როდის უნდა დავიცვათ წესები და როდის დავარღვიოთ – ანტრეპრენერების გზამკვლევი
სტანდარტებისა და ნორმების ბრმა მიმდევრობის არაერთ ფაქტს შეხვედრიხართ, როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში. ადამიანები ხშირად ზედმეტად დაღლილები, გამოუცდელები ან ინდოქტრინირებულები (მიღებული აქვთ პრინციპები გაცნობიერებისა და კრიტიკის გარეშე) არიან იმისთვის რომ მიიღონ ახალი მიდგომები ან შექმნან სიახლე თავად.
წესებისა და მსოფლმხედველობის ცვლილება კი შეიძლება გახდეს ბრენდის გაყიდვების რადიკალური ზრდის მთავარი მიზეზი.
თუ ფიქრობთ რომ წესების დარღვევისკენ მოგიწოდებთ, ცდებით. ჩვენ მხოლოდ იმ დეტალებს გაგაცნობთ, რისი ცოდნაც აუცილებელია.
ანტრეპრენერის მთავარი უნარი არის იმის ცოდნა, თუ როდის უნდა გაითვალისწინოს წესები და როდის არა. ამ მხრივ დისკუსიები ძირითადად პოლარიზებულია და ადამიანებს ორ ჯგუფად ყოფს: „წესების დამცვლების“ და „წესების დამრღვევების“. რეალობაში კი პასუხი ბევრად უფრო კომპლექსური და შესანიშნავია.
სტიუარტ დრეიფუსი (Stewart Dreyfus), კალიფორნიის უნივერსისტეტის (University of California, Berkeley) პროფესორი, იკვლევდა ადმიანების მიერ უნარების შეძენის პროცესს. სწორედ მისი შრომების საფუძველზე განვიხილავთ ანტრეპრენერების მთავარ უნარს.
ცდა-შეცდომის მეთოდი არაეფექტურია თუ არსებობს ცალსახა პასუხი
დრეიფუსი ამტკიცებდა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმუშავოთ ინსტინქტურად, ცდა-შეცდომის მეთოდის იმიტაციით და მისი გამოყენებით, თუმცა ეს ძალიან არაეფექტურია. მაგალითად, თუ სხვა ორგანიზაციის მარკეტინგულ კამპანიას პირდაპირ დააკოპირებთ, ისე რომ არ გააანალიზებთ აუდიტორიის სეგმენტებად დაყოფის პრინციპებს, დიდი ალბათობით უბრალოდ გაფლანგავთ ბიუჯეტს, დროს და პრესტიჟს.
პროფესორი სტიუარტ დრეიფუსის უნარის ათვისებაში ჩართული მენტალური აქტივობების 5 ეტაპიანი მოდელის ადაპტაცია ანტრეპრენერებისთვის:
ცდა-შეცდომის მეთოდი ➡️ არსებული ცოდნის ძიება ➡️ წესების დანერგვა ➡️ საკუთარი წესების შექმნა ➡️ წესების დაცვის და დარღვევის საკუთარი სტარტაპ კულტურის ნაწილად ქცევა.
გაეცანით არსებულ წესებს
რა მიმართულება და ნიშაც არ უნდა აირჩიოთ, სავარაუდოდ ასობით სხვა კომპანიას აქვს თქვენი ბიზნესის სხვადასხვა ასპექტში დაგროვილი ცოდნა. მომხმარებელზე მორგებული დიზაინი, მარკეტინგი, გაყიდვები, მომარაგების სისტემა, ლიდერობა და მართვა, ფინანსები, კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობა, სტარტაპის გაყიდვისთვის მზადება და სხვა მრავალი ასპექტი უკვე სიაშია და წესებიც არსებობს. ინფორმაციის მიღება შესაბამისი კურსების ან გამოცდილი ადამიანებისგან არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა ყველა წესის არსებობას აქვს მიზეზი. უამრავი ადამიანის მიერ დახარჯული ენერგია, მცდელობები და წარუმატებლობა უძღვოდა წინ მათ შექმნას, რის გამოც მათი ცოდნა აუცილებლად გამოგადგებათ.
განვიხილოთ მარკეტინგის მაგალითი: თუ არ გყავთ სამიზნე აუდიტორია და არ იცნობთ სეგმენტს თავიდან ბოლომდე, გამორიცხულია მოახერხოთ მათთვის მიმზიდველი შეთავაზებების შექმნა და ისეთ სივრცეებში განთავსება სადაც აუდიტორია გაეცნობა ინფორმაციას. პროცესი თივაში ნემსის ძებნას დაემსგავსება, დაკარგავთ დროსა და ფინანსურ რესურსს. მარკეტინგის წესები კი ამ ყველაფრისგან უდაოდ დაგიცავენ. მიღებულ ნორმებში არის მნიშვნელოვანი ცოდნა რომლის ფლობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. წესები იცვლება თუმცა ფუნდამენტის გააზრება აუცილებელია.
ცდა-შეცდომის მეთოდის ნაცვლად, ეძებეთ თქვენ სფეროში არსებული წესები და გამოიყენეთ ისინი ცოდნის შენების, განვითარების და პროდუქტიულობისთვის.
დანერგეთ წესები სიფრთხილით
მას შემდეგ რაც წესების შესახებ მიიღებთ ინფორმაციას, უნდა გადაწყვიტოთ დანერგავთ თუ არა მათ საკუთარ სტარტაპში. პრფესორი დრეიფუსის უნარის შეძენის სქემაში სწორედ ეს არის მომდევნო ნაბიჯი. თქვენს გარშემო ახლაც მრავლად იქნებიან კომპანიები რომლებსაც წესების დანერგვის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა არ იციან პროცესი როგორ წარმართონ მონაცემების და ანალიტიკის გარეშე. ლამაზად დაწერილი SWOT ანალიზი, როგორც წესი სავსეა შეუსაბამო და ზედაპირული ტექსტებით, რაც წესების გამოყენებაში არავის ეხმარება. ეს გადაწყვეტილება თუ მიიღეთ, ბუნებრივია რომ მომდევნო ორი მიზნის მიღწევა გინდათ:
– გსურთ ამ წესების ეფექტურობა გამოიყენოთ
– გსურთ იცოდეთ როდის იქნება მათი დარღვევა საჭირო
შექმენით საკუთარი წესები
მხოლოდ მაშინ შეძლებთ შეზღუდვების აღმოჩენას როდესაც წესებს რეალურად გამოიყენებთ. თქვენი ხედვის რეალიზაციის პროცესში გამოჩნდება, გეხმარებათ თუ არა მიზნების მიღწევაში კონკრეტული ნორმა. ასეთი გამოწვევების აღმოჩენისას ჩნდება სიახლის შემოტანის აუცილებლობა, დროა დაარღვიოთ არსებული წესები და შექმნათ საკუთარი. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი მომენტია. თუ გექნებათ შესაძლებლობა, აუცილებლად გაეცანით ელექტროენერგიის ისტორიას. ძველი ეგვიპტიდან თანამედროვე ელექტრონიკის მწარმოებლებამდე, ყველა ცნობისმოყვარე მკვლევარი, გამომგონებელი და დიზაინერი პირველ რიგში ცოდნის არსებულ საცავში ეძებდა შეზღუდვას, პოულობდა მას და საკუთარი წილის მშენებლობას აქედან იწყებდა.
გაიხსენეთ რომელიმე თქვენთვის სამაგალითო ანტრეპრენერი. ისინი იცავდნენ საკუთარ ხედვას იმის შესახებ თუ რისი შექმნაც სურდათ, იყენებდნენ წესებს იმ ასპექტებშიც სადაც ეს ეფექტური იყო და არღვევდნენ იქ სადაც ნორმებს შედეგი არ მოჰქონდა. თუნდაც, Apple რა თქმა უნდა განსაზღვრავს სამიზნე ბაზარს და ზრუნავს მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღებაზე საკუთარი პროდუქტების შესახებ, იქამდე სანამ ეს ინფორმაცია მისი პროექტების შეზღუდვებამდე არ მიიყვანს.
რა თქმა უნდა მხოლოდ მომხმარებლის უკუკავშირი არ ქმნის ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის smart phone. საბოლოო ვერსიამდე მისასვლელად აუცილებელია ხედვა და დიზაინის განვითარება.
წესების გამოყენება და მათი გარდაქმნა აქციეთ საკუთარი სტარტაპის კულტურის ნაწილად
„ზოგი ადამიანი ამბობს – „მიეცით მომხმარებლებს ის რაც უნდათ“. მაგრამ ეს არ არის ჩემი მიდგომა. ჩვენი მიზანია გავიგოთ რა სურთ მათ იქამდე, სანამ ეს თავად ეცოდინებათ. როგორც ჰენრი ფორდმა (Henry Ford) ერთხელ თქვა: „მომხმარებლებისთვის რომ მეკითხა, თუ რა სურდათ მათ, ისინი მიპასუხებდნენ – უფრო სწრაფი ცხენი!“ „ადმიანებმა არ იციან რა უნდათ სანამ ამას არ აჩვენებ. ამიტომაც მე არასდროს ვეყრდნობი ბაზრის კვლევებს. ჩვენი საქმე არის წავიკითხოთ ის რაც ჯერ ამ გვერდზე არ წერია.“ – სტივ ჯობსი. (Steve Jobs)
ჯობსის ეს ციტატა არ ნიშნავს იმას, რომ Apple მართლა არ იყენებს ბაზრის კვლევას. ისინი ფლობენ სფეროში არსებულ ცოდნას და კარგად ესმით საკუთარი მომხმარებლების, ამ მონაცემებს კი საკუთარი ხედვით ამუშავებენ. Apple მშვენივრად ხვდება რა ეტაპამდეა წესების გათვალისწინება საჭირო და როდის უნდა გადააბიჯოს მათ. ასეთი მიდგომა ფაქტობრივად მათი იდენტობის ნაწილიც კი არის. დრეიფუსის სისტემაში ისინი ოსტატის დონეზე არიან.
როგორც ანტრეპრენერი, როგორ უნდა მიხვდეთ როდის არის სწორი წესები გამოყენება და როდის უნდა მოემზადოთ მათ დასარღვევად?
მაშინ, როდესაც:
1.გაქვთ მკაფიო ხედვა იმის, რისი შექმნაც გინდათ;
2.იპოვეთ ნორმები, რომლებიც თქვენი იდეის შექმნაში გამოგადგებათ;
3.სწორად გამოიყენეთ შესაბამისი წესები;
4.იპოვეთ წინააღმდეგობის წეტილი – ე.ი. ისეთი რამის მიღწევა გინდათ, რასაც არსებული წესების გამოყენებით ვერ ახერხებთ ან/და წესები თქვენს გარემოებებს არ შეესაბამება. ეს ის მომენტია, როდესაც გრძნობთ რომ სხვა გამოსავალიც უნდა არსებობდეს.
5.თქვენ არ გაქვთ პასუხები და არც არავის არ აქვს, თუმცა მიზანმიმართულად ცდილობთ იპოვოთ გამოსავალი. მოტივაცისა და შთაგონების გაერთიანებით მიდიხართ ახალი მიდგომის შექმნის გადაწყვეტილებამდე.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ სტარტაპ ეკოსისტემაში მუდამ სწავლის რეჟიმში უნდა იყოთ. შეინარჩუნეთ ცნობისმოყვარეობა იმ საკითხებზე რაზეც არსებული ცოდნა შეიძლება გამოგადგეთ და ასევე იმაზეც სადაც მათი გაუმჯობესება არის კონკურენტულობის ზრდის ყველაზე სწრაფი მექანიზმი. თანაც ეცადეთ ცდუნებამ არ გძლიოთ „აკრძალული ხილის“ შესაჭმელად.