როგორ დაეხმარნენ ევროპული სტარტაპები უკრაინას? – MVP.GE

როგორ დაეხმარნენ ევროპული სტარტაპები უკრაინას?

როგორ დაეხმარნენ ევროპული სტარტაპები უკრაინას?

ბოლო პერიოდში მომხდარმა მოვლენებმა უკრაინას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. ქალაქების განადგურებამ მსოფლიო მასშტაბით დახმარების საჭიროება შექმნა. სწორედ ამიტომ, უამრავი ქვეყნიდან, შემგროვებელი პუნქტებიდან ყოველდღიურად იგზავნება სხვადასხვა პროდუქტის მარაგები დევნილებისთვის, ასევე – ქვეყნები უკრაინას ფინანსურ დახმარებასაც უწევენ. 

ევროპის სტარტაპ ეკოსისტემა ასევე თამაშობს უკრაინის მხარდამჭერ როლს ამ დროის განმავლობაში. ქვეყნები, როგორიცაა: ესტონეთი, ლატვია და ლიტვა, აწვდიან პრაქტიკულ ინფორმაციას და ინსტრუმენტებს სტარტაპების დამფუძნებლებს ვიზების მისაღებად, ხოლო უკრაინულ კომპანიებს კი ამ ქვეყნებში შტაბ-ბინები გადააქვთ.

გადავწყვიტეთ, უფრო დაწვრილებით გიამბოთ იმ ევროპული სტარტაპების შესახებ, რომლებიც უკრაინასთან ერთად იბრძვიან და დიდ დახმარებას უწევენ მეომარ ქვეყანას.

TechUkraine

ის ხელმძღვანელობს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ომის მიმდინარეობის შესახებ გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელების უზრუნველსაყოფად. TechUkraine ხელს უწყობს ადამიანებს, გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და ასევე მხარს უჭერს ორგანიზაციებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს.

People for People (Bunq, MessageBird და Picnic)

სამი ჰოლანდიელი მეწარმის (ალი ნიკნამი (bunq), ჯორის ბეკერსი (პიკნიკი) და რობერტ ვისი (MessageBird) მიერ დაარსებული ფონდი People for People შეიქმნა კონფლიქტიდან გაქცეული ლტოლვილების მხარდასაჭერად. ფონდი უზრუნველყოფს დროებით საცხოვრებელს ბულგარეთსა და საქართველოში და ეხმარება უკრაინელებს ჰოლანდიაში სამუშაო ვიზის მიღებაში.

ფონდის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის უსაფრთხოებაზე იზრუნოს. პლატფორმა დაუღალავად მუშაობს, რათა მოსახლეობა დაეხმაროს, მშვიდობით დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში.

Tech to the Rescue

პოლონური ინიციატივა Tech to the Rescue ერთგვარი ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც პრობლემების გადაწყვეტას ტექნოლოგიური გზებით ცდილობს. პანდემიის დასაწყისში დაარსებული მოძრაობა ახლა უკრაინის მხარდაჭერისკენაა მიმართული. მათი ერთ-ერთი პირველი პროდუქტია razemzwami.pl, რომლის მიზანია სანდო წყაროებიდან შეგროვებული ავტორიტეტული ინფორმაციის მიწოდება. მათ ასევე გამოუშვეს SOS UA – AirBnB-ის სტილის პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს იმ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ და მათ, ვისაც ამ დახმარების გაწევა შეუძლიათ.

Glovo

უკრაინაში Glovo-ს ყველა თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, გადავიდნენ ქვეყნის ჩრდილოეთიდან დასავლეთში –  კერძოდ, Glovo სთავაზობს დროებით საცხოვრებელს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც შეუძლიათ გადავიდნენ მეზობელ მოლდოვაში, პოლონეთსა და რუმინეთში, სადაც გაზრდილი ხელფასებით იმუშავებენ.

Bitpanda

კრიპტო-პლატფორმა Bitpanda საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, თავიანთი კრიპტო აქტივები სპეციალურ, ახლადდაარსებულ სასწრაფო დახმარების ფონდს შეწირონ, რომლებიც ომში დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება. პლატფორმამ კამპანია საკუთარი 100 ათასი ევროთი დაიწყო, შემდეგ კი ეს თანხა 500 ათას ევრომდე გაიზარდა. მათი თავდაპირველი ბენეფიციარები იქნებიან Save the Children – უკრაინის კრიზისული დახმარების ფონდი და ექიმები საზღვრებს გარეშე (MSF).

Delivery Hero

სტარტაპი აქტიურად უჭერს მხარს ნებისმიერ თანამშრომელს, რომლებიც ომის დროს დაზარალდნენ და რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ – იქნება ეს სხვა ქვეყანაში გადასვლა, საცხოვრებელით უზრუნველყოფა, ანაზღაურება და ა.შ. კომპანიის მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირი შემოწირულობების გაღება უკრაინაში და მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებთა დასახმარებლად.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post