როგორ შევქმნათ კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია
2020-2021 წლებში უამრავმა ადამიანმა სახლიდან მუშაობა დაიწყო, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს კი ძალიან სწრაფად მოუხდათ ახალ რეალობასთან ადაპტირება. სულ რაღაც ერთ წელიწადში ყველა ინდუსტრიამ იგრძნო ცვლილება, რაც ზოგ მათგანზე უარყოფითად, ზოგზე კი დადებითად აისახა.
ბრენდების უმრავლესობა დღესდღეობით სულ უფრო მძაფრად აღიქვამს სოციალური მედიის პლატფორმებისა და მათი აუდიტორიის პოტენციალს. მათთვის უკვე ნათელია საკუთარი ბრენდის ონლაინსივრცეში პოზიციონირების მნიშვნელობა და ყველა უპირატესობა, რაც ამ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს.
ასე რომ, მომდევნო რჩევები გამოადგებათ როგორც ახალბედა, ასევე უკვე გამოცდილ ანტრეპრენერებს, თუ როგორ აწარმოოთ სწორი კონტენტ და ციფრული მარკეტინგი.
კომპანიისთვის ბრენდი იგივეა, რაც ადამიანისთვის რეპუტაცია. საკუთარ რეპუტაციას რთული რაღაცების კარგად კეთების მცდელობისას ქმნით – ჯეფ ბეზოსი
რას წარმოადგენს კონტენტ მარკეტინგი?
მოკლედ რომ ავხსნათ, ეს ტერმინი ნიშნავს იმას თუ, როგორ უნდა წარუდგინოთ თქვენი ბრენდი ინტერნეტაუდიტორიას ისე, რომ გაიზარდოს მისი ცნობადობა, ჩართულობა და, რა თქმა უნდა, გაყიდვები.
მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ შექმენით კომპანია, რომელიც ძვირადღირებულ ყოველდღიურ საშინაო სამოსს თაობა Z-ისთვის აწარმოებს. პრობლემა ისაა, რომ ჯერ თქვენს ბრენდს არავინ იცნობს, ამიტომაც გიწევთ გააკეთოთ არჩევანი ფასიან რეკლამასა და მომხმარებლების მოზიდვის უფრო ბუნებრივ გზას შორის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კონტენტ მარკეტინგში მთავარი არის ბრენდის ზრდა, რომლის მიღწევაც მედიის ბუნებრივი და ფასიანი ყურადღების სინთეზით ხდება. ჩვენს მოცემულ მაგალითში სირთულეს კონტენტის მართვა, შექმნა და მთელი ინტერნეტ სივრცის მასშტაბით გავრცელება – ესე იგი, ბრენდის ზრდა – წარმოადგენს.
2022 წელს ამ მიზნის მიღწევა კიდევ უფრო მეტ სირთულესა და წნეხს უკავშირდება. ბრენდებს დიდი სიფრთხილით უწევთ საკუთარი კონტენტის გავრცელების დაგეგმვა, რადგან აუდიტორიის ყურადღება თითოეულ დეტალზეა გამახვილებული.
და მაინც რა არის საჭირო ბრენდის შექმნის თავგადასავლის წამოსაწყებად?
განვიხილოთ თითოეული ეტაპი დეტალურად
განსაზღვრეთ მიზნები
როგორც ცხოვრების ნებისმიერ სხვა ასპექტში, აქაც აუცილებელია, იცოდეთ საკუთარი მიმართულება და მიზნები, რომელთა მიღწევაც გინდათ. ამიტომ, სანამ რაიმეს კეთებას დაიწყებთ, პირველ რიგში, განსაზღვრეთ მიზნები, დაყავით ისინი ეტაპებად და ჩამოწერეთ ის შედეგები, რომლებიც რეალობად უნდა აქციოთ.
ეს პროცესი მიგიყვანთ ნათელ გეგმამდე, ის კი განვითარების ყოველ მომავალ ეტაპზე თქვენი გადაწყვეტილებებისა და ბრენდის მიზნების ერთმანეთზე მორგებას გაამარტივებს.
შეისწავლეთ თქვენი იდეალური მომხმარებელი
მიზნების განსაზღვრის შემდეგ, აუცილებელია დაიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ ვინ არის თქვენი ბრენდისთვის იდეალური მომხმარებელი და რომელ სეგმენტს მიეკუთვნება ის. ანუ, დაგჭირდებათ კვლევის ჩატარება, რომლითაც პოტენციურ მომხმარებლებს დაუახლოვდებით და კარგად გაიცნობთ.
დასაწყისისთვის გამოიყენეთ მომდევნო ნაბიჯები:
- შექმენით მომხმარებლის პიროვნება და აღწერეთ იგი.
- დააკვირდით თქვენი კონკურენტების მომხმარებლებს.
- ჩაატარეთ გამოკითხვები.
- გაწევრიანდით რელევანტურ ჯგუფებში და დასვით შეკითხვები.
კონტენტის სტრატეგიის შექმნისას იდეალური მომხმარებლის შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ამის გარეშე ფაქტობრივად არ არსებობს სამიზნე და შედეგის მიღწევაც ბუნდოვანი პერსპექტივა ხდება.
ასევე, არ იფიქროთ, რომ ამ პროცესის გავლა მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ. თქვენი მომხმარებლების შესწავლა დაუსრულებელი ციკლია, რადგან ადამიანების მოთხოვნები და სურვილები ყოველდღიურად იცვლება, თქვენი ბრენდი კი მზად უნდა იყოს ნებისმიერ ასეთ მოვლენასთან ადაპტირებისთვის.
შეარჩიეთ არხები
არხების შერჩევისას თქვენ გაიგებთ, თუ სად არის თქვენი აუდიტორია თავმოყრილი და სად ხართ უკვე წარმატებული. უმჯობესია, ფოკუსირება მოახდინოთ იმაზე, რაც ნამდვილად მუშაობს, ეცადოთ, სწორედ ეს არეალი გააფართოვოთ და არ მოედოთ ყველა არხს ერთდროულად. მაგრამ არხში აბსოლუტურად დარწმუნებული რომ იყოთ, თქვენ უნდა გადახედოთ ვებ ანალიტიკას. Google Analytics-ის შემოწმებისას, გადადით Acquisition » Social » მიმოხილვაზე, რომ ნახოთ ძირითადი სოციალური ქსელები, სადაც ყველაზე ხშირად ზიარდება თქვენი კონტენტი.
ამ ინფორმაციის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადაწყვიტოთ, რომელ ქსელებს მიმართოთ საიმისოდ, რომ აუდიტორიის მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა მიიღოთ და სწორად გაავრცელოთ თქვენი კონტენტი.
განსაზღვრეთ კონტენტის ტიპები
შემდეგ უკვე დაფიქრდით, რა ტიპის კონტენტის გავრცელება გსურთ ამ არხებში. არსებობს კონტენტის გარკვეული ტიპები, რომლებსაც ყველა კონტენტ მარკეტინგული სტრატეგია მოიცავს.
კონტენტ მარკეტინგის ყველაზე წარმატებული სტრატეგიები ეყრდნობა თქვენს საკუთარ საიტზე (ან მთავარ ბაზაზე) გამოქვეყნებული კონტენტის ცენტრალურ ბირთვს, რომელიც შემდეგ შეიძლება ხელახლა გამოიყენოთ და გააზიაროთ სხვა საიტებზე. ყველაზე ხშირად გამოყენებული და საბაზისო ტიპი კონტენტისთვის არის ბლოგები, რომლებიც, როგორც წესი, კარგ შედეგს დებენ ხოლმე.
ასევე, როგორც წესი, კონტენტ მარკეტინგის განუყოფელი ნაწილია ვიდეომარკეტინგი, რადგან ამ ხერხით მომხმარებლები ყველაზე დიდხანს რჩებიან კონტენტში ჩართულები. ვიდეოს გარდა, თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ ინფოგრაფიკები, ვებინარები, ელ.წიგნები, პოდკასტი და ა.შ
შექმენით კონტენტ კალენდარი
როგორც თქვენი კონტენტ სტრატეგიის ნაწილი, თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, როდის გსურთ თქვენი კონტენტის გამოქვეყნება თითოეულ პლატფორმაზე. დაუგეგმავობა კონტენტ მარკეტინგის მთავარი შეცდომაა, ამიტომ აუცილებელია კალენდრის გამოყენება მთელი თქვენი კონტენტის დაგეგმვისთვის. მაგალითად, საამისოდ, შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Calendar და უბრალოდ მიუთითოთ თითოეული პოსტის თარიღები. ეს საკმაოდ კარგად მუშაობს, განსაკუთრებით თუ არ აქვეყნებთ ბევრნაირ კონტენტს. მაგრამ თუ თქვენ აქვეყნებთ ბევრ კონტენტს, მაშინ, სავარაუდოდ, სხვა ხელსაწყოები დაგჭირდებათ, მაგალითად, როგორიცაა Asana ან CoSchedule.
კონტენტის გავრცელება
თქვენი კონტენტის სტრატეგიის შემდეგი ძირითადი ნაწილი არის მისი გავრცელება. ეს კი იმიტომ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ სასურველ შედეგებს, თუ ისინი სწორად არ დამუშავდება. ამისათვის, სასურველია:
- შექმენით განრიგი, თუ როდის და როგორ გავრცელდება კონტენტი სოციალურ მედიაში;
- გამოიყენეთ ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი თქვენი კონტენტის აბონენტებთან მისაწვდომად;
- თქვენს კონტენტში ნახსენებ ნებისმიერ გავლენიან ადამიანს სთხოვეთ, რომ ეს კონტენტი მაქსიმალურად გაავრცელოს.