ქართული სტარტაპები: Edison Tech Solutions
“აქციე ტექნოლოგიური იდეები რეალობად” – ეს ქართული სტარტაპის, Edison Tech Solutions-ის სლოგანია, რომელიც 2017 წელს სამმა სტუდენტმა: გივი ბერიძემ, ირაკლი მსხილაძემ და ნიკოლოზ სიხარულიძემ დააფუძნეს. მას შემდეგ კი ედისონი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც ქმნის სხვადასხვა ბიზნესისთვის Hardware და Software პროდუქტებს. საინტერესოა, როგორ გაჩნდა Edison Tech Solutions-ის შექმნის იდეა და რა გზა გაიარა სტარტაპმა დღემდე. ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გივი ბერიძეს გავესაუბრეთ:
იდეა
თუ საქართველოს ბაზარზე არსებულ ტექნოლოგიურ მოწყობილობებს გადავხედავთ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა იმპორტირებული, საზღვარგარეთ ნაყიდია. ამ ტიპის დაკვირვების შედეგად გაჩნდა იდეა, რომ დაგვეფუძნებინა ისეთი ტექნოლოგიური სააგენტო, რომელიც მომხმარებლებს სრულ სპექტრს შესთავაზებდა: ტექნოლოგიური იდეის ფორმირებას, Hardware-ს MVP-ს, ანუ პროტოტიპის შემუშავებას და შემდგომ უკვე რაოდენობაში წარმოებას.
Edison.ge 2017 წელს 3-მა კურსელმა დავაფუძნეთ, რომლებიც კომპიუტერული მეცნიერებებისა და ელექტრო-კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტებზე ვსწავლობდით.
დღეს უკვე 100-ზე მეტი Internet of Things (IoT), ჭკვიანი მოწყობილობა, ავტომატიზაციის სისტემა და კომპლექსური პროგრამული (Software) უზრუნველყოფა Web და Mobile მიმართულებით გვაქვს შექმნილი როგორც საქართველოში, ისე – ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ყოფილა პრეცედენტები, როდესაც ამერიკის ბაზარზე მყოფი კლიენტისთვის შეგვიქმნია ესა თუ ის პროდუქტი.
საქმიანობა
Edison Tech Solutions-ში ჩვენ, უმეტესწილად, ჭკვიან მოწყობილობებსა და სისტემებს ვქმნით სხვადასხვა ბიზნესისთვის. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის მოწყობილობა, ან პროგრამული უზრუნველყოფა. ასევე გვაქვს ჩვენი ბრენდის პროდუქტები, რომლებსაც ვაწარმოებთ და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მათი შეძენა.
ჩვენი გუნდი პრაქტიკულად ყველა უნარს მოიცავს, რომელიც საჭიროა ამ მიმართულებით. ესენია:
Hardware ნაწილში: PCB პლატის დიზაინი, Hardware პროგრამირება, 3D მოდელირება და 3D ბეჭდვა, მასობრივი წარმოება.
Software ნაწილში: Web BackEnd/FrontEnd დეველოპმენტი, Mobile აპლიკაციების შექმნა და UI/UX დიზაინი
მაგალითისთვის, ჩვენ მიერ შექმნილ ტექნოლოგიების სიას მიეკუთვნება: ჭკვიანი პარკირების სისტემა, ხელოვნური ინტელექტის მქონე სარკე/კონსიერჟი, შიდა მენეჯმენტ პლატფორმები სავაჭრო ცენტრებისთვის ან სხვა დიდი ორგანიზაციებისათვის, მონიტორინგის სისტემები ჭკვიანი ქალაქისთვის და Crypto Mininig ფერმებისთვის, მაღალტექნოლოგიური ჭკვიანი საწვრთნელი აუზი და სხვა. სრული სიის ნახვა ჩვენს ვებსაიტსა და Facebook გვერდზეა შესაძლებელი.
განვითარება და სირთულეები
კომპანია დავიწყეთ პრაქტიკულად 0-იდან, საკუთარი ბიუჯეტით. ჩვენი რესურსი ჩვენი ცოდნა იყო, მაგრამ მალევე შემოგვიერთდა 2 პარტნიორი ალექსანდრე ლილუაშვილისა (Tene-ს დამფუძნებელი) და პაატა ჯანაშიას სახით, რომლებმაც მნიშვნელოვანი ცოდნა და ფინანსური რესურსი შემოიტანეს კომპანიაში; ამან საშუალება მოგვცა, გავზრდილიყავით და რადიკალურად დიდი ზომის პროექტები შეგვესრულებინა.
აქვე ვიტყვი, რომ მსგავსი ბიზნესის დაწყება ყოველთვის ძალიან რთულია, რადგან არსებობს ე.წ. “ქათმისა და კვერცხის პრობლემა”. რთულია, გყავდეს დიდი გუნდი, უხდიდე ხელფასს და არ გყავდეს მომხმარებელი. იგივეა პირიქითაც, მომხმარებელი ვერ გეყოლება, თუ გუნდში საკმარისი ცოდნა და რესურსი არ იარსებებს.
ჩვენ დაგვეხმარა ის, რომ თავიდან თავადვე ვაკეთებდით ყველაფერს, ბიზნეს მოლაპარაკებებიდან დაწყებული, პროდუქტის წარმოებით დამთავრებული. გუნდი კი ეტაპობრივად იზრდებოდა.
უდიდესი სირთულე იყო ისიც, რომ “ქართულ” კომპანიას არ ენდობოდნენ და არ ელოდნენ, რომ კომპლექსური ევროპული სტანდარტების მქონე პროდუქტის შექმნა შეგვეძლო, მაგრამ დრომ ეს ცხადყო და ამის არაერთი მაგალითი შევქმენით. ეს სირთულე დღესაც არსებობს, თუმცა, ეტაპობრივად ყველაფერი დაძლევადია.
ედისონი კონკურენტებს შორის
ჩვენი 5 წლიანი მუშაობის პერიოდში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც პროექტი ავიღეთ და მომხმარებელს დასრულებული პროდუქტი არ მიუღია. თითოეულ პროექტს გუნდი აღიქვამს, როგორც საკუთარს და ხშირად ისეც ხდება, რომ ჩვენ უკეთ გვესმის იმ პროექტის იდეა, რასაც ვაკეთებთ ვიდრე – დამკვეთს.
კონკურენცია ამ მხრივ თითქმის არ არსებობს, რადგან, ძირითადად, იმპორტირებული საქონლის გაყიდვაზეა ყველა ორიენტირებული. Software-ის მიმართულებით ძალიან დიდი კონკურენციაა, მაგრამ Hardware-ის კუთხით პრაქტიკულად უმცირესია ან – არ არსებობს.
Edison Tech-ში ჩვენ შესაძლებელს ვხდით, რომ ნებისმიერმა ბიზნესმა თავისი ტექნოლოგიური იდეა არათუ მხოლოდ პროტოტიპად აქციოს, არამედ აქციოს ტექნოლოგიად, რომლითაც აიღებს EN ან სხვა ტიპის სერტიფიკატებს და გაყიდის/აწარმოებს მასობრივად.
Software-ს მხრივ კი, ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენს დამკვეთებს, რომ შექმნან ძალზე კომპლექსური სისტემები, რომლითაც შესაძლოა ათასობით ბიზნესი ან მილიონობით ადამიანი სარგებლობდეს.
მეტრიკები
ჩვენი მთავარი მეტრიკა იმ პროექტის გამოყენებადობაა, რომელსაც ჩვენ შევასრულებთ. ყოველთვის ვაგრძელებთ ჩვენს დამკვეთებთან მეგობრობას და ვაკვირდებით ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტების მიმდინარეობას. ამ ეტაპზე, უდიდესი ნაწილი ჩვენი პროექტებისა ბაზარზე დღემდე არსებობს და ფუნქციონირებს.
რჩევები სტარტაპებს
ედისონ ტექს არასდროს დაუწყია fundraising-ის პროცესი, რადგან ეს ყველაფერი გზადაგზა, “თავისით” მოხდა. როდესაც ინვესტიცია დაგვჭირდა, ზუსტად ვიცოდით, ვინ იქნებოდა ჩვენით დაინტერესებული და იმ ადამიანებთან შევძელით პარტნიორობის დაწყება.
ისეთი სტარტაპების მქონე ადამიანებს, რომლებიც მსგავს სერვის ყიდიან ვურჩევ, რომ ინვესტიციის აღებამდე აუცილებლად დააგროვონ traction (შეასრულონ მინიმუმ 10 პროექტი) და ჰქონდეთ თავიანთი პროდუქტი, რომლითაც სტაბილურ შემოსავალს მიიღებენ. ამის შემდეგ კი, ადგილობრივი ან საერთაშორისო კერძო ინვესტორის დაინტერესებას შეძლებენ.
საკუთარი პროდუქტის შექმნის პარალელურად შეგიძლიათ, გყავდეთ R&D გუნდი, რომელიც შესაძლოა გარე შეკვეთებს ასრულებდეს. ამ სფეროში ძალიან რთულია, გრანტის ტიპის ინვესტიციის მოპოვება, რადგან ჩვენ ვყიდით დეველოპერის ან ინჟინრის რესურსს; თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია სწორ ადამიანს/ფონდს ესაუბროთ.
Edison Tech Solutions დღეს და მომავალში
ამ ეტაპზე Edison-ის ჯგუფი, რომელიც Tech Solution-ს, ტექნოლოგიურ სკოლასა და ედისონის მაღაზიას (Edison Store)-ს მოიცავს, ჯამში 20-მდე ადამიანი მუშაობს. ამჟამად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი, დიდი ზომის პროექტები განვახორციელოთ, რომლებზეც 6 თვიდან 2 წლამდე ვმუშაობთ, შემდგომ კი ამა თუ იმ ბაზარზე მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ამან საშუალება მოგვცა, რომ მცირე ზომის პროექტებზე თამამად გვეთქვა უარი და რესურსი მნიშვნელოვანი საქმისკენ მიგვემართა.
რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმას, ესაა იმ პროდუქტის ევროპის ბაზარზე გატანა, რომელზე მუშაობაც ახლა დავასრულეთ და სერტიფიკატი ავიღეთ. ამით ჩვენ შევძლებთ, რომ ედისონ ტექი გავხადოთ საერთაშორისო ბრენდი, რომელიც ჭკვიან IoT მოწყობილობებს აწარმოებს.