Gotcha – ადამიანის ემოციების ამომცნობი სტარტაპი
Gotcha – ასე ჰქვია ჰამო ვეთუნცისა და ანა გევორგიანის მიერ შექმნილ სტარტაპს, რომელიც ქცევითი მეცნიერების კვლევის საფუძველზე, სახის ქცევის ანალიზის მეშვეობით ამოიცნობს ადამიანის მიკროემოციებს და ხსნის შესაძლო მოტყუების შემთხვევებს.
Gotcha 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის მონაწილეა. რითია გამორჩეული ეს სტარტაპი და როგორია მისი მისია? ვრცლად ამის შესახებ ანა გევორგიანს გავესაუბრეთ:
იდეა
თავდაპირველად გვსურდა ფსიქოლოგიური ჩატ-ბოტის შექმნა, რომელიც ხალხს დეპრესიისგან თავის დაღწევაში დაეხმარებოდა. თუმცა, გარკვეული კვლევის შემდეგ, ეს იდეა დავივიწყეთ და ემოციების გამოვლენის საშუალებაზე ფიქრი დავიწყეთ, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ ამ ბაზრის ზრდის მიუხედავად, მასში ძალიან ცოტა კომპანია ოპერირებს.
დამფუძნებლები
დამფუძნებლები ვართ მე – ანა გევორგიანი და ჰამო ვეთუნცი და ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება სხვადასხვა სფეროში (გაყიდვები, ფინანსები, ბიზნესის ადმინისტრირება და ა.შ.). გარდა ამისა, 3 წლის წინ ავიღე მიკროემოციების ამოცნობის და სახის პროფილირების 7 სერთიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიცირებული ორგანოსგან).
მისია
Gotcha-ს პროდუქტს გააჩნია ორი მოდელი – საგამოძიებო და შეფასებითი. შეფასებითი მოდელის ფარგლებში ხდება თანამშრომლის (მომხმარებელთა მომსახურების ოფიცრების) მუშაობის შეფასება მათ მიერ მომსახურე კლიენტების ემოციების გამოვლენით და მომხმარებლის კმაყოფილების დონის შეფასებით. თუმცა, ამ მოდელის გამოყენების შემთხვევა არ შემოიფარგლება მხოლოდ HR თანამშრომლის მუშაობის შეფასებით და შეიძლება, საკმაოდ დივერსიფიცირებული იყოს:
- HR / რეკრუტირება
- CX / მომხმარებელთა კმაყოფილების საზომი
- ვიდეო კონფერენცია / დისტანციური ზარის მონაწილეების ემოციების ანალიზი
- სხვა
საგამოძიებო მოდელი კი თაღლითობის (საწარმოს დონეზე) და დანაშაულის გამოვლენას ეხმარება (სარჩელის მენეჯმენტსა და იურიდიულ სამსახურებში) ინტერვიუების დროს ადამიანის სახის ფარული მიკროემოციების ამოღებით. ამ მოდელის ემოციების ბიბლიოთეკა მოიცავს (ძირითადი ემოციების გარდა) იმ ემოციებს, რომლებიც შეიძლება განიმარტოს, როგორც „მოტყუების შესაძლო შემთხვევები“.
საჩივრის მენეჯმენტისა და იურიდიული სერვისების გარდა, ამ მოდელის გამოყენების შემთხვევებია:
- რისკისა და შესაბამისობის მენეჯმენტი
- ფსიქიკური ჯანმრთელობა / ნარკოტიკული აშლილობები / ბიოტექნიკა
- დაზღვევა
პირველი ნაბიჯები
პირველ რიგში, გავიარეთ ტრენინგები საერთაშორისო სერტიფიცირებულ ორგანოში მიკროემოციების / ფარული ემოციების / მოტყუების შესაძლო შემთხვევის გამოვლენის, სახის პროფილირების და ა.შ კუთხით.
შემდეგ უკვე დავიწყეთ ბაზრის კვლევა.
შევქმენით სახის კუნთოვანი მოქმედებების მატრიცა (AU კოდირება).
ვიპოვეთ სწორი ადამიანები (დეველოპერები), რომლებიც დაგვეხმარნენ სამეცნიერო კვლევის (მატრიცის საშუალებით) AI ტექნოლოგიაში გადატანაში.
სრული სიზუსტის მისაღებად შევამოწმეთ ვებკამერები.
ჩავატარეთ პროდუქტის ალფა ტესტირება.
ტესტირების საფუძველზე გავაუმჯობესეთ და ადამიანზე მეტად მორგებული გავხადეთ პროდუქტი.
შევამოწმეთ განათების ხარისხი, გამოკითხულის სახის/თავის პოზიცია.
ჩავატარეთ ბეტა ტესტირება.
დავამატეთ ახალი ფუნქციები და ა.შ
სირთულეები
პირველ რიგში, ყველაზე რთული დეველოპერების პოვნა იყო. შემდეგი სირთულე უკვე ტექნოლოგიის სწორად გაწვრთნა იყო, რათა მას სწორად ემუშავა ყველა ტიპის ადამიანის სახეზე. გამომდინარე იქიდან, რომ სახის კუნთები ძალიან სწრაფად მოქმედებს (წამის 1/25-ში), სრული სიზუსტის მიღებაც გაგვიჭირდა. და ასევე, გამოწვევას წარმოადგენდა ჩვენთვის სწორი ვებკამერის პოვნაც.
Gotcha ახლა
- უკვე გვაქვს 2 მოდელის MVP
- ასევე გვაქვს ღრუბელზე დაფუძნებული პროდუქტები
- ინტეგრაციის პროცესში ვართ SAP-ის SuccessFactors-თან
500 Georgia
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავიცნოთ ჩვენი მიზნობრივი სეგმენტი და მოვიპოვოთ ღირებული სანაცნობო ქსელი, 500 Georgia ამ ყველაფრის საშუალებას ნამდვილად მოგვცემდა. გარდა ამისა, მისი მეშვეობით, ბრენდისადმი კეთილგანწყობას მოვიპოვებდით ალტერნატიული ინვესტორების/სფეროს ექსპერტების მხრიდან და აქტიურად ვიზრუნებდით ინვესტიციების მოზიდვაზეც.
გეგმები
გვსურს, გავხდეთ UNICORN კომპანია.