ფინანსების მოზიდვის პროცესის ძირითადი ნაბიჯები
სახსრების მოზიდვა არის ფინანსური დახმარების მოძიება და შეგროვების პროცესი ინდივიდების, ბიზნესის, საქველმოქმედო ფონდების ან სამთავრობო უწყებების ჩართულობით. მიუხედავად იმისა, რომ სახსრების მოზიდვა, როგორც წესი, გულისხმობს არაკომერციული ორგანიზაციებისთვის ფულის შეგროვების მცდელობებს, ის ზოგჯერ გამოიყენება ინვესტორების ან სხვა კაპიტალის წყაროების იდენტიფიკაციისთვისაც.
დაფინანსების წარმატებით მოსაზიდად ოთხი ეტაპი არსებობს. ეს ეტაპები კი მოქმედებს ყველა დონისა და ტიპის ფონდისთვის, მაგრამ ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარმატებული კაპიტალის კამპანიისთვის. სახსრების მოზიდვა უფრო ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება – რაც ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი გული, ინტუიცია და საღი აზრი და არა რაიმე უპიროვნო, მექანიკური პროცესი.
წარმატებული დაფინანსების ნაბიჯები დიზაინით გარკვეულწილად მექანიკურია, მაგრამ ეს “მექანიკური” პროცესი ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ადამიანზე და არა – მის საფულეზე. ეს გვაიძულებს, ყურადღება გავამახვილოთ ურთიერთობაზე და არა გარიგებაზე. შესაბამისად, თუ პროცესს დავუმატებთ ნამდვილ და პირად ინტერესს დონორის, როგორც ადამიანის მიმართ, ჩვენ ბევრად წინ ვიქნებით ჩვენს კოლეგებზე, რომლებიც ხშირად დონორს განიხილავენ, როგორც კერძო ბანკომატს.
ოთხი ნაბიჯი:
იდენტიფიკაცია – პოტენციური დონორების იდენტიფიცირება არის ნებისმიერი დაფინანსების კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. ეს ნაბიჯი ასევე მოიცავს საკვალიფიკაციო ეტაპს, რომელიც გულისხმობს ყოველი დონორის სიღრმისეულ კვლევას და ქონების დადგენას, რათა განისაზღვროს მათი, როგორც დონორის, შესაძლებლობები.
კულტივაცია – იდენტიფიცირებული დონორის კულტივირება მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფონდების მოზიდვის პროცესში. ამ ეტაპზე პერსპექტიული დონორი მზადაა დაფინანსების განსახორციელებლად. თუმცა, ამ ეტაპამდე მისასვლელად ხშირად თვეები და წლებია საჭირო. ამ პროცესში გაიცნობთ თქვენს დონორებს, რათა გაარკვიოთ, რა გაქვთ საერთო, განსაკუთრებით, რა მოგწონთ თითოეულს ყველაზე მეტად ორგანიზაციაში, გაარკვიოთ ერთმანეთის ინტერესები და ა.შ
შუამდგომლობა – მოთხოვნის პროცესი არის ყველაზე რთული ნაწილი სახსრების მოზიდვის პროცესში. ამ ეტაპზე პოტენციურ დონორს მიმართავენ მხარდაჭერის კონკრეტული მოთხოვნით, როგორც წესი, ფინანსური მხარდაჭერის სახით, თუმცა ეს შეიძლება იყოს საჩუქრის მოთხოვნა (უკვე არსებული პროდუქტი/სერვისი, რისთვისაც ფული სჭირდებოდა სტარტაპს). როგორც წესი, შუამდგომლობით შეხვედრას, ან შეხვედრების სერიას აწარმოებს ორი ან მეტი ადამიანი – რომელთაგან ერთი არის ის, ვინც ამ პროცესში შესავალი გააკეთა. ეს მომენტი ძალიან კარგად უნდა იყოს ორგანიზებული.
მეთვალყურეობა – დონორისთვის ყურადღების მიქცევა გადამწყვეტია მისი კეთილი ნების ჩამოყალიბებისთვის და მისი მხრიდან პოტენციური მომავალი საჩუქრების გაღებისთვის. ამ ეტაპზე ხდება დონორის საჩუქრის აღება. ასევე, დონორს რეგულარულად მიეწოდება ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობისა და მათი საჩუქრის შედეგად მიღწეული შედეგების შესახებ.