Google Docs მარტივდება
შარშან Google-ის I/O ღონისძიების დროს, კომპანიამ მნიშვნელოვანი განახლებების შესახებ დააანონსა, რომელიც თავის ღრუბლოვან აპლიკაციებს ეხებოდა (2020 წლამდე მათ G Suite ეწოდებოდა). შედეგად, სულ მალე ჩვენ გვექნება განახლებული Gmail, ახალი საძიებო ფილტრები Drive-ისთვის და რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება Docs-სა და Sheets-ში.
ამ მიდგომების კრებულს Google-მა “Smart Canvas” (“ჭკვიანი ტილო”) უწოდა და ისინი მომხმარებლისთვის გამოცდილების გამარტივებისკენაა მიმართული. შესაბამისად, ჩვენ უკვე გვექნება საშუალება, მრავალი ხელსაწყოს ფუნქციები ერთ ეკრანზე მოვაქციოთ და თანამშრომლებთან დისტანციურად ეფექტურად ვიმუშაოთ Google-ის ხელოვნური ინტელექტის დამსახურებით.
შემოდგომაზე უკვე გამარტივდა Sheets-ის პროგრამა. ახლა კი Docs-ში მნიშვნელოვან ცვლილებას ველით – სულ მალე აქ შექმნილ დოკუმენტებს აღარ ექნებათ გვერდები, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამა ავტომატურად მომდევნო გვერდის შექმნის ნაცვლად, მოგცემთ საშუალებას, თავად ცვალოთ დოკუმენტის ფორმა და ზომა. კომპანიის განცხადებით, მსგავსი ფორმატი ნებისმიერ ეკრანს მარტივად მოერგება.
„როდესაც თქვენ უგვერდო დოკუმენტში მუშაობთ, შეგიძლიათ აირჩიოთ, ტექსტის სიგანე ვიწრო იქნება, საშუალო, თუ – ფართო. არჩევის შემდეგ კი, თქვენ დაინახავთ ტექსტის იმავე სიგანეს მთელ დოკუმენტში გვერდის გარეშე. თქვენი ტექსტის სიგანის არჩევანი არ იმოქმედებს იმაზე, თუ როგორ დაინახავენ ის ადამიანები დოკუმენტს, რომლებსაც მას გაუზიარებთ, რადგან დოკუმენტი ყველა ეკრანს შესაბამისად მოერგება,” – ამბობენ Google-ში.
აქვე გეტყვით, რომ თუკი დოკუმენტის ამობეჭდვა ან PDF-ად გადაქცევა მოგინდებათ, Docs-ი საშუალებას მოგცემთ, კვლავაც გვერდებად დაყოთ დოკუმენტი. თუმცა, Google-ის აზრით, დისტანციური მუშაობის პირობებში სამომავლოდ ეს აღარ იქნება საჭირო. მისივე აზრით, ნაცვლად ამისა, ადამიანები ერთდროულად შევლენ დოკუმენტებში, მათ კი მრავალი ინტერაქტიული ელემენტი ექნებათ, რომლებიც დოკუმენტის სრულყოფისთვის იქნება საჭირო. კიდევ ერთი ახალი ფუნქცია საშუალებას აძლევს Google Docs-ს, ავტომატურად შექმნას დოკუმენტების შეჯამებები საკუთარი ინტელექტის გამოყენებით, რათა ძირითადი პუნქტების გამოყოფა შეძლოს.