fbpx

Google-ის რუსული განყოფილება გაკოტრების შესახებ გამოაცხადებს

გაკოტრების

Google-ის რუსული განყოფილება გაკოტრების შესახებ გამოაცხადებს

Google-ის რუსული განყოფილება აპირებს, რომ გაკოტრების შესახებ გამოაცხადოს. კომპანიის თქმით, ამის მიზეზი ფილიალის შენარჩუნების უუნარობაა – მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყანაში მოქმედი განყოფილების საბანკო ანგარიში დააყადაღა, მისთვის შეუძლებელი გახდა სხვადასხვა ფინანსური ვალდებულების შესრულება.

,,რუსეთის მიერ Google-ის რუსული განყოფილების საბანკო ანგარიშის დაყადაღებამ შეუძლებელი გახადა ოფისის მუშაობა… Google-ის რუსეთის ფილიალმა გაკოტრების გამოცხადების განზრახვის შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა’’, – აცხადებს Google-ის წარმომადგენელი.

რუსეთის შესაბამის სამსახურში კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ რუსეთში მოქმედი ფილიალის გაკოტრების შესახებ პროგნოზი ჯერ კიდევ 22 მარტიდან კეთდებოდა.

,,2022 წლის 22 მარტიდან ის [ფილიალი] საკუთარი გაკოტრებისა და ფულადი ვალდებულებების – დასაქმების პერიოდის დასრულების შემდგომი კომპენსაცია და (ან) შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე ან ადრე მომუშავე პერსონალის ანაზღაურება და (ან) დადგენილ ვადაში გადახდები – შესრულების შეუძლებლობის შესახებ პროგნოზს აკეთებს’’, – წერია დოკუმენტში.

ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში რუსეთმა Google 7,2 მილიარდი რუბლით დააჯარიმა (რაც შემდგომ 506 მილიონით გაიზარდა) მას შემდეგ, რაც კომპანიამ თავისი პლატფორმებიდან არ წაშალა მასალები, რომელთაც რუსეთი უკანონოდ მიიჩნევს. გარდა ამისა, სანქცირებული რუსი ბიზნესმენის მფლობელობაში არსებული ტელეარხის მიერ მიმდინარე წლის აპრილში გაკეთებული განცხადებით, რუსეთის ფედერალურმა აღმასრულებელმა სამსახურმა Google-ის 1 მილიარდ რუბლს ყადაღა დაადო იმის გამო, რომ არხმა თავის YouTube ანგარიშზე წვდომა ვერ აღადგინა. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების გამო YouTube-მა რუსული სახელმწიფო მედიების ანგარიშები დაბლოკა. აღსანიშნია ისიც, რომ რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო Google-ს მარტში 8 მილიონი რუბლის ჯარიმით ემუქრებოდა, რადგანაც მან Youtube-იდან ,,არალეგალური’’ ვიდეოების წაშლის შესახებ მოთხოვნა არ შეასრულა. როზკომნადზორი ამტკიცებდა, რომ ,,სპეციალური სამხედრო ოპერაციის’’ შესახებ Youtube ყალბი მასალების გავრცელებას უწყობდა ხელს და პლატფორმას რუსული არმიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებდა.

როგორ პასუხობს Google რუსეთის უკრაინაში შეჭრას

რუსეთის

ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, არაერთმა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა. აღნიშნულ პროცესში დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიც ჩაერთნენ. დღეს კი მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ გამოეხმაურა Google რუსეთის უკრაინაში შეჭრას და რა მიმართულებებით დააწესა შეზღუდვები მან თავის მომსახურებებზე.

რაც შეეხება უკანასკნელ მონაცემებს, მარტის შუა რიცხვებიდან, რუსეთის ფედერალური აღმასრულებელი სამსახურის მონაცემთა ბაზაში ორი ყადაღა (თანხის დაზუსტების გარეშე) და  დამატებით სხვა ჯარიმებიც იძებნება. სამსახურმა დაადასტურა, რომ Google-ის აქტივებსა და ქონებას ყადაღა დაადო.

მიუხედავად იმისა, რომ Google-ის რუსეთის ფილიალი აპირებს, რომ გაკოტრების შესახებ განაცხადოს, კომპანიის უფასო სერვისები ქვეყანაში კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.

„ხარისხიან ინფორმაციაზე წვდომის მოსაპოვებლად, რუსეთში ადამიანები ჩვენს სერვისებს ეყრდნობიან. უფასო სერვისები, როგორებიცაა Search, YouTube, Gmail, Maps, Android და Play ქვეყანაში კვლავ ხელმისაწვდომი იქნება’’, – თქვა Google-ის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, 2021 წელს კომპანიის რუსულმა განყოფილებამ 134,3 მილიარდი გამოიმუშავა და 100-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post