Facebook ბლოკავს ანგარიშებს, რომელთაც Facebook Protect არ აქვთ გააქტიურებული
მარტის დასაწყისში Facebook-ის მომხმარებელთა გარკვეულმა ნაწილმა მიიღო ელექტრონული წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ,,ანგარიში საჭიროებს გაძლიერებულ უსაფრთხოებას Facebook Protect-ისგან’’. მეილი მათ ატყობინებდა, რომ სავალდებულო იყო, კონკრეტულ თარიღამდე ჩაერთოთ ფუნქცია [რასაც შეტყობინებაშივე არსებულ ღილაკზე დაწკაპებითაც შეძლებდნენ]. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსაფრთხოების ზომის გააქტიურებამდე, ანგარიში დაიბლოკებოდა.
ცნობისთვის, კომპანიის თანახმად, Facebook Protect არის „უსაფრთხოების პროგრამა ადამიანთა იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც უფრო სავარაუდოა, რომ მავნე ჰაკერების სამიზნეებად იქცნენ’’. ეს ფუნქცია აქტივისტებს; უფლებადამცველებს; ჟურნალისტებს; ხელისუფლების წარმომადგენლებს; ადამიანებს, რომელთაც ბევრი გამომწერი ჰყავთ და სხვებს ავალდებულებს და შესაძლებლობას აძლევს, რომ უზრუნველყონ თავიანთი ანგარიშების ძლიერი დაცვა ისეთი ხელსაწყოთი, როგორიცაა ორფაქტორიანი ავტორიზაცია. აღსანიშნია, რომ Facebook Protect ამჟამად 50-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი.
[email protected] მისამართიდან კომპანიის მიერ დაგზავნილი ელექტრონული წერილები სპამის საკმაოდ გავრცელებულ ფორმას ჰგავდა, ამიტომ მომხმარებელთა გარკვეულმა ნაწილმა მას ყურადღება არ მიაქცია და, შესაბამისად, პროგრამაც არ გააქტიურა. აქედან გამომდინარე, მათ შესაბამისი შეტყობინება მიიღეს.
„თქვენი ანგარიშის განბლოკვის მიზნით, ჩართეთ Facebook Protect. ანგარიში დაბლოკილია 2022 წლის 17 მარტს [აშშ-ში გააქტიურების პირველი საბოლოო ვადა 17 მარტი იყო]. ჩვენ მივიღეთ სიფრთხილის ეს ზომა, რათა შეგვენარჩუნებინა თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება მანამ, სანამ დამატებითი უსაფრთხოების ზომებს ჩართავთ’’, – ნათქვამია შეტყობინებაში.
თუმცა, პრობლემა არ შეჰქმნიათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც Facebook Protect არ გაააქტიურეს. სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხმარებელთა ნაწილმა მიიღო უსაფრთხოების ზომები, თუმცა მათი ორფაქტორიანი ავტორიზაციისთვის საჭირო ტექსტური შეტყობინებები არ მუშაობდა და ისინი ანგარიშში ვერ შედიოდნენ. ზოგიერთმა მომხმარებელმა კი ფუნქციის ჩართვა საბოლოო ვადამდეც კი ვერ მოახერხა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, Meta-ისუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ნათანიელ გლაიშერმა Twitter-ში განცხადება გაავრცელა.
,,ჩვენ ვაგრძელებთ რეგისტრაციისა და შეტყობინებების [მიღების] პროცესის გაუმჯობესებას, რათა თავიდან ავიცილოთ დაბნეულობა. ჩვენი მიზნის ერთ-ერთი ნაწილია, დავიცვათ ამ თემის ყველა წევრი უსაფრთხოების საბაზისო ზომებით. განვიხილავთ კონკრეტულ მაგალითებს, რომლებშიც ადამიანებს სჭირდებათ დასჭირდეთ პროგრამის გააქტიურებასთან დაკავშირებით. გმადლობთ მოთმინებისთვის და ვაფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დგამენ ნაბიჯებს თავიანთი ანგარიშების დასაცავად’’, – წერს იგი.