Google Docs-ის ახალი ფუნქცია მეილის მონახაზის შედგენისას კოლაბორაციას გაამარტივებს
Google-მა წარადგინა Google Docs-ის ახალი ფუნქცია, რომლის მიზანიც ელექტრონული წერილის შედგენის პროცესში კოლაბორაციის გამარტივებაა. მისი საშუალებით, მეილის მონახაზის შექმნას, შესაბამისი კომენტარების დატოვებასა და რედაქტირებას რამდენიმე ადამიანი ერთობლივად შეძლებს. მართალია, Google Docs-იდან ტექსტის კოპირება და მისი Gmail-ში ჩასმა ყოველთვის შესაძლებელი იყო, თუმცა, ეს სიახლე ორივე პროდუქტის ერთ სივრცეში გამოყენებასა და საქმის უფრო სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს.
აღნიშნული სიახლე არის Google-ის პროდუქტის, Smart canvas-ის ტექნოლოგიის ნაწილი. უკანასკნელი მრავალ ხელსაწყოს ერთ ეკრანზე აერთიანებს და თანამშრომლებთან ეფექტურ დისტანციურ მუშაობაში ეხმარება მომხმარებლებს. Smart canvas-ის სხვა ფუნქციების მსგავსად, მეილის მონახაზის შესაქმნელ ჩარჩოზე წვდომა შესაძლებელია ,,@’’ მენიუთი, Google Docs-ში ,,@email’’-ის ჩაწერით. ასევე, შეგიძლიათ მიჰყვეთ შემდეგ ნაბიჯებს – Insert > Building blocks > Email draft.
დოკუმენტში შესაბამისი ფანჯრის გამოჩენის შემდეგ, შეგეძლებათ შეავსოთ ელექტრონული წერილის დანიშნულებისა და ძირითადი ტექსტის გრაფები. ხოლო To, Cc ან Bcc ხაზებში ადრესატების ჩასასმელად, შეგიძლიათ აკრიფოთ ელფოსტის მისამართები ან გამოიყენოთ ,,@’’ მენიუ მიმღებების თქვენი კონტაქტების სიაში საძიებლად. ბოლოს კი, როდესაც მზად იქნებით მონახაზის გასაგზავნად, ფანჯრის მარცხენა კუთხეში არსებულ Gmail-ის სიმბოლოს დააწკაპებთ, რის შემდეგაც გამოჩნდება Gmail-ის ახალი შეტყობინების გასაგზავნი ფანჯარა და მისი ყველა ველი ავტომატურად შეივსება იმ ინფორმაციით, რომელიც Google Doc-ის მეილის პროექტში მიუთითეთ.
კომპანიის თქმით, ფუნქცია Google Workspace-ის ყველა, ასევე G Suite Basic-ისა და Business მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.