უკრაინაში კრიპტოვალუტის ეროვნული ვალუტით შესყიდვა აიკრძალა
საომარი მდგომარეობის პირობებში ქვეყნიდან კაპიტალის გადინების თავიდან აცილების მიზნით, უკრაინის ეროვნული ბანკი (NBU) ტრანზაქციებსა და შესყიდვებზე შეზღუდვებს აწესებს. მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებები ძალაში უკვე შესულია.
შეზღუდვის ფარგლებში, უკრაინის ეროვნული ვალუტით კრიპტოვალუტის შეძენა იკრძალება. მათი შესყიდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უცხოური ვალუტით, თუმცა, ამ შემთხვევაში ლიმიტი იქნება 100 000 ჰრივნა (ამ დროისთვის, $3,226).
,,ცვლილებები ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის გაუმჯობესებას, რაც სამომავლოდ შეზღუდვების შემსუბუქებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ამის გარდა, ისინი უკრაინის საერთაშორისო რეზერვებზე შეამცირებს ზეწოლას“, – აცხადებს ბანკი.
ცნობისთვის, თვის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი 45.1%-ით შემცირდება.
აღსანიშნია, რომ ეროვნული ბანკი არ არის პირველი ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც მსგავსი შეზღუდვები დააწესა. უკრაინის უმსხვილესმა კომერციულმა ბანკმა, პრივატბანკმა, ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში აუკრძალა თავის მომხმარებლებს ბიტკოინის ჰრივნათი შეძენა.