fbpx

Google Maps-ს განახლებები ემატება

Google Maps-ს

Google Maps-ს განახლებები ემატება

Google Maps-ს დაემატება რამდენიმე განახლება, რომლებიც, კომპანიის თქმით, ზოგიერთი მათგანი რამდენიმე კვირაში გახდება ხელმისაწვდომი.

 ,,დაემშვიდობეთ საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ პრობლემებს Google Maps-ის განახლებებით. არ აქვს მნიშვნელობა უცნობ ქალაქში მართავთ მანქანას, თუ შაბათ-კვირის მოგზაურობაში მიდიხართ. ჩვენ ვუშვებთ გაუმჯობესებებს, რომელთა შორისაცაა ნავიგაციის დეტალური რუკა და iOS განახლება. ისინი დაგეხმარებათ მგზავრობის დაგეგმვასა და ახალი ადგილების მონახულებაში’’, – აცხადებს Google.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Google Maps-ის ნავიგაციაში ამიერიდან გამოჩნდება მომხმარებლის მიერ მითითებული მარშრუტის მიმდებარედ არსებული შუქნიშნები, STOP (იგივე მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია) საგზაო ნიშნები და დამატებითი დეტალები, მაგალითად, შენობების კონტურები. ამის გარდა, ზოგიერთ ქალაქში ნავიგაციას დაემატება ისეთი დეტალური ინფორმაცია, როგორიცაა გზის ფორმა და სიგანე, გზის გამყოფი ზოლები და კუნძულები. ამ ეტაპზე, აღნიშნული სიახლე Android-ზე, iOS-ზე, Android Auto-სა და CarPlay-ზე მხოლოდ შერჩეულ ქალაქებში იქნება ხელმისაწვდომი.

google maps-ს

რაც შეეხება iOS განახლებებს, ამ მიმართულებით კომპანიამ სამი სიახლე წარადგინა. სულ რამდენიმე კვირაში, iOS-ის მომხმარებლებს Google Maps-ზე წვდომა მთავარი ეკრანიდან, ახალი ვიჯეტების საშუალებით ექნებათ.

,,ახალი ვიჯეტი წვდომას გაძლევთ იმ რეისებზე, რომლებიც Go ჩანართში გაქვთ მონიშნული. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ადგილზე მისვლის დრო და შემოთავაზებული მარშრუტიც კი, თუ ავტომობილს მართავთ. დარწმუნდით, რომ Google Maps აპლიკაციის უახლესი ვერსია გაქვთ, რათა ვიჯეტები უახლოეს კვირებში იხილოთ’’, – აცხადებს კომპანია.

ამის გარდა, განახლების ფარგლებში, მომხმარებლები საგზაო მიმართულებებს Apple Watch-ზე მიიღებენ მაშინაც, თუ მობილური ახლოს არ ექნებათ. ნავიგაციის დაწყება iPhone-იდან აღარ იქნება საჭირო, საკმარისი იქნება თითის Google Maps-ზე დაჭერა და მარშრუტის ჩვენება ავტომატურად დაიწყება.

Google Maps

მესამე სიახლე არის Google Maps-ის ინტეგრაცია უშუალოდ Spotlight-თან, Siri-სთან და Shortcuts აპლიკაციასთან.

,,Shortcutsის გამართვის შემდეგ, უბრალოდ თქვით თუნდაც ,,ჰეი, Siri, მოძებნე Google Maps-ში’’, რათა მიიღოთ მყისიერი წვდომა Google Maps-ის სასარგებლო ინფორმაციაზე’’, – აცხადებს კომპანია.

Spotlight-თან და Shortcuts-თან ინტეგრაცია მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გახდება ხელმისაწვდომი, ხოლო Siri-ის განახლება მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაეშვება.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post