ფინტექი – გადახდების ინოვაციის ახალი ერა
ბოლო წლების განმავლობაში გადახდების მეთოდები მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა პანდემიამ ციფრული ტრანსფორმაცია კიდევ უფრო მეტად დააჩქარა და ხელი შეუწყო, რომ სხვა ინდუსტრიებს შორის ფინტექი განსაკუთრებით განვითარებულიყო. მართალია, გადახდების ონლაინსივრცეში გადატანამ (ან ამის მცდელობამ) ინოვაციების დანერგვას ხელი შეუწყო, მაგრამ ამასთანავე, გლობალურ ინფრასტრუქტურაში არსებული არაერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოავლინა. ამიტომ, მსოფლიოს მასშტაბით შეჩერებული პროცესების თანდათანობით აღდგენასთან ერთად, გადახდების უკეთესი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების აუცილებლობა დადგა. აღნიშნული მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესხარჯების შესამცირებლად, ასევე მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
რა მნიშვნელოვან მოვლენებს უნდა ველოდოთ 2022 წელს გადახდების ინდუსტრიაში?
რეგულაციების გამკაცრება
გადახდის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა კრიპტოვალუტები და ,,იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით’’ (BNPL) უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ცხადია, ამ ტენდენციას გლობალური მარეგულირებლებიც ამჩნევენ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ 2022 წელს ამ მიმართულებით კონტროლი გაიზარდოს და უფრო მკაცრი რეგულაციები ჩამოყალიბდეს. აღნიშნული მომხმარებლების დაცვის საშუალებასთან ერთად, ინოვაციების დანერგვის ერთგვარი ბიძგიც იქნება. პროგრესის ერთ-ერთი ნაწილი შესაძლოა მომხმარებლის იდენტობის გადამოწმების ახალი მოდელების შექმნა იყოს, რაც თუნდაც კრიპტოვალუტებისა და NFT-ების მომხმარებლებს თაღლითობისგან დაიცავს.
კრიპტო კომპანიების მიერ ფინტექ კომპანიების შეძენა
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ფინტექი მნიშვნელოვნად განვითარდა. სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოსთვის მისი ღირებულება $300 მილიარდსაც კი გადააჭარბებს. სავარაუდოა, რომ ამ ტენდენციით კრიპტო კომპანიებმა ისარგებლონ და მომდევნო წლის განმავლობაში ფინტექ სივრცეში შესყიდვები განახორციელონ. გარიგებების ფარგლებში კი გადახდის ლიცენზიებიც შეიძინონ, რათა კონკურენტუნარიანობა გააუმჯობესონ.
ტურისტული სექტორის მიერ ინოვაციების დანერგვის აჩქარება
პანდემიამ ტურისტულ სექტორზე განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია – მომხმარებლებმა ჯავშნების დიდი ნაწილი გააუქმეს. კომპანიების შემოსავლების შემცირებასთან ერთად, უკანასკნელმა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც გამოკვეთა. იგულისხმება, თუნდაც, თანხის უკან დაბრუნებისა და საერთაშორისო გადახდების დამუშავების კომპლექსურობა. აქედან გამომდინარე, ბიზნეს, სასწავლო თუ ტურისტული მიზნით მოგზაურობის აღდგენასთან ერთად, ტურისტულ კომპანიებს გადახდის ინფრასტრუქტურისთვის გადახედვა მოუწევთ.
ხარვეზების აღმოფხვრის, ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვისა და კონკურენტული ლიდერობის შენარჩუნების მიზნით, სავარაუდოა, რომ ტურისტული სექტორი 2022 წელს ფინტექ კომპანიებს მიმართავს.
პატარა ფინტექ კომპანიების გაყიდვა
ბაზარზე ფინტექ კომპანიების პირველი ტალღის გამოჩენისთანავე უკვე კარგად დამკვიდრებული ფინანსური ინსტიტუტები მათთან თანამშრომლობას ცდილობდნენ უკეთესი პროდუქტებისა და მომხმარებელთა გამოცდილების შესაქმნელად.
ფინტექ ეკოსისტემის შესაძლებლობების გამოყენება პანდემიის დროს არ შენელებულა. გასულ წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი შესყიდვა განხორციელდა, მათ შორის, American Express-ის მიერ Kabbage-ის შეძენა იყო. სავარაუდოა, რომ ტენდენცია არც 2022 წელს შემცირდება და ფინტექ ინსტრუმენტების გამოყენება გაიზრდება.
დაბოლოს, გადახდების სისტემის ცვლილება არაერთ კომპანიას ბიზნესის დატოვებას ან გაყიდვას აიძულებს, რაც მთელ ეკოსისტემაც გარდაქმნის. თუმცა, ის კომპანიები, რომლებიც პანდემიით შეცვლილ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს შეიმუშავებს, გამოწვევას მარტივად გაუმკლავდება.