Founder Institute-მა საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა
Founder Institute-მა საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა და ქართველ მეწარმეებს სილიკონ ველის ყველაზე მასშტაბურ და წარმატებულ აქსელერაციის პროგრამაში ჩართვის საშუალებას აძლევს. ის ხელმისაწვდომია ყველა იმ მეწარმისთვის, რომელთაც ტექნოლოგიური სტარტაპის დაარსება და მისი გლობალურ ბიზნესად ქცევა სურთ.
აქსელერაციაში მონაწილეობისთვის საწყის ეტაპზე მყოფი სტარტაპი ან მხოლოდ ბიზნესიდეაც საკმარისია. შერჩეული მეწარმეები კი, 16-კვირიანი პროგრამის ფარგლებში დარგის წამყვან ექსპერტებთან გაივლიან კონსულტაციებს და თავიანთი იდეების სტარტაპად, ხოლო სტარტაპების წარმატებულ ბიზნესად გარდაქმნას შეძლებენ. ამის გარდა, მათ წვდომა ექნებათ Founder Institute-ის გლობალურ ქსელთანაც, რომელშიც სტარტაპისთვის დაფინანსების მოძიება იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, Founder Institute-ის აქსელერაციის პროგრამები 2009 წლიდან არსებობს და ბიზნესის განვითარებაში მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სტარტაპებს ეხმარება, თუმცა ქართველ მეწარმეებს მათში მონაწილეობის საშუალება ამ დრომდე არ ჰქონიათ. აღსანიშნია, რომ Founder Institute-ის სხვადასხვა პროგრამის მონაწილეებმა დღემდე ჯამში $1.5 მილიარდზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს და წარმატებულ ბიზნესებს 90-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტ ქალაქში უძღვებიან.
აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და აპლიკაციის შევსება მოცემულ ბმულზე უკვე შეუძლიათ.