ქართული სტარტაპები: Gamo
,,გადავწყვიტეთ, სპორტული სფეროს გაციფრულების მისია ჩვენს თავზე აგვეღო’’, – ეს ფრაზა ყველაზე კარგად გამოხატავს იმას, თუ რა მისიას ემსახურება გიორგი ხატელიშვილისა და თამარ კერესელიძის მიერ დაფუძნებული, ბაზარზე სულ ახლახან გამოჩენილი ქართული სტარტაპი Gamo.
ბილიარდი, ბოულინგი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ფეხბურთი, ხელბურთი თუ ჩოგბურთი – ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი სპორტის სიყვარულისა და თამაშით განტვირთვის სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მეგობრებს უთხრათ – ,,გამო, ვითამაშოთ’’ – და მარტივად მოაგვაროთ მოედნის მოძებნის, მისი დაჯავშნისა და თანხის გადახდის საკითხები. თუ როგორ, ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებლები მოგვიყვებიან.
იდეა
,,მეგობრებთან ერთად ხშირად ვთამაშობდით კალათბურთს. ეს ჩვენთვის რუტინული ცხოვრებისგან განტვირთვისა და გართობის ერთ-ერთი, ყველაზე სასიამოვნო საშუალება იყო. თუმცა, მოედნის მოძიების, თავისუფალი საათების გარკვევისა და თანხის გადახდის საკითხებში სულ პრობლემას ვაწყდებოდით. ამგვარი პროცესი კი ძალიან დამღლელი და უსიამოვნოა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გართობაზე ხარ ორიენტირებული’’, – გვიყვება გიორგი და აღნიშნავს, რომ დღევანდელ სამყაროში ციფრული მომსახურებების გამოყენება თითქმის ყველა სფეროშია შესაძლებელი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს მასშტაბით ამ სექტორებს შორის სპორტი არ შედიოდა, მათ მსგავს პრობლემას კი სხვა სპორტის მოყვარულებიც აწყდებოდნენ.
,,ჩვენი სამეგობრო შედგება ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც ერთი მხრივ სხვა ციფრული სერვისების აქტიური მომხმარებლები ვართ, ხოლო მეორე მხრივ ტექნოლოგიურ სფეროში ვართ დასაქმებულნი. შესაბამისად, გაგვიჩნდა იდეა, რომ მოედნების მოძიება და მათი დაჯავშნა ონლაინსივრცეში გაგვეხადა ხელმისაწვდომი. შემდეგ დავფიქრდით, რამდენად შესაძლებელი იყო ციფრული სერვისებით სამოყვარულო დონის სპორტსმენების პრობლემების გადაჭრა. აღმოვაჩინეთ, რომ ამ სფეროში არსებობს ძალიან ბევრი და საინტერესო შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია. სწორედ ამიტომ, გავაწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა სტარტაპი და სპორტული სფეროს გაციფრულების მისია ჩვენს თავზე აგვეღო’’.
პროდუქტი და ბიზნესმოდელი
Gamo ქმნის სივრცეს, რომელშიც შესაძლებელია, განთავსდეს ყველა ის სპორტული ორგანიზაცია, რომლებშიც მოედნის დაჯავშნა არის შესაძლებელი.
,,ჩვენი მიზანია, რომ, ერთი მხრივ, მოთამაშეები სასურველი მოედნის მოძიების, დაჯავშნისა და გადახდის ციფრული ხელსაწყოებით უზრუნველვყოთ, ხოლო, მეორე მხრივ, სპორტულ ორგანიზაციებს მათი ყოველდღიური ოპერაციების გაციფრულების, კალენდრებისა და კლიენტების აღრიცხვის, ბიზნესის ანალიტიკის მიღებისა და, რაც მთავარია, რუტინული პროცესების ავტომატიზაციის საშუალება მივცეთ’’, – ამბობს თამარი და აღნიშნავს, რომ რადგანაც Gamo ხსენებულ ორ მხარეს აკავშირებს, მისი შემოსავლის მთავარი წყაროც, შესაბამისად, ჯავშნებიდან მიღებული საშუამავლო საკომისიოა.
კონკურენტუნარიანობა და გამოწვევა
Gamo და მისი დამფუძნებლები არიან პირველები, რომლებმაც საქართველოში მსგავსი პროდუქტი შექმნეს. როგორც გიორგი აღნიშნავს, სპორტული ორგანიზაციებისა და მომხმარებლებისთვის მსგავსი ციფრული გადაწყვეტილება მრავალ სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში, ჯერ კიდევ არ არსებობს. პირველობა გარკვეულწილად კარგია, თუმცა, მას დამატებითი გამოწვევებიც სდევს თან – ,,მომხმარებლის ქცევის შეცვლა გვიწევს. მან მანუალური პროცესები ახლა ციფრულად უნდა აკეთოს, რაც ორგანიზაციების მენეჯმენტის ჩართულობასა და დროს მოითხოვს. გვჯერა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ამ ეტაპს გავიხსენებთ, ამაყად ვიტყვით, რომ ახალი, გამარტივებულ სტანდარტი შევქმენით და გაგვიკვირდება კიდეც, აქამდე სხვანაირად როგორ ვმუშაობდით’’.
წარმატების მიღწევაში, გვჯერა, რომ მუდმივი ინოვაცია და მომხმარებლის უკუკავშირზე დაყრდნობილი პროდუქტის განვითარება დაგვეხმარება
Gamo ბაზარზე ჩაშვებიდან დღემდე
,,ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო, რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები დანახარჯით შეგვექმნა მინიმალურ სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP), რომელიც მომხმარებელს ძირითად პრობლემას მოუგვარებდა – სპორტული მოედნების დაჯავშნის ფუნქციონალს შესთავაზებდა. პროდუქტი სატესტო რეჟიმში 2022 წლის თებერვალში გავუშვით’’, – გვიყვება თამარი და აღნიშნავს, რომ MVP-ის შექმნით მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღება ძალიან მალე შეძლეს, რაც მათ პროდუქტის განვითარების გეგმისა და ბიზნესის შემდეგი ნაბიჯების ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარა.
,,რაც მთავარია, ე.წ. ,,Paying customers’’ გვყავს უკვე. ეს ფაქტი კი გვარწმუნებს, რომ სტარტაპის იდეამ დადასტურების ეტაპი გაიარა. Gamo დაკომპლექტებულია 20-ამდე თანამშრომლით, მათ შორის, არიას დეველოპერთა გუნდი, რომელიც ჩვენი პლატფორმის შემდეგი, უფრო დახვეწილი ვერსიის შექმნაზე მუშაობს’’, – ამბობს თამარი.
გარდა პროდუქტის განვითარებისა, ამ ეტაპზე, სტარტაპის კიდევ ერთი მთავარი მიზანი პარტნიორთა ქსელის გაფართოებაა და აღსანიშნია, რომ Gamo-მ ამ მიმართულებითაც დადებითი გამოხმაურება მიიღო – ,,ჩვენთან თანამშრომლობა კალათბურთის, ჩოგბურთის, ფეხბურთისა და ბოულინგის სფეროების წამყვანმა ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს. ჩვენი პარტნიორების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც გვეხმარება იმაში, რომ მოთამაშეებს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება მივცეთ’’.
ინვესტიციები
Gamo არის პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში’’ ბენეფიციარი – ,,საგრანტო კონკურსით, MVP-ის შესაქმნელად მცირედი დაფინანსება მივიღეთ. გარდა ამ თანხისა, დამფუძნებლებმა სტარტაპში პირადი ინვესტიციებიც ჩავდეთ’’
სამომავლო გეგმა
,,ჩვენ გვჯერა, რომ სტარტაპი ინოვაციური და სწრაფად მასშტაბირებადი პროდუქტისა და ბიზნესმოდელის მქონე ორგანიზაციაა. შესაბამისად, Gamo-ის მთავარი ამოცანა აპლიკაციის ფუნქციონალის გამრავალფეროვნება და სამოყვარულო სპორტის მოთამაშეებისთვის ე.წ. სუპერ აპლიკაციად ჩამოყალიბებაა’’, – გვეუბნება გიორგი და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ისეთი ინოვაციური კომპონენტების დანერგვა, რომლებიც მოთამაშეებს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს; ორგანიზაციებს კი, პლატფორმაზე შემოერთებას ნებისმიერი გეოგრაფიული წერტილიდან გაუმარტივებს – ,,სწორედ ამის განხორციელების შემდეგ შევძლებთ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას. საბოლოო ჯამში, გვსურს, შევქმნათ პროდუქტი, რომელიც ადამიანების ცხოვრებაში მეტ სიხარულსა და ენერგიას შეიტანს – მათ რუტინული ცხოვრებიდან თავის დაღწევას გაუმარტივებს და აქტიური გართობის მარტივი და კომფორტული საშუალებებით უზრუნველყოფს’’.
რჩევა სტარტაპებს
გიორგისა და თამარის პირველი რჩევა დროსა და შეძლებისდაგვარად სწრაფად მოქმედებას უკავშირდება – ,,დრო ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყო, რადგან ყველაზე მეტს სწავლობ მაშინ, როცა ნამდვილ მომხმარებლებს ესაუბრები’’.
მეორე რჩევას კი ინვესტორებთან დაკავშირებით გვაძლევენ და აღნიშნავენ, რომ მათთან მისვლამდე სტარტაპის იდეა აუცილებლად გატესტილი უნდა იყოს – ,,სტარტაპს შექმნილი უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება მარტივი MVP, რომელიც დაამტკიცებს, რომ ბაზარზე ასეთი სერვისის საჭიროება არსებობს. სწორედ ეს სტრატეგია ავირჩიეთ ჩვენ, როდესაც შემდეგი რაუნდების ინვესტიციის მოზიდვაზე ვმსჯელობდით’’.