როგორ დავიწყოთ ელკომერციის სექტორში ოპერირება
დაბალი საოპერაციო ხარჯები, ფართო აუდიტორიაზე წვდომა, მეტი შემოსავალი, ვიზიტორთა ქცევის მონიტორინგი და სტატისტიკა – ეს იმ სარგებელთა მცირე ჩამონათვალია, რომელთაც კომპანია ელკომერციის (ინტერნეტის საშუალებით პროდუქციის ან მომსახურების ყიდვა-გაყიდვა) ბიზნესმოდელის დანერგვის შემთხვევაში მიიღებს. სწორედ ამიტომ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა ელექტრონული კომერციის ვებსაიტების რაოდენობა და დღეს ბევრი კომპანია სწორედ ამ გზით ოპერირებს. არ უნდა დაგვავიწყდეს Covid-19-ის პანდემიის ეფექტიც – ვირუსის გავრცელების პირობებში, პროდუქტისა და მომსახურების ონლაინ შეძენა ყველაზე მოთხოვნადი გახდა; მომხმარებლებმა კი აღმოაჩინეს, რომ შესყიდვების ამ გზით განხორციელება ბევრად სწრაფი და მოსახერხებელია. შესაბამისად, ელკომერციის პოპულარობა უფრო მეტად გაიზარდა და აღნიშნული ტენდენცია კვლავ გრძელდება.
და მაინც, რა ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო ელკომერციის სექტორში ოპერირების დასაწყებად?
10 მიზეზი, თუ რატომაა ელექტრონული კომერცია მცირე ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი
ელექტრონული კომერცია, ასევე ცნობილი როგორც ელკომერცია, გულისხმობს ინტერნეტის საშუალებით პროდუქციის ან მომსახურების ყიდვა-გაყიდვას, რაც ელექტრონული მოწყობილობების (კომპიუტერით, მობილურით, ტაბლეტითა და ა.შ.) არის შესაძლებელი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა ელკომერციის ვებსაიტების რაოდენობა და დღეს ბევრი მცირე ბიზნესი სწორედ ამ გზით ოპერირებს.
გამოავლინეთ ბაზარზე არსებული ხარვეზი
ბაზარზე არსებული ხარვეზის გამოვლენისა და იდეების გენერირებისთვის რამდენიმე გავრცელებული გზა არსებობს. ხშირად, დამფუძნებლებს კომპანიის შექმნის იდეა პირადი გამოცდილებიდან უჩნდებათ – ისინი რაიმე პროცესში სირთულეს აწყდებიან ან აქვთ რაიმე საჭიროება, რომლის გადაჭრის გზასაც მათ არავინ სთავაზობს. შესაძლოა, მსგავსი პირადი გამოცდილება არ გქონდეთ, თუმცა, არსებული ხარვეზის შესახებ ინფორმაცია ნაცნობ ადამიანებთან საუბრით მიიღოთ.
თუ იდეა მაინც არ მოგდით, თქვენს თავს შემდეგი კითხვები დაუსვით:
• არსებობს თუ არა ბაზარზე რაიმე პროდუქტი/მომსახურება, რომლის ზოგიერთი ელემენტის შეცვლის/ამოღების/დამატების გზით ან გაუმჯობესებით, მას უნიკალურად აქცევთ?
• არსებობს თუ არა ბაზარზე რაიმე ორი ან მეტი პროდუქტი/მომსახურება, რომელთა გაერთიანებითაც ერთ დახვეწილ პროდუქტს/მომსახურებას მიიღებთ?
დაადასტურეთ იდეა
ცხადია, ყველა იდეა ბიზნესისთვის არ არის მდგრადი. სწორედ ამიტომ, უნდა დარწმუნდეთ, რომ კონკრეტული პროდუქტი ან მომსახურება ადამიანებს ნამდვილად უნდათ და ისინი მზად არიან, მასში თანხა გადაიხადონ. ამის დასადგენად პოტენციურ მომხმარებლებს უნდა გაესაუბროთ, ჩაატაროთ კვლევა და, მათი არსებობის შემთხვევაში, კონკურენტების ანალიზი.
სახელი დაარქვით კომპანიას
მას შემდეგ, რაც დაადგენთ, თუ რა პროდუქტს ან მომსახურებას აწვდით მომხმარებელს, კომპანიის სახელიც უნდა მოიფიქროთ. ამ შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:
• დარწმუნდით, რომ სახელი იმავე ინდუსტრიაში უკვე არსებულ სხვა კომპანიას არ ჰქვია;
• მოერიდეთ ძალიან ზოგად სახელებს;
• მოერიდეთ ისეთ სახელებს, რომლებიც შეზღუდავენ თქვენს ბიზნესს. მაგალითად, თუ კომპანიას ,,MVP-ის სტატიებს’’ დაარქმევთ, მომხმარებლებისთვის ცხადი იქნება, რომ მხოლოდ სტატიებს სთავაზობთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გაფართოვდებით და პოდკასტების დამატება მოგინდებათ, დიდი ძალისხმევის ჩადება მოგიხდებათ აუდიტორიისთვის ამის ახსნის პროცესში.
• აარჩიეთ ისეთი სახელი, რომელიც მარტივად დასამახსოვრებელია;
• კომპანიის სახელი ხმამაღლა წარმოთქვით და დააკვირდით, როგორ ჟღერს;
• იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ვარიანტს შორის ორჭოფობთ, შესაბამისი დომენებისა და სოციალური მედიის მომხმარებლის სახელების ხელმისაწვდომობა შეამოწმეთ.
შექმენით ბრენდის იდენტობა
ბრენდის იდენტობის დადგენისას საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა დაუსვით:
• რა არის კომპანიის მისია?
• ბრენდი ადამიანი რომ ყოფილიყო, როგორ დავახასიათებდით მას?
• როგორ გვინდა, ბაზარზე აღგვიქვამდნენ?
შემდეგ კი დაიწყეთ მუშაობა ლოგოზე, ძირითად ფერებზე, მომხმარებელთან საუბრის ტონზე და შემოქმედებითი სფეროს სხვა ნაწილებზე, რომლებიც ბრენდის იდენტურობას გამოხატავენ.
შეარჩიეთ ელკომერციის პლატფორმა
დღეისთვის ხელმისაწვდომი მრავალი ელკომერციის პლატფორმიდან თითოეული სხვადასხვა მახასიათებელსა და სარგებელს გვთავაზობს. შერჩევის პროცესში კი უნდა გაითვალისწინოთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
• პროდუქტისა და შეკვეთის მართვა;
• მობილურთან თავსებადობა;
• ანალიტიკის ხელსაწყოები;
• ჩაშენებული SEO ხელსაწყოები;
• მესამე მხარის სისტემის ინტეგრაციის შესაძლებლობა;
• კონტენტის მართვის გაფართოებული სისტემა;
• მრავალარხიანი გაყიდვები.
შექმენით მარკეტინგული სტრატეგია
მარკეტინგული სტრატეგია მოიცავს როგორც პროდუქტის ბაზარზე ჩაშვებამდე, ასევე ამის შემდგომ პერიოდს. მანამ, სანამ პროდუქტი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება, თქვენი სამიზნე აუდიტორია უნდა დააინტრიგოთ და დააინტერესოთ. მისი ჩაშვების შემდგომი სტრატეგია კი უკავშირდება უფრო გრძელვადიან ბიზნესმიზნებს, როგორებიცაა ბრენდის ცნობადობის გაზრდა და მეტი მომხმარებლის მოზიდვა.
დამატებითი რჩევები
ვებგვერდი ყურადღებით შექმენით
შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ვებსაიტი მაღაზიაა; მისი მეტა აღწერა კი – ვიტრინა. იმისათვის, რომ პოტენციური მყიდველები ვებგვერდზე შემოვიდნენ, დაათვალიერონ და საბოლოოდ თქვენთვის სასურველი მოქმედება განახორციელონ, საიტის აღწერა, ასევე მისი საწყისი და სხვადასხვა კატეგორიის გვერდები მიმზიდველი უნდა იყოს. ამის გარდა, აუცილებელია, რომ მომხმარებლებისთვის ვებსაიტზე ნავიგაცია მარტივი იყოს, რაც ბევრ დაგეგმვას, მრავალი დიზაინის შექმნასა და შემდეგ მათ მუდმივ გაუმჯობესებას საჭიროებს.
არ დაზოგოთ შემოქმედებითი რესურსი
საიტის ტექნიკურ გამართულობასთან ერთად, აუცილებელია, რომ ის ვიზუალურად და შინაარსობრივადაც საინტერესო იყოს. ისეთი ელემენტები, როგორებიცაა ტექსტები, ფოტოები და ვიდეოები, ვებგვერდს დასრულებულ სახეს აძლევს. ხოლო იმისათვის, რომ მომხმარებელი დააინტერესოთ და მისი ნდობა დაიმსახუროთ, შემოქმედებით ნაწილში რესურსი არ უნდა დაზოგოთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ვიზუალური ნაწილი მაღალი ხარისხის უნდა იყოს, რადგანაც ის ბრენდის ერთგვარი სახეა. ხოლო ტექსტობრივ შეტყობინებებს რაც შეეხება, თითოეული მათგანი ადამიანებს თქვენთვის სასურველი მოქმედების განხორციელებისკენ უნდა უბიძგებდეს.
დახვეწეთ მომხმარებლის მომსახურება
მომხმარებლის მომსახურების ნაწილის დახვეწა საკმაოდ რთული პროცესია – ელექტრონული კომერციის ბრენდებს ხშირად პატარა გუნდი ჰყავთ, რომელიც ადამიანთა დიდ რაოდენობისგან შემოსულ მოთხოვნებს ვერ უმკლავდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად კარგი გზა პოტენციური კლიენტებისთვის სასარგებლო რესურსების, მაგალითად FAQ (ხშირად დასმული შეკითხვები) გვერდის ან ჩეტბოტის შეთავაზებაა, რათა მათ საჭირო პასუხები სწრაფად მიიღონ. ამგვარად, მომხმარებლები თავიანთი პრობლემების ნაწილის გადაჭრას თავადვე შეძლებენ, რაც გუნდს უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირების საშუალებას მისცემს.
გაყიდვისთვის მრავალი არხი გამოიყენეთ
სხვადასხვა ტიპის მომხმარებელს განსხვავებული სახის პლატფორმები მოსწონთ – შესაძლოა, ზოგიერთ მათგანს პირდაპირ თქვენი ვებსაიტიდან მოსწონდეს პროდუქტის შეძენა; თუმცა, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც Amazon-ზე შესყიდვა უფრო იზიდავთ. იმისათვის, რომ აუდიტორია და, შესაბამისად, შემოსავალი გაზარდოთ, პროდუქტი მრავალ არხზე განათავსეთ. ამ შემთხვევაში მთავარია იმაში დარწმუნება, რომ კონკრეტული არხი თქვენს სამიზნე აუდიტორიასა და პროდუქტს შეესაბამება.