში სამი ინგრედიენტი არსებობს: ბუნებრივი უნარი, პრაქტიკა და ძალისხმევა. თქვენ შეგიძლიათ საკმაოდ კარგად გააკეთოთ მხოლოდ ორი, მაგრამ საუკეთესო სამუშაოს შესასრულებლად სამივე გჭირდებათ: გჭირდებათ ძლიერი ბუნებრივი უნარი, ბევრი ვარჯიში და ძალიან ბევრი მცდელობა.
თავის ეპოქაში ბილ გეითსი იყო ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ბიზნესში, მაგრამ ის ასევე იყო ყველაზე შრომისმოყვარე. „ოცი წლის განმავლობაში არასდროს მქონია დასვენების დღე“, – თქვა ერთხელ მან. ასე იყო ლიონელ მესის შემთხვევაშიც. მას დიდი ბუნებრივი უნარი ჰქონდა, მაგრამ როცა მასზე მისი მწვრთნელები საუბრობენ, ახსოვთ არა მისი ნიჭი, არამედ თავდადება და გამარჯვების სურვილი.
რთულია იმუშაო, თუ მკაფიოდ განსაზღვრული, ან ვინმესგან დაწესებული მიზნები გაქვს, როგორც ამას სკოლაში აკეთებ. ამას აქვს გარკვეული ტექნიკა: უნდა ისწავლო ისე, რომ არ მოიტყუო საკუთარი თავი, არ გააჭიანურო (რაც საკუთარი თავის მოტყუების ფორმაა), არ გადაიტანო ყურადღება და არ დანებდე, როცა რამე არასწორედ მიდის. მაგრამ დისციპლინის ეს დონე, როგორც ჩანს, მიუწვდომელია საკმაოდ პატარა ბავშვებისთვის. რაც ბავშვობიდან ვისწავლე არის ის, თუ როგორ უნდა ვიმუშაო მიზნების მისაღწევად, რომლებიც არც მკაფიოდ არის განსაზღვრული და არც ვინმესგან დაწესებული. თქვენ ალბათ მოგიწევთ ორივეს სწავლა, თუ ნამდვილად დიდი საქმეების გაკეთება გსურთ.
თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სკოლა და კოლეჯი რეალურად არ გვიქმნის შთაბეჭდილებას იმაზე, თუ რა არის ნამდვილი შრომა. ამას მხოლოდ მაშინ ვიგებთ, როცა რაიმე კონკრეტული საქმე გვიყვარდება და მასზე მუშაობას ვიწყებთ. ამის შესახებ ჰარდი მჭევრმეტყველურად წერდა “მათემატიკოსთა აპოლოგიაში”:
ბავშვობაში მათემატიკისადმი რაიმე გატაცებას საერთოდ არ ვგრძნობდი. მე მათემატიკაზე ვფიქრობდი გამოცდებისა და სტიპენდიების კუთხით: მინდოდა სხვა ბიჭებისთვის მეჯობნა და, როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო ყველაზე სწორი გზა მათთან შეჯიბრებისთვის.
რეალურად კი, მან ვერ ისწავლა რა იყო მათემატიკა სკოლაში – ეს მხოლოდ მაშინ მოახერხა, როდესაც კოლეჯში ჯორდანის Cours d’analyse გაიარა. “არასოდეს დამავიწყდება ის გაოცება, როდესაც ეს შესანიშნავი ნაშრომი წავიკითხე; მისი მეშვეობით პირველად გავიგე, თუ რას ნიშნავდა მათემატიკა სინამდვილეში,” – აღნიშნა მან ერთხელ.
როგორც კი გაიგებთ რეალური სამუშაოს შინაარსს, უნდა ისწავლოთ დღეში რამდენი საათი დახარჯოთ მასზე. თქვენ არ შეგიძლიათ იმუშაოთ კონკრეტულ საქმეზე ყოველ წამს და ყოველ წუთს. ჩემი ლიმიტი წერის ან პროგრამირების უფრო რთული ტიპებისთვის არის დაახლოებით ხუთი საათი დღეში. მაშინ როცა სტარტაპს ვმართავდი, თითქმის მთელი დღით ვმუშაობდი მინიმუმ სამი წლის განმავლობაში. ბევრად მეტხანს რომ გამეგრძელებინა სტარტაპზე მუშაობა, ალბათ დროდადრო შვებულება დამჭირდებოდა. შესაბამისად, ლიმიტის პოვნის ერთადერთი გზა მისი გადალახვაა. თქვენ უნდა იპოვოთ ოქროს შუალედი სიზარმაცესა და ზედმეტ შრომისმოყვარეობას შორის. შრომისმოყვარეობის ლიმიტის პოვნა მუდმივი პროცესია და არა ის, რასაც მხოლოდ ერთხელ აკეთებ. სამუშაოს სირთულეც და მისი შესრულების უნარიც შეიძლება განსხვავდებოდეს საათიდან საათამდე, ამიტომ მუდმივად უნდა განსაჯოთ, რამდენად ცდილობთ და რამდენად კარგად აკეთებთ საქმეს.
რა ითვლება კარგ შედეგებად? ამის შეფასება, შეიძლება, მართლაც რთული იყოს. თუ თქვენ იმ ტრაექტორიაზე მოძრაობთ, რომელშიც რამდენიმე სხვა ადამიანს უკვე აქვს გამოცდილება, შეიძლება ვერც კი გაიგოთ, როგორ გამოიყურება კარგი შედეგი. ისტორია სავსეა იმ ადამიანების მაგალითებით, რომლებმაც არასწორად შეაფასეს იმის მნიშვნელობა, რაზეც მუშაობდნენ. შესაბამისად, საუკეთესო ტესტი იმისა, ღირს თუ არა რაიმეზე მუშაობა, არის ის, რომ განსაზღვროთ, რამდენადაა კონკრეტული საქმე თქვენთვის საინტერესო. ეს შეიძლება სუბიექტურ საზომად ჟღერდეს, მაგრამ ალბათ ყველაზე ზუსტიცაა, ამავდროულად. სწორედ თქვენ ხართ ის, ვინც უნდა იმუშაოს ამა თუ იმ საკითხზე.. ვის შეუძლია თქვენზე უკეთ განსაჯოს, რამდენად მნიშვნელოვანია ის?
იმისთვის, რომ ამ ტესტმა იმუშაოს, თქვენ უნდა იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან. მართლაც, ეს არის ყველაზე გასაოცარი რამ შრომისმოყვარეობის საკითხში: როგორ არის დამოკიდებული თითოეულ მომენტში საკუთარ თავთან გულწრფელობაზე.
შრომისმოყვარეობა არ არის მხოლოდ ციფერბლატი, რომელსაც აბრუნებთ 11-მდე. ეს არის რთული, დინამიური სისტემა, რომელიც უნდა იყოს მორგებული საქმის ყველა წერტილზე. თქვენ უნდა გესმოდეთ რეალური სამუშაოს ფორმა, ნათლად დაინახოთ, თუ რა საქმისთვის ხართ ყველაზე შესაფერისი, დაუმიზნოთ მის ცენტრს და ყოველ მომენტში ზუსტად განსაჯოთ რისი გაკეთება შეგიძლიათ.