fbpx

კონტენტ მარკეტინგის 5 ტიპი

content-mvp.ge

კონტენტ მარკეტინგის 5 ტიპი

კონტენტ მარკეტინგი არის სტრატეგიული მარკეტინგული მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია ღირებული და რელევანტური მედიამასალების შექმნასა და ხშირ გავრცელებაზე. მისი მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა; სამიზნე აუდიტორიის მოზიდვა, ჩართვა და შენარჩუნება, რაც საბოლოოდ გაყიდვების გენერირებაში აისახება.

კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია კომპანიებმა მრავალი დეტალის გათვალისწინებით უნდა გაწერონ. მათ უნდა გაითვალისწინონ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა კომპანიის მიზანი, აუდიტორია, მასალების გავრცელების არხები და ა.შ. ამ ყველაფრის დაგეგმვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი თავად კონტენტ მარკეტინგის ტიპის შერჩევაა.

ზოგადად, კონტენტ მარკეტინგის ბევრი სახეობა არსებობს, თუმცა, დღეს მათ შორის ყველაზე გავრცელებულ 5 ტიპს განვიხილავთ. ესენია:
• ბლოგი;
• ინფოგრაფიკა;

• პოდკასტი;
• ვიდეო;
• სოციალური მედია.

ბლოგი

ბლოგპოსტების შექმნა საკმაოდ ეფექტური საშუალებაა სასურველი შედეგების მისაღწევად. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათი წარმოება ძალიან ეკონომიურია.

ბლოგის გამოყენება მრავალმხრივ შეიძლება. თუმცა, ერთ მნიშვნელოვანი რამ უნდა დაიმახსოვროთ – ის გამორჩეული უნდა იყოს. ამიტომ, სხვა კომპანიების მიერ უკვე მრავალჯერ განხილულ საკითხებზე თავიდან წერას დროს ნუ დაუთმობთ. არც იმაზე საუბარია მოგებიანი, თუ როგორ შეცვლის თქვენი პროდუქტი/მომსახურება ადამიანების ცხოვრებას. ამ შემთხვევაში, ადამიანებისთვის ყველაზე საინტერესო, ხოლო კომპანიისთვის – სასარგებლო, შესაძლოა, თქვენს პროდუქტთან/მომსახურებასთან დაკავშირებული თემების განხილვა იყოს. ამგვარი მარკეტინგული სვლით, ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტის (ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე) სახელს დაიმკვიდრებთ. შესაბამისად, პოტენციური მომხმარებლები უკვე იგულისხმებენ, რომ კარგ პროდუქციას ქმნით.

ინფოგრაფიკა

წარმატებული ინფოგრაფიკა მარტივი, ეფექტური და მრავლისმთქმელი უნდა იყოს. ამ შეთხვევაში თქვენი მიზანი (და ინფოგრაფიკის დანიშნულება) ბევრი, რთული ინფორმაციის მოგროვება და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილების პუნქტებად ჩაშლაა.

ინფოგრაფიკა შეგიძლიათ ბლოგების ნაწილად აქციოთ. მისი გამოყენება, ცხადია, დამოუკიდებლადაც შეიძლება (თუნდაც, სოციალური მედიის პლატფორმაზე გასაზიარებლად).

პოდკასტი

პოდკასტის წარმოებას შესაბამისი აღჭურვილობა სჭირდება, შესაბამისად, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი (წინა ორი ტიპისგან განსხვავებით) არ არის. თუმცა, ხარისხიანი პოდკასტი მნიშვნელოვნად დაეხმარება ბრენდს თავისი ხასიათის გადმოცემასა და  მასობრივ აუდიტორიაზე წვდომის მოპოვებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმატებული პოდკასტის საწარმოებლად, მისი წინასწარ დაგეგმვა აუცილებელია.

პოდკასტის გავრცელება სხვადასხვა არხითაა შესაძლებელი – პოდკასტების ქსელი, კომპანიის ვებსაიტი, სოციალური მედია (როგორც დამატებითი კონტენტი აუდიტორიასთან საურთიერთობოდ).

ვიდეო

ვიდეო კონტენტის წარმოება შეიძლება იყოს ძვირი, შრომატევადი და ბევრ დროსაც საჭიროებდეს, თუმცა მომხმარებელთა შორის მასზე დიდი მოთხოვნაა. ხარისხიანი ვიდეორგოლი კომპანიის სრულიად სხვა მხარეს აჩვენებს. ამის გარდა, ის ბრენდს საშუალებას აძლევს, მომხმარებელს განსხვავებული შინაარსისა და დატვირთვის მქონე მასალა მიაწოდოს. აქ იგულისხმება თუნდაც ისეთი კონტენტი, რომელიც მაყურებელს კომპანიის წარმოებული პროდუქტის გამოყენების გზას, ან მისი შექმნის (დასაწყისიდან თაროზე მოხვედრამდე) პროცესს აჩვენებს.

ვიდეომასალების გავრცელება შეგიძლიათ ნებისმიერი არხით – თქვენი ვებსაიტი, სოციალური მედია, ბლოგი და ა.შ.

სოციალური მედია

სოციალურ მედიას ხშირად არა კონტენტ მარკეტინგის ერთ-ერთ ტიპად, არამედ დამოუკიდებელ სახეობად აღიქვამენ, რადგან ის ოდნავ განსხვავებული წესების მიხედვით მუშაობს. მისი მიზანი ადამიანების ყურადღების მიქცევა და, ჩართულობის გზით, მათთან პირისპირი კავშირის დამყარებაა.

სოციალური მედიის ანალიტიკაზე დაკვირვებით, საკმაოდ მარტივად გაარკვევთ თქვენი აუდიტორიის ტიპს. ანუ იმას, თუ რა სახის კონტენტის ხილვას ამჯობინებენ თქვენი მიმდევრები. ეს შეიძლება იყოს ბლოგები, ვიდეოები, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის სერიოზული პოსტები ან თუნდაც, ერთ-ერთი თანამშრომლის სახალისო პოსტები.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post