fbpx

როგორ ჩაიარა DevFest Georgia 2022-მა ქუთაისში?

როგორ ჩაიარა DevFest Georgia 2022-მა ქუთაისში?

29 ოქტომბერს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში DevFest Georgia 2022 ჩატარდა. დეველოპერების ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა ფესტივალმა 400-მდე სტუმარს უმასპინძლა. ღონისძიებაზე სფეროს ექსპერტების მიერ განხილულ იქნა ბევრი საინტერესო ტექნოლოგიური თემა. 

ვრცლად DevFest Georgia 2022-ის შესახებ მის თანაორგანიზატორს, ტატო კუტალიას გავესაუბრეთ:

– პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით ივენთს? როგორ ჩაიარა?

წელს პირველად ჩატარდა DevFest თბილისს გარეთ და მოლოდინები საკმაოდ განსხვავებული გვქონდა, თუმცა ღონისძიებამ მოლოდინს გადააჭარბა და ორგანიზატორებმაც ძალიან ვისიამოვნეთ.

ჯამში გვყავდა 400-მდე სტუმარი, 11 სპიკერი და მივიღეთ ძალიან ბევრი და ახალი სასიამოვნო გამოცდილება.

როდესაც დავიწყეთ ფესტივალის დაგეგმვა, ძალიან რთული იყო გათვლების გაკეთება, რადგან არათუ ჩვენ, არამედ საერთოდ ამ ზომის ტექნოლოგიური ღონისძიება თბილისს გარეთ არ ჩატარებულა. მინდა, მადლობა გადავაუხადო ჩვენს გენერალურ სპონსორს საქართველოს ბანკს,  რომელთანაც მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და გვენდო ამ მიზანში.

სტუმრების უკუკავშირი ძალიან პოზიტიური იყო, რადგან გარდა ტექნოლოგიური სესიებისა, მათ დავახვედრეთ ძალიან დიდი სივრცე, სადაც შეეძლოთ კომუნიკაცია თავისი სფეროს სხვა წარმომადგენლებთან და სპიკერებთან.

დავბრუნდებით შემდეგ წელს!

– უმეტესწილად, რა სეგმენტი ჭარბობდა დამსწრე საზოგადოებაში?

ძირითადად ჭარბობდა სტუდენტები, თუმცა ძალიან ფართო სპექტრი იყო – დაწყებული სკოლის მოსწავლეებით და დასრულებული თავიანთ დარგში საკმაოდ გამოცდილი ადამიანებით. ჩვენი სესიები მორგებული იყო ყველა სეგმენტზე, გვყავდა სპიკერები საინტერესო თემებით დიდ სცენაზე, გვქონდა პანელური დისკუსია და ცალკე ვორქშოპები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ უშუალო პრაქტიკული გამოცდილების მიღებით.

– რა თემებზე გაკეთდა აქცენტი ღონისძიების მსვლელობისას?

DevFest ორიენტირებულია Google-ს ტექნოლოგიების გარშემო. გვყავდა დარგის ექსპერტები სხვადასხვა ტექნოლოგიიდან როგორიცაა: Angular, Android, Flutter, Go, Google Cloud და სხვა. ასევე გვყავდნენ წარმატებული ქართული სტარტაპებიდან სპიკერები პანელურ სესიაზე.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

რა თქმა უნდა, აქ გაჩერებას არ ვაპირებთ და შემდეგ წელს ტრადიციულად ვგეგმავთ ჩავატაროთ DevFest. თუმცა, ჩვენ ყოველთვიურად გვაქვს შეხვედრები კონკრეტული 1 ტექნოლოგიის გარშემო მოწვეულ სპიკერთან ერთად და ეს გაგრძელდება.

– როგორ ფიქრობთ, რატომაა საჭირო მსგავსი ღონისძიებები საქართველოში?

ძალიან მნიშვნელოვანია მივწვდეთ იმ ადამიანებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ აურჩევიათ საბოლოოდ კარიერა ან ახალი არჩეული აქვთ და სწორი მიმართულების აღება სჭირდებათ. DevFest აცნობს ყველა იმ დიდ მიმართულებას, რომელიც ძალიან პოპულარულია დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში. მნიშვნელოვანია გაიზარდოს ასეთი ღონისძიებების რაოდენობა, რათა ყველას, ასაკის და შესაძლებლობების მიუხედავად, ჰქონდეს საშუალება, გაეცნოს ტექნოლოგიებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DevFest ქუთაისში გაიმართება

საქართველოს ბანკი საინტერესო და საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით ტექნოლოგიურ სამყაროში დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალი DevFest, 29 ოქტომბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post