Google News ახალ დიზაინს გვთავაზობს
წელს Google News 20 წლის ხდება და იუბილეს აღსანიშნავად, დესკტოპის საიტის ახალ დიზაინს გვთავაზობს. განახლების ფარგლებში, საწყის გვერდზე ნავიგაცია უფრო მარტივდება, ახალი ამბების კატეგორიების სვეტი ადგილს იცვლის და მისი პერსონალიზაცია ხდება შესაძლებელი, ამინდის პროგნოზის ფანჯარა მცირდება, ასევე გადამოწმებული ფაქტების სექციაშიც ცვლილებებია.
კერძოდ, Google News-ის მთავარ გვერდზე მარცხენა მხარეს მდებარე Top stories, For you, Following, News Showcase და Saved Searches განყოფილება იცვლება – ამიერიდან მომხმარებლები იხილავენ მხოლოდ Home, For you და Following სექციებს, რომლებიც ეკრანის ზედა მხარეს, საძიებო ველის ქვემოთ იქნება განთავსებული. მათ გვერდით იქნება ასევე Google News-ის ძველ ვერსიაში მარცხენა მხარეს მდებარე ახალი ამბების კატეგორიები – U.S., World, Local, Business, Technology, Entertainment, Sports, Science, Health, რომელთა პერსონალიზაციაც ხდება შესაძლებელი. კერძოდ, მომხმარებლებს Your Topics კატეგორიაში არსებული მორგების ღილაკზე დაწკაპებით შეეძლებათ, აირჩიონ მათთვის სასურველი თემები, რომლებიც შემდგომ მთავარ გვერდზე გამოჩნდება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეიცვალა ამინდის პროგნოზის ფანჯარაც. ის ამჯერად უფრო პატარა ზომისაა და მხოლოდ მიმდინარე დღის ტემპერატურა ჩანს. თუმცა, მისი გაფართოება და დამატებითი 4 დღის პროგნოზის ნახვაც შესაძლებელია.
ამის გარდა, გადამოწმებული ფაქტების სექციაში ამიერიდან გამოჩნდება როგორც ამბის გადამოწმებული, ასევე უკვე თავდაპირველი ვერსიაც, რათა მომხმარებლისთვის კონტექსტი უფრო მარტივად აღსაქმელი გახდეს.
ცნობისთვის, კომპანიის თქმით, Google News 125 ქვეყანაში, 40 ენაზეა წარმოდგენილი.