Catapult Georgia One ქართულ სტარტაპებს 50 მილიონით დააფინანსებს
საქართველოში პირველი ვენჩურული საინვესტიციო ფონდი Catapult Georgia One შეიქმნება. ის ქართულ სტარტაპებს 50 მილიონით დააფინანსებს.
ფონდი ადგილობრივ ინოვაციურ სტარტაპკომპანიებში ინვესტიციას ჩადებს და გლობალურ ბაზარზე მათ სწრაფ ზრდას შეუწყობს ხელს. სიახლის შესახებ დეტალები ირაკლი ღარიბაშვილმა Catapult VC, Jonathan Towers-ის დამფუძნებელ და მმართველ პარტნიორთან ერთად განიხილა.
შეხვედრაზე პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ვენჩურული საინვესტიციო ფონდი ქვეყნის რეგიონული ინოვაციური ჰაბის ჩამოყალიბებისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, Catapult Georgia One-ს მთავრობის სრული მხარდაჭერა ექნება, ხოლო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) მას პარტნიორობას გაუწევს.
Catapult VC-ის შესახებ
Catapult VC არის ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც Silicon Valley-ის მიღმა არსებულ ტექნიკურ ჰაბებს აფინანსებს. 15 წლის განმავლობაში მან $220 მილიონზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განახორციელა 100-ზე მეტ კომპანიაში.