fbpx

დავით ჩეჩელაშვილი – ინოვატორის სტარტაპ გზა

დავით ჩეჩელაშვილი

დავით ჩეჩელაშვილი – ინოვატორის სტარტაპ გზა

ინოვატორი – ალბათ, ეს სწორედ ის სიტყვაა, რომლითაც ამ ადამიანის დახასიათება ყველაზე კარგად შეგვიძლია; ეს კი იმიტომ, რომ მას საკმაოდ ბევრ ინოვაციურ პროდუქტზე აქვს ნამუშევარი – მათ შორის ისეთებზეც კი, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

საუბარი დავით ჩეჩელაშვილზე გვაქვს, ადამიანზე, რომელმაც ბავშვობა სხვების მსგავსად, საბჭოთა კავშირში გაატარა, თუმცა კი შეძლო, თავისი მრავალფეროვანი ინტერესებისთვის ებრძოლა და საზღვარგარეთ ესწავლა.

და მაინც, საიდან დაიწყო ინოვაციური ადამიანის ინოვაციური კარიერის გზა?

„ერთხელაც მამაჩემმა მუშტაიდის ბაღში ერთ-ერთ ღონისძიებაზე წამიყვანა, სადაც სამგანზომილებიანი სურათები იყო გამოფენილი – ზოგიერთის დასანახად სათვალე იყო საჭირო, ზოგს კი თვალის დაძაბვაც ყოფნიდა. საბჭოთა კავშირში დაბადებული ბავშვისთვის ეს ერთგვარი აღმოჩენა იყო. მას მერე მკაფიოდ ჩამიჯდა გონებაში სამგანზომილებიანი გამოსახულებები და მთელი ცხოვრება რაღაცების გაუმჯობესებას ვცდილობდი.“

თუმცა, თავიდანვე ინოვაციური პროდუქტების შექმნაზე მუშაობით არ დაუწყია. ჯერ პროგრამების წერა დაიწყო – მაშინ საბჭოთა კავშირი ახალი დანგრეული იყო და უკვე ახალი კომერციული სტრუქტურები იხსნებოდა; დავითი სწორედ ერთ-ერთი მათგანისთვის წერდა პროგრამებს. როგორც თავად იხსენებს, იმ დროისთვის კომერციული უნარები საერთოდ არ ჰქონდა განვითარებული, რის გამოც თავის დაწერილ პროგრამებს მიზერულ თანხებში ყიდდა. პარალელურად მუშაობდა დისერტაციაზე ხელოვნური ინტელექტის ენით ლისპის (LISP) გამოყენებით.

„როცა უკვე ჩემს საქმიანობას სრულად კომერციულად შევხედე და მივხვდი, რომ სხვანაირად უნდა მემოქმედა, მასკის პროგრამაზე ჩავაბარე და სასწავლებლად MBA ხარისხის მისაღებად წავედი.“

დავითი ამბობს, რომ იმ დროში მას ძალიან გაუმართლა მასკის პროგრამის არსებობით და შემდეგ უკვე ამერიკაში განათლების მიღებით, რადგან იმ დროს MBA-ზე სწავლის შესაძლებლობა საქართველოში ძალიან ცოტას თუ ეძლეოდა. პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტს მომენტალურად ეძლეოდა რამდენიმე სამსახურეობრივი შემოთავაზება. სწორედ ასე მოხდა დავითის შემთხვევაშიც – ერთ-ერთი შემოთავაზება ebay-სგან მოუვიდა, რომელიც იმ დროისთვის IPO-ზე ახალი გასული იყო, თუმცა, მან უარი უთხრა კომპანიას და Deloitte-ში დაიწყო მუშაობა სენიორ კონსულტანტის პოზიციაზე.

„თითქოს დიდი კომპანიაა დელოიტი, რომელშიც საკმაო ბიუროკრატია იყო და 1 წელზე მეტი ვერც გავჩერდი. თუმცა, აქ მუშაობა ძალიან გამომადგა, რადგან იმდენ ინდუსტრიაში მივიღე გამოცდილება, რომ პოტენციური ანტრეპრენერისთვის ძალიან გამოსადეგი იყო ეს ყველაფერი. სწორედ ამგვარი სამუშაო გამოცდილებით ვხედავთ ინდუსტრიის პრობლემებს.“

იმ დროისთვის დავითს სპეციფიკური ვიზა ჰქონდა, რომელიც ამერიკიდან 2 წლით წასვლას ავალდებულებდა. მას დელოიტში ჰქონდა არჩევანი – გადასულიყო კანადის ან ჩეხეთის ოფისში. თუმცა, იმ მომენტში დავითს აქტიურად სთავაზობდა ერთ-ერთი საინვესტიციო ბანკი – რენესანს კაპიტალი სამსახურს, რომელიც, ფაქტობრივად, სტარტაპი იყო. იგი დათანხმდა და წავედა რუსეთში, სადაც იმ დროისთვის საკმაოდ საინტერესო პერიოდი იყო, რადგანაც რეფორმები სწორი მიმართულებით ტარდებოდა და პროცესები დემოკრატიულად მიდიოდა.

– როგორც ვიცით, სტარტაპ ეკოსისტემაში მოღვაწეობა სწორედ რომ რუსეთიდან დაიწყეთ – რით დაიწყეთ და როგორ განვითარდა პროცესები?

რუსეთში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ემიგრანტი იყო, რომელთან ერთადაც შევქმენი ჯერ ერთი სტარტაპი, შემდეგ – მეორე. ვაკეთებდით იმ საინტერესო ტექნოლოგიების კომერციალიზაციას, რომელიც მაშინდელ საბჭოთა კავშირში იყო გამოგონებული. ერთ-ერთ ასეთ სტარტაპს ერქვა NeurokSoftware (Neuro – from Neural Network) – რომელშიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით Knowledge management system-ზე ვმუშაობდით.

სტარტაპს ყოველთვის აქვს ხოლმე cash flow-ს პრობლემა და ხშირად თანამშრომლებისთვის თვიდან თვემდე ხელფასის გადახდა უჭირს. როცა ის უკვე მსხვილ კლიენტებს შოულობს, უპირობოდ თანხმდება სტარტაპი მის მომსახურებაზე. სწორედ ამ მსხვილმა კლიენტებმა გახადეს ეს სტარტაპი Lifestyle business, რის მერეც ჩემი საქმიანობა ამ სტარტაპში დასრულდა.

ამ ამბის შემდეგ, იმავე პარტნიორებთან ერთად შევქმენი Neurok Optics და ვამზადებდით სამგანზომილებიან მონიტორებს ორი LCD პანელით. მათ ოპტიკა და პოლიარიზაცია შეცვლილი ჰქონდათ და სენდვიჩის წესით მზადდებოდა ქარხანაში; პასიური სათვალის გაკეთებისას კი მათში სამგანზომილებიან ვიზუალებს ვხედავდით.

– ამ სტარტაპებში გამოცდილების მიღების შემდეგ, გადახვედით სან დიეგოში და ახალი გამოცდილება მიიღეთ – გვიამბეთ ამ გამოცდილებაზე..

იყო ასეთი ტაივანური კომპანია Chi Mei Optoelectronics Corporation (CMO) „ჩიმეი ოპტოელექტრონიკსი“, რომელიც იმ დროისთვის სხვა ტაივანური კომპანიის Innolux Corporation ყიდვის მერე პანელების წარმოების მხრივ მეორე ყველაზე დიდი კომპანია გახდა. (ის აგრეთვე ფლობდა ცნობილ ამერიკულ კომპანიას Westinghouse Electric Corporation. სწორედ ისინი გახდნენ ჩვენი ინვესტორები, რის მერეც დავიწყეთ სამგანზომილებიანი მონიტორების კეთება. ჩვენ შემთხვევაში მონიტორები იყო აქტიური, ხოლო სათვალეები – პასიური, რასაც ინოვაციური Middleware ემატებოდა, რომელიც უმრავლესობა PC თამაშს 3 განზომილებიან თამაშად გარდაქმნიდა) ჩვენი პირველი კონკურენტი იმ დროისთვის იყო NVIDIA, რომელმაც მსგავსი პროდუქტი (Nvidia 3D Vision) 8 თვის შემდეგ შექმნა და ის ჩვენგან განსხვავებით, 3D სათვალეების აქტიურ ტექნოლოგიას იყენებდა.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კონკურენციამდე დავმარცხდით, რადგან მაშინ, როცა ამ პროდუქტს ვქმნიდით, NVDIA-ს მსგავსად დიდი ფინანსები არ გვქონდა. ჩვენ პირდაპირ საცალო ბაზარს მივაწოდეთ ჩვენი მონიტორები და იმდენი არ შეგვეძლო, რომ უოლმარტის 14 000 მაღაზიაში 2-3 მონიტორი დაგვეკიდებინა და 6 თვე გვეცადა შემოსავლისთვის. სწორედ ამ ფინანსების ნაკლებობის გამო, მოგვიწია გაგვეყიდა ლიცენზია, რომლის ნაწილიც ბოლოს სიმენსმა იყიდა.

– რა მოხდა ამ მარცხის შემდეგ/როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერული გზა?

იმ დროისთვის სან დიეგოსა და ლოს ანჟელესში სტერეო კლუბების წევრი ვიყავი და ერთ მშვენიერ დღეს Disney-დან ჩვენ და კიდევ ერთ ჯგუფს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ 3 თვეში ლას ვეგასში კონფერენცია ტარდებოდა. მათ იცოდნენ, რომ 3D მიმართულებით ვმუშაობდით და გვკითხეს, თუ გვქონდა ტექნოლოგია, რომელსაც მათ შევთავაზებდით. მეორე ჯგუფმა უარი თქვა პროდუქტის შეთავაზებაზე, რადგან იმ დროისთვის ისინი არ იყვნენ მზად მსგავსი გამოწვევისთვის.

რეალურად, არც ჩვენ ვიყავით მზად ამხელა რამისთვის, მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამომეყენებინა და ჩემს უკვე ახალი კომპანიის „XpanD“ (რეალურად ჯერ კომპანია არ არსებობდა, მერე შევქმენით) გუნდის წევრებთან ერთად 3 თვის განმავლობაში 206 (200-ს დანიშნულება Disney’s Chicken Little 3D screening იყო და დანარჩენი 6 ცნობილ რეჟისორებს უნდა გამოეყენებინათ პანელური დისკუსიის დროს) აქტიური 3D სათვალისა და პროექტორთან მისაერთებელი სისტემების შექმნაზე ვიმუშავე, რომელიც წარმატებული გამოდგა.

შემდეგ უკვე ნელ-ნელა ის ზემოხსენებული მეორე ჯგუფი საიდანაც დაიბადა კომპანია „RealD“, დაგვეწია და დღესაც ჩვენ ვართ 3D ინდუსტრიაში ყველაზე დიდი მოთამაშეები. საწყის ეტაპზე ინგლისურენოვანი ბაზარი მეორე კომპანიას ჰქონდა ათვისებული, ხოლო დანარჩენი კი – ჩვენ.

– როგორც ვიცით, შეხება გქონდათ 3D კალამთანაც, რომელიც დღემდე ძალიან პოპულარული პროდუქტია..

დიახ, 2012-ში კომპანია WobbleWorks-მა, რომელიც ჩემმა ინგლისელმა მეგობრებმა დააფუძნეს, დაიწყო 3D კალამზე სახელად 3Doodler მუშაობა. შექმნეს პროტოტიპი და დახმარება მთხოვეს პროცესში. გადავწყვიტეთ Kickstarter-ზე დაფინანსების წყაროს მოძიება და მიზნად დავისახეთ 35 000 დოლარის შეგროვება, მაგრამ იმდენად მოეწონა ხალხს ეს იდეა, რომ 2 მილიონზე მეტი შევაგროვეთ. საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ეს პროდუქტი და ამ კომპანიამ შემდეგ პატენტიც მოიპოვა.

– ბევრ უცხოურ გამოცდილებაზე ვისაუბრეთ და დროა საქართველოზეც გადავიდეთ.. ადრე ახსენეთ, რომ საქართველო ინოვაციების რუკაზე თითქმის არ იძებნებოდა. ახლა რა მდგომარეობაა? როგორ შეაფასებთ დღეს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას?

რამდენიმე წლის წინ თითქმის საერთოდ არ ვიყავით ინოვაციების რუკაზე, თუმცა, დღეს უკვე შემიძლია, ვთქვა, რომ მცირე წერტილი ამ რუკაზე ჩვენი მხრიდან უკვე დაისვა. შეიძლება ითქვას, რომ საიმედო სტარტაპები გამოჩნდნენ ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად: Payze, OptioAi, Pulsar, Theneo და ა.შ ახლა უკვე იმაზე კი აღარ არის საუბარი, რომ ინოვაციების კუთხით რუკაზე არ ვარსებობთ, არამედ ის წერტილი, რაც დავსვით, უნდა გავადიდოთ და ჩვენი ნიშა ვიპოვოთ.

გზა განათლებიდან ანტრეპრენერობამდე – ინტერვიუ დაჩი ჭოლაძესთან

ინტერვიუ დაჩი ჭოლაძესთან

როგორც სხვები მახასიათებენვარ მიზანდასახული ადამიანი, რომელიც მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძვის – ასე გვიხასიათებს თავს დაჩი ჭოლაძე, ქართული სტარტაპის Pulsar Ai-ს თანადამფუძნებელი… უსაზღვრო გამოცდილების ფონზე, გადავწყვიტეთ, დაჩის გავსაუბრებოდით და სტარტაპერებისთვის რამდენიმე აქტუალურ საკითხზე გვეკითხა მისთვის აზრი.

– როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს წინსვლა?

ეს წინსვლა, პირველ რიგში, გამოცდილებიდან მოდის. გარდა ამისა, მოხდა უამრავი რამის გაციფრულება, რამაც სტარტაპებს განვითარების პირობა შეუქმნა. ასევე, შეიქმნა GITA, რომელიც მათთვის დაფინანსების და მენტორობის წყარო გახდა. გარდა ამისა, დიდი იყო ამ საქმეში ფინანსური სექტორის კონტრიბუციაც, მაგალითად საქართველოს ბანკი დაპარტნიორდა 500 Startups აქსელერატორთან, რომელიც GITA-მ შემოიყვანა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. ხოლო საქართველოს ბანკიდან კი საწყისი კაპიტალი მოდიოდა აქსელერაციის პროგრამაში მიღებული სტარტაპებისთვის. ამას გარდა, საქართველოს ბანკმა საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა საქართველოში ტექ მეწარმეობის პოპულარიზაციაშიც.

– როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ეკოსისტემა კიდევ უფრო განვითარდეს?

იმისთვის, რომ ეს ინდუსტრია საქართველოში უფრო განვითარდეს, საჭიროა, რომ უკვე არსებულმა სტარტაპებმა სწორად წარმართონ პროცესები. ასევე, არსებულ სტარტაპებთან ერთად, მნიშვნელოვანია, შეიქმნას სხვა მსგავსი სტარტაპებიც, რათა ზრდა და განვითარება არ შეჩერდეს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემასა და განათლების სისტემაში.

– ქართული სტარტაპებიდან გყავთ თუ არა ფავორიტები?

როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო პერიოდში ბევრი კარგი სტარტაპი შეიქმნა, თუმცა, მე მაინც გამოვარჩევდი Payze-ს, რადგან სტარტაპისთვის საჭირო ტემპით აგრძელებს მუშაობას და განვითარებას, რაც საკმაოდ იშვიათია ქართულ სტარტაპებში. ასევე, გამოვარჩევდი Theneo-ს, რადგან მის გუნდს აქვს გლობალური გამოცდილება და გლობალური ბაზრიდან დაიწყეს თავიანთი საქმე. გამოვარჩევდი Omofox-ს რომელმაც ბოლო ერთ წელიწადში საოცარი ზრდა აჩცვენა და ძალიან ძლიერი დამფუძნებელი ჰყავს, ასევე CARU,  Elven Technologies, Phubber, Kernel და Edumentors, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი იდეა და დამფუძნებლები ჰყავთ.

– და ბოლოს, რა რჩევებს მისცემდით სტარტაპებს?

იპოვე კომფორტი კომფორტიდან გამოსვლაში – იმდენად ხშირად მოგიწევს, რომ თვითგადარჩენისთვის აუცილებელია.

მიეჩვიე სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას იმ გარემოში, სადაც ბევრი უცნობია.

იმისთვის, რომ სწრაფი გადაწყვეტილებების უნარი განივითარო, დაგეხმარება ისეთი თამაშები, სადაც არასოდესარ გაქვს მთლიანი ინფორმაცია. ჩემს შემთხვევაში ეს იყო ბრიჯი (ჭადრაკი არ არის ასეთი თამაში);

არ მიაქციო ყურადღება ჰაიპს/აჟიოტაჟს.


ის, რაც პრესაში იწერება თითქმის ყოველთვის გაზვიადებულია, ამიტომ მასზე დროის ხარჯვის ნაცვლად, ფოკუსი სტარტაპ იდეისგან ბიზნესის შექმნაზე გადაიტანე.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post