fbpx

ყველაფერი, რაც ბიზნესმოდელის შესახებ უნდა იცოდეთ

ბიზნესმოდელი

ყველაფერი, რაც ბიზნესმოდელის შესახებ უნდა იცოდეთ

კომპანიაზე მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაგეგმვაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი დამღლელია, იმის დადგენის გარეშე, თუ რა აქტივობებია საჭირო თქვენი მიზნის მისაღწევად, კომპანია ვერ იფუნქციონირებს. აქტივობა მრავალი სახის შეიძლება იყოს, მათ შორის იგულისხმება გარკვევა იმისა, თუ რას გაყიდით და როგორ გამოიმუშავებთ ფულს – ანუ ბიზნესმოდელის შედგენა.

რა არის ბიზნესმოდელი?

ბიზნესმოდელი არის მონახაზი იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავს კომპანია თავისი პროდუქტით ან მომსახურებითა და მომხმარებელთა ბაზით კონკრეტულ ბაზარზე ფულის გამომუშავებას. ბიზნესმოდელი ოთხ ძირითად საკითხს ეხება:

• რა პროდუქტს ან მომსახურებას გაყიდის კომპანია;
• როგორ აპირებს
იგი ამ პროდუქტის ან მომსახურების მარკეტინგს;
• რა სახის ხარჯები ექნება კომპანიას;
• როგორ ელის ის მოგების მიღებას.

მაგალითი

იმისათვის, რომ განმარტება და ბიზნესის მოდელის არსი უფრო გასაგები იყოს, Netflix-ის მაგალითი განვიხილოთ. აღნიშნული კომპანია Subscription, იგივე სააბონენტო ბიზნესმოდელით ოპერირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ Netflix, თავის პროდუქტზე წვდომის სანაცვლოდ, მომხმარებლისგან სააბონენტო გადასახადს განსაზღვრულ ვადაში იღებს. ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი პუნქტი კი ამ კომპანიის მაგალითზე შემდეგნაირად დაიწერებოდა:

• რა პროდუქტს ან მომსახურებას გაყიდის კომპანიაNetflix ონლაინსტრიმინგის სერვისს ყიდის.
• როგორ აპირებს იგი ამ პროდუქტის ან მომსახურების მარკეტინგსNetflix მარკეტინგისთვის მრავალ არხს იყენებს, მათ შორის, სოციალურ მედიას, ელექტრონულ ფოსტასა და რეკლამას.
• რა სახის ხარჯები ექნება კომპანიას Netflix-ის ხარჯები, სავარაუდოდ, კონტენტის წარმოების ან შეძენის ღირებულებას, სერვისის უზრუნველსაყოფად საჭირო ტექნოლოგიასა და მისი შენარჩუნებისთვის საჭირო პერსონალის ანაზღაურებას მოიცავს.
• როგორ ელის ის მოგების მიღებასNetflix მოგებას იღებს სააბონენტო გადასახადებიდან.

ბიზნესმოდელის კომპონენტები

სხვადასხვა კომპანიების ბიზნესმოდელები, შესაძლოა, ფორმით განსხვავებული იყოს, თუმცა, ყველა მათგანი გარკვეულ ძირითად კომპონენტებს აერთიანებს.

• უნიკალური ღირებულების წინადადება – UVP-ით მომხმარებელს ვაცნობთ იმ მახასიათებელსა და სარგებელს, რომლებიც პროდუქტს ან მომსახურებას მიმზიდველს ხდიან.
• სამიზნე ბაზარი – ადამიანთა კონკრეტული ჯგუფი, რომელთა დაინტერესებასაც ვცდილობთ პროდუქტით ან მომსახურებით.
• კონკურენტული უპირატესობა პროდუქტის ან მომსახურების უნიკალური მახასიათებელი, რომლის მარტივად გამეორებაც კონკურენტებს მარტივად არ შეუძლიათ.
• დანახარჯების სტრუქტურა ჩამონათვალი ფიქსირებული და ცვლადი ხარჯებისა, რომლებიც კომპანიის ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.
• ძირითადი მეტრიკები – საზომები, რომლებითაც კომპანია გაწეულ საქმიანობას და შედეგებს აფასებს.
• რესურსები კომპანიის ფიზიკური, ფინანსური და ინტელექტუალური აქტივები.
• პრობლემა და გადაწყვეტილება –  სამიზნე მომხმარებლების ე.წ. ტკივილის წერტილები და გზა, რომლითაც კომპანია მათ მოგვარებას აპირებს.
• შემოსავლების მოდელი შემოსავლის გენერირების ჩარჩო.
• შემოსავლების წყაროები – გზები, რომელთა საშუალებითაც კომპანიას შემოსავლის გამომუშავება შეუძლია.
• მოგების მარჟა – რიცხობრივი ან პროცენტული მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად აღემატება გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი კომპანიის ხარჯებს.

ბიზნესმოდელის ფართოდ გავრცელებული მაგალითები

რადგანაც უკვე განვიხილეთ, თუ რას ნიშნავს ბიზნესმოდელი და რას მოიცავს იგი, ახლა ბიზნესის ფართოდ გავრცელებულ რამდენიმე მოდელზე ვისაუბროთ. ცხადია, ამ ჩამონათვალს მიღმა კიდევ მრავალი სახეობის მოდელი არსებობს.

Subscription

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სააბონენტო ბიზნესმოდელით ნიშნავს, რომ კომპანია თავის პროდუქტზე წვდომის სანაცვლოდ, მომხმარებლისგან სააბონენტო გადასახადს განსაზღვრულ ვადაში (ყოველთვიურად, ყოველწლიურად და ა.შ.) იღებს. ამ ტიპის მოდელს როგორც ფიზიკური, ასევე ონლაინმომსახურებების მიმწოდებელი კომპანიები იყენებენ. მაგალითად, პირველი მათგანი მომხმარებელს პროდუქტს თუნდაც ფოსტის საშუალებით გაუგზავნის, ხოლო მეორე – მას აპლიკაციაზე წვდომის საშუალებას მისცემს.

Bundling

Bundling ბიზნესმოდელი გულისხმობს ორი ან მეტი პროდუქტის ერთი ერთეულის სახით გაყიდვას. ხშირ შემთხვევაში, გაერთიანებული პროდუქტების ფასი იმაზე დაბალია, ვიდრე ის მათი ცალკე შესყიდვისას იქნებოდა. ეს მოდელი კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ გაყიდვების უფრო დიდი მოცულობა დააგენერიროს ან გაყიდოს ისეთ პროდუქტი/მომსახურება, რომლის გაყიდვაც უფრო რთულია. თუმცა, ამ ბიზნესმოდელში მოგების მარჟა მცირდება, რადგან კომპანია პროდუქტს ნაკლებ ფასად ყიდის.

Freemium

Freemium არის სიტყვების free და premium კომბინაცია. ამ ბიზნესმოდელის მქონე კომპანიები მომხმარებლებს პროდუქტის ან მომსახურების ძირითად ფუნქციებს უფასოდ სთავაზობენ და დამატებითი, უფრო ფართო მახასიათებლებისთვის საფასურს ითხოვენ. უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, კომპანია Spotify-ის მაგალითი განვიხილოთ – ის მომხმარებელს თავისუფალ წვდომას აძლევს თავის პლატფორმაზე განთავსებულ მუსიკაზე (და სხვა აუდიომასალებზე), თუმცა, სიმღერებს შორის რეკლამებს ათავსებს. იმისათვის, რომ მომხმარებელმა მუსიკას უფრო კომფორტულად მოუსმინოს, პრემიუმ მომსახურებისთვის შესაბამისი თანხა უნდა გადაიხადოს.

Product-to-service

ამ ტიპის ბიზნესმოდელის მარტივად ასახსნელად მაგალითი გამოვიყენოთ. წარმოიდგინეთ, რომ ფლობთ კომპანიას, რომელიც სკუტერებს აწარმოებს. დავუშვათ, ლითონის ორი ნაწილის ერთმანეთზე შედუღება გჭირდებათ. ამ შემთხვევაში, შედუღების აპარატის ყიდვის ნაცვლად, მიმართავთ Product-to-service მოდელის მქონე კომპანიას, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ანუ, Product-to-service ბიზნესმოდელით ოპერირებადი კომპანიები საკუთარ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეისყიდონ შედეგი და არა აღჭურვილობა, რომელიც ამ შედეგის მისაღებად არის საჭირო.

Leasing

ლიზინგის ბიზნესმოდელის მქონე კომპანიები პროდუქტს შეისყიდიან, შემდეგ კი სხვა კომპანიებს აძლევენ საშუალებას, რომ ეს პროდუქტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ გამოიყენონ.

eCommerce

ელექტრონული კომერცია გულისხმობს ინტერნეტის საშუალებით პროდუქციის ან მომსახურების ყიდვა-გაყიდვას, რაც ელექტრონული მოწყობილობების (კომპიუტერით, მობილურით, ტაბლეტითა და ა.შ.) არის შესაძლებელი. ამ მოდელზე მომუშავე კომპანიები ან თავად ქმნიან, ან მესამე პირისგან მოიპოვებენ მომხმარებელზე გასაყიდ პროდუქტს.

Transactional/Payment

ამ ბიზნესმოდელს ძირითადად იყენებენ ფინტექ კომპანიები, რომლებიც ონლაინგადახდებში შუამავლები არიან. ისინი მომსახურებას ვებსაიტის ან აპლიკაციის საშუალებით სთავაზობენ მომხმარებელს. მათი შემოსავლის წყარო კი ტრანზაქციებიდან მიღებული საკომისიოებია.

SaaS (software-as-a-service)

ამ ბიზნესმოდელის მქონე კომპანიები ქმნიან cloud-ზე დაფუძნებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. ხოლო მომხმარებლები, რომლებიც ამ მომსახურებას გამოიწერენ, ვებბრაუზერის ან აპლიკაციის საშუალებით პროგრამაზე წვდომას იღებენ.

Manufacturer

ამ ბიზნესმოდელის მქონე კომპანიები ნედლეულს პროდუქტად გარდაქმნიან. მაგალითისთვის, Intel ჩიპებს აწარმოებს.

Franchise

ეს ბიზნესმოდელი ორ მხარეს – ფრენჩაიზერსა და ფრენჩაიზის მიმღებს შორის არსებულ იურიდიულ და კომერციულ ურთიერთობას გულისხმობს. ცნობისთვის, ფრენჩაიზერი არის კომპანია, რომელიც ბრენდის სავაჭრო ნიშანზე ფლობს უფლებებს; ხოლო ფრენჩაიზის მიმღები არის კომპანია, რომელიც ფრენჩაიზერის სავაჭრო ნიშნისა და ოპერაციული სისტემების გამოყენების ლიცენზიის მისაღებად თანხას იხდის. აქვე უნდა აღინოშნოს, რომ ფრენჩაიზერი მიმღებს ტრენინგითა და სხვა სახის მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ფრენჩაიზის მიმღები კი, თავის მხრივ, ფრენჩაიზერს მიღებული მოგების პროცენტს უხდის. სწორედ ამ ბიზნესმოდელით ოპერირებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა McDonald’s, Domino’s, Subway და სხვა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post