fbpx

Builder Bot ხმოვანი ბრძანებებით 3D ელემენტებს შექმნის

Builder Bot

Builder Bot ხმოვანი ბრძანებებით 3D ელემენტებს შექმნის

Builder Bot – ეს არის Meta-ის ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემის პროტოტიპი, რომელიც მომხმარებლებს, ხმოვანი ბრძანებების საფუძველზე, ვირტუალური სამყაროს შემადგენელი 3D ელემენტების შექმნის საშუალებას მისცემს. ხელსაწყო, რომელიც Meta-ის განცხადებით, მეტავერსში შემოქმედებითობას წაახალისებს, კომპანიამ Meta AI: Inside the Lab ღონისძიებაზე წარადგინა.

წინასწარ ჩაწერილ დემოში მარკ ზაკერბერგმა მაყურებელს აჩვენა, თუ როგორ მუშაობს Builder Bot. ,,მოდი, პარკში წავიდეთ’’, – ამბობს ზაკერბერგი და ბოტიც პარკის 3D ლანდშაფტს ქმნის, ხეებითა და ბალახით. ,,ანდაც, მოდი სანაპიროზე წავიდეთ’’, – ცვლის გადაწყვეტილებას აღმასრულებელი დირექტორი და ხელსაწყოც, შესაბამისად, არსებულ ლანდშაპტს ქვიშიანი სანაპიროთი ანაცვლებს. შემდეგ ზაკერბერგი ამბობს, რომ ღრუბლების დამატება სურს და აღნიშნავს, რომ ხილული ობიექტები ხელოვნური ინტელექტის გამომუშავებულია. ,,მოდი, ფენა-გროვა ღრუბლები დავამატოთ’’, – უფრო მეტად აკონკრეტებს ის მოთხოვნას, რაც ხაზს უსვამს, თუ რამდენად სპეციფიკური შეიძლება იყოს ხმოვანი ბრძანებები.

ზაკერბერგს არ დაუზუსტებია, თუ როდის იქნება Builder Bot ხელმისაწვდომი და არც ხელსაწყოს ტექნიკურ დეტალებზე უსაუბრია.

აღსანიშნია, რომ კომპანია მეტავერსიაზე მუშაობაში მილიარდებს ხარჯავს. თვის დასაწყისში Meta-ის მიერ გამოქვეყნებული მისი Reality Labs განყოფილების ფინანსური მონაცემების თანახმად, ტექნოლოგიურმა გიგანტმა მხოლოდ გასულ წელს $10 მილიარდზე მეტი დაკარგა. ამ მაჩვენებელმა 2019 და 2020 წლებში, შესაბამისად, დაახლოებით $4.5 და $6.7 მილიარდი შეადგინა. ზაკერბერგმა კი განაცხადა, რომ 2022-ში დანაკარგის გაზრდას ელის.

ღონისძიებაზე Meta-მ კიდევ რამდენიმე განცხადება გააკეთა, მათ შორის, AI-ზე მომუშავე ჩატბოტებსა და უნივერსალურ მთარგმნელზე მუშაობის შესახებ. კომპანიის განცხადებით, უკანასკნელი მათგანი ყველა ენას შორის სამეტყველო და წერილობით თარგმნას უზრუნველყოფს. Meta-მ აღნიშნა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 20% არ საუბრობს იმ ენებზე, რომლებსაც ამჟამად ფუნქციონირებადი თარგმნის ინსტრუმენტები მოიცავს და ის ამ პრობლემის მოგვარებას მანქანური სწავლების ახალი მეთოდების გამოყენებით გეგმავს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post