fbpx

ქართული სტარტაპები: Brokerapp

Brokerapp

ქართული სტარტაპები: Brokerapp

Brokerapp არის ციფრული სადაზღვევო ბროკერი, რომლის მიზანიც დაზღვევის შეძენის არსებული პრაქტიკების შეცვლაა როგორც მომხმარებლებისთვის, ისე სადაზღვევო კომპანიებისთვის. მართალია, სტარტაპი ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია, თუმცა, როგორც მისი თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩაჩუა გვიყვება, სადაზღვევო კომპანიებთან წინასწარი შეთანხმებები არსებობს და ისინი პლატფორმაზე ჩასართველად მზად არიან.

ამ ეტაპზე, Brokerapp-ის გუნდი შედგება ოთხი წევრისგან, რომელთაც სადაზღვევო სფეროში 10 წელიწადზე დიდხნიანი გამოცდილება აქვთ. სტარტაპის ჩამოყალიბება კი სწორედ საქმიანობისას აღმოჩენილი და პირადად გამოცდილი  ხარვეზების გადაჭრის მიზნით გადაწყვიტეს.

იდეა და პირველი ნაბიჯები

,,15 წელიწადზე მეტია, რაც სადაზღვევო სფეროში ვსაქმიანობ. ამ პერიოდში ნათლად დავინახე არსებულ პრობლემებ როგორც მომხმარებლის, ისე კომპანიების მხრიდან. შესაბამისად, გაჩნდა იდეა, შეგვექნა ისეთი პლატფორა, რომელიც ორივე მხარისათვის ძალიან მარტივი გამოსაყენებელი იქნებოდა’’, – გვიყვება გიორგი და დასძენს, რომ სტარტაპის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების საგრანტო პროგრამაში მონაწილეობას უკავშირდება.

Brokerapp-ის გუნდმა პროექტი თავდაპირველად GITA-ს 15 000-ლარიან პროგრამაზე გაიტანა, გაიმარჯვა და მიღებული თანხით პროტოტიპის შექმნა მოახერხა. სტარტაპის შემდგომი ნაბიჯი კი, GITA-ს 150 000-ლარიან პროგრამაში მონაწილეობა იყო, რაც მათთვის ამჯერადაც წარმატებით დასრულდა და Brokerapp 20 გამარჯვებულს შორის მოხვდა.

პროდუქტი     

Brokerapp ქმნის ორ პლატფორმას – ერთს კლიენტებისთვის, სადაზღვევო კომპანიებისთვის; ხოლო მეორეს მომხმარებლებისთვის, სხვადასხვა სადაზღვევო მომსახურების მიღების მსურველი ადამიანებისთვის. თითოეულ მხარეს კი, განსხვავებულად უმარტივებს თანამშრომლობის პროცესს.

,,ის დასაზღვევო კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, გაზარდონ გაყიდვები, შეამცირონ მომხმარებლის ონბორდინგის ხარჯები, გაამარტივონ ადმინისტრაციული და ფინანსური ოპერაციები. რაც შეეხება მომხმარებელს, Brokerapp მას სთავაზობს, პლატფორმაზე სასურველი მახასიათებლების მონიშვნის საფუძველზე, ალგორთმის საშუალებით მიიღოს საუკეთესო შეთავაზება’’, – აღნიშნავს გიორგი და პლატფორმის მუშაობის პრინციპსაც გვაცნობს – ,,აპლიკაციაში კლიენტები ათავსებენ სადაზღვევო პროდუქტების პირობებს; ხოლო მომხარებლები, სასურველ მახასიათებლებზე დაყრდნობით, ავსებენ შესაბამის განაცხადს, რის შემდეგაც, ბროკერაპის ალგორითმი მათ მოთხოვნებზე მორგებულ, საუკეთესო ვარიანტს სთავაზობს. თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებლები ყიდულობენ სადაზღვევო პოლისს და გადახდას საბანკო ბარათით ასრულებენ’’.

ბიზნესმოდელი

როგორც გიორგი გვიხსნის, Brokerapp-ის შემოსავლის მოდელი დაფუძნებულია კლიენტებისგან, სადაზღვევო კომპანიებისგან საბროკერო (საშუამავლო) საკომისიოს მიღებაზე.

,,ბიზნესმოდელი არ ითვალისწინებს რაიმე სახის მნიშვნელოვანი დამატებითი გადასახადის გადახდას და მომხმარებლის მხრიდან, მხოლოდ ელექტრონული კომერციის ტრანზაქციის ხარჯ ვიღებთ’’, – აღნიშნავს იგი.

კონკურენტები

,,ჩვენს კონკურენტ სადაზღვევო ბროკერებს არ აქვთ განვითარებული ციფრული დაზღვევის პროცესები და ტრადიციული მეთოდებით მუშაობენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მათ უწევთ სადაზღვევო კომპანიებისგან კონკრეტული შეთავაზების ინდივიდუალურად მოპოვება და მიღებული ინფორმაციის მანუალურად შედარება, რაც დიდ დროს საჭიროებს’’, – ამბობს გიორგი და დასძენს, რომ Brokerapp-ის კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს სრულად ციფრული პროცესი, რომელიც მოიცავს:

• პროდუქტის შერჩევის პროცესის ავტომატიზაციას და ვადის შემცირებას;
• შეძენის პროცესის გამარტივებას;
• პრემიის ელექტრონულად გადახდას და ბარათის დამახსოვრების ფუნქციონალს;
• ციფრული ონბორდინგის პროცესს (KYC, AML);
• საცალო ბაზრის ათვისებას.

სამომავლო გეგმები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Brokerapp ჯერ პროტოტიპის სახით არსებობს. შესაბამისად, გუნდისთვის ყველაზე მთავარ სამომავლო გეგმას პროდუქტის ბაზარზე ჩაშვება წარმოადგენს. როგორც გიორგი გვეუბნება, პლატფორმის გაშვება 2022 წლის ბოლოდან იგეგმება, რის შემდეგაც, 3 წლის განმავლობაში სტარტაპს რეგიონული ბაზრის ათვისება სურს.

რჩევა სტარტაპებს

ჩაატარეთ კვლევები, გამოკითხვები, მოიძიეთ ინფორმაცია,

კარგად შეისწავლეთ ბაზარი და მომხმარებლები.

იმისათვის, რომ ინვესტორის ყურადღება მიიქციოთ, თქვენი

გენიალური იდეები  მაქსიმალურად მოკლედ და მარტივად გადმოეცით.

ხშირ შემთხვევაში, წარუმატებლობა ძალიან კარგი

გამოცდილებაა სამომავლოდ შეცდომების გამოსასწორებლად.

სცადეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post