fbpx

უკრაინული სტარტაპიუნიქორნი – Grammarly

Grammarly

უკრაინული სტარტაპიუნიქორნი – Grammarly

Grammarly – უკრაინული სტარტაპია, რომელიც მომხმარებლებს მართლწერაში ეხმარება. სერვისი რეალურ დროში აჩვენებს ინგლისურენოვან ტექსტში დაშვებულ გრამატიკულ შეცდომებს, სწორ ვარიანტს სთავაზობს და სხვა დამატებით ფუნქციებსაც უზრუნველყოფს. უახლესი გაუმჯობესებებით, გრამატიკულ შეცდომებს grammarly კონტექსტის გათვალისწინებით განსაზღვრავს.

კომპანია 2009 წელს დააარსდა. როგორც დამფუძნებლები, ალექს შევჩენკო, დმიტრო ლიდერი და მაქს ლიტვინი ამბობენ, მათი მთავარი მისია თავიდანვე ნათელი იყო – ,,კომუნიკაციის გაუმჯობესებით, ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა გვინდოდა’’.

იდეის რეალობად ქცევა

ყველაფერი უნივერსიტეტში შეხვედრითა და ერთობლივი კომპანიის შექმნით დაიწყო. დამფუძნებლების პირველი პროდუქტი სახელწოდებით MyDropBox სტუდენტურ ნაშრომებში პლაგიატის შემოწმების საშუალებას იძლეოდა. როგორც მაქს ლატვინი იხსენებს, ამ პროდუქტზე მუშაობამ ისინი ერთ სერიოზულ საკითხზე დააფიქრა – რატომ მიმართავენ ადამიანები პლაგიატს? შეიძლება ამის მიზეზი ის იყოს, რომ მათ საკუთარი სიტყვებით გაუჭირდათ სათქმელის გადმოცემა?

,,ჩვენი თეორიის გამოსაცდელად, ფასიანი ონლაინრედაქტორი ჩავუშვით. ფულადი ნაკადების დადებით სალდოს მალევე მივაღწიეთ და კომპანიის სახელიც მოვიფიქრეთ – Grammarly. ამ ეტაპზე ძირითად ყურადღებას ვამახვილებდით გრამატიკული შეცდომების შესწორებაზე, რათა სტუდენტებს წერაში დავხმარებოდით. მიგვაჩნდა, რომ თუ ადამიანებს ინგლისურად სწორად დაწერაში ხელს შევუწყობდით, ისინი უფრო თავდაჯერებულნი იქნებოდნენ და აღარ იგრძნობდნენ იმის საჭიროებას, რომ თავიანთ ნაშრომებში სხვა წყაროებიდან ამოღებული ტექსტი გამოეყენებინათ’’, – წერს მაქს ლიტვინი.

რედაქტორის ჩაშვებიდან ერთ წელში, 2011 წელს გუნდს ბრედ ჰუვერი შეუერთდა, რომელმაც აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა. კომპანია ნელ-ნელა იზრდებოდა და სტარტაპმა გადაწყვიტა, რომ Grammarly-ის ღირებულებები ერთ ჩარჩოში მოექცია, რომელსაც EAGER (ეთიკური, ადაპტირებადი, თანამგრძნობი და გამორჩეული) ეწოდა.

ზრდა

2015 წელს Grammarly გადავიდა freemium ბიზნესმოდელზე [სიტყვების free და premium კომბინაცია – ბიზნესმოდელის ტიპი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქტის ან მომსახურების ძირითად ფუნქციებს უფასოდ და დამატებითი, უფრო ფართო მახასიათებლებისთვის საფასურს ითხოვს] , რათა ის ნებისმიერი მსურველისთვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი.

,,ამ ახალმა ბიზნესმოდელმა ჩვენთვის ახალი შესაძლებლობები წარმოშვა. 2015 წელს გამოვუშვით Grammarly-ის ბრაუზერის გაფართოებები Chrome-ისთვის, Safari-სთვის, Firefox-ისთვის და Edge-სთვის’’, – ამბობს მაქს ლიტვინი.

2018 წელს პროდუქტი Google Docs-ზე გახდა ხელმისაწვდომი. სულ მალე მომხმარებლებს რედაქტორის გამოყენება Microsoft Office-ში Windows-სა და Mac-ზე შეეძლოთ.

,,გამოვუშვით აპლიკაციებიც, რათა მომხმარებლებს ზედმეტი, ყურადღების გამფანტავი ფანჯრების გახსნის გარეშე მუშაობის საშუალება მისცემოდათ. არ დავივიწყეთ ისიც, რომ დღევანდელი ციფრული კომუნიკაციის უმეტესი ნაწილი მობილურების საშუალებით მიმდინარეობს, ამიტომ iPhone-ებისა და Android მხარდაჭერის მოწყობილობებისთვის Grammarly Keyboard შევქმენით. გავიაზრეთ, რომ სამუშაო ადგილზე გუნდური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია და Grammarly Business ჩავუშვით, რათა ორგანიზაციებს მომხმარებლებთან ეფექტური და ბრენდის შესაბამისი შეტყობინებების საშუალებით დაკავშირებაში დავხმარებოდით’’, – აღნიშნავს მაქს ლიტვინი.

სტარტაპმა დამატებით ჩაუშვა ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა ტექსტის სიცხადის, წაკითხვადობისა და სისწორის შეფასება. ამის გარდა, 2019 წელს კომპანიამ ე.წ. ტონის დეტექტორი შექმნა, რომელიც მომხმარებლებს ატყობინებს, თუ როგორ შეიძლება აღიქვას მკითხველმა მათ მიერ დაწერილი ტექსტი.

მომხმარებლები

კომპანიის ყოველდღიურ აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ 2015 წელს 1 მილიონს მიაღწია, სულ რაღაც 5 წელში (2020 წელს) კი მაჩვენებელი 30 მილიონამდე გაიზარდა.

,,ყველაზე შთამაგონებელი არის გამოხმაურება, რომელსაც ვიღებთ იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება ადამიანებს ჩვენი პროდუქტი კომუნიკაციის ყველანაირი გამოწვევის წინაშე’’, – აღნიშნავს ლიტვინი.

გუნდი

Grammarly-ში აღნიშნავენ, რომ ყველაფერი, რაც ამ დრომდე კომპანიამ გააკეთა და ნებისმიერი რამ, რასაც მიაღწია, გუნდის დამსახურებაა. სტარტაპი ამჟამად 450-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს სან-ფრანცისკოს, კიევის, ნიუ-იორკისა და ვანკუვერის ოფისებში.

ინვესტიციები

უკრაინულ სტარტაპს ჯამურად $400 მილიონის ღირებულების სამი ინვესტიცია აქვს მიღებული.

2017 წელს, დაფინანსების პირველ, ვენჩურულ რაუნდში Grammarly-მ $110 მილიონი მოიზიდა. რაუნდს General Catalyst, IVP და Spark Capital ხელმძღვანელობდნენ. ამ პერიოდში სტარტაპს 6.9 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა.

შემდეგი რაუნდი, რომელიც 2017 წლით თარიღდება, Grammarly-ისთვის განსაკუთრებული იყო, რადგან მან $90 მილიონის მოზიდვასთან ერთად, იუნიქორნის სტატუსიც მიიღო. ანუ, კომპანიის ღირებულებამ $1 მილიარდს გადააჭარბა. მაშინ, სტარტაპის მომხმარებელთა რაოდენობა 20 მილიონს შეადგენდა.

იუნიქორნის ინვესტირების ბოლო რაუნდი არც ისე დიდი ხნის წინ, 2021 წლის ნოემბერში იყო. კომპანიამ $200 მილიონი მოიზიდა და მისმა ღირებულებამ $13 მილიარდი შეადგინა. რაუნდს General Catalyst, Baillie Gifford და BlackRock და სხვები ხელმძღვანელობდნენ. Grammarly-ის წარმომადგენლების თქმით, სტარტაპი მიღებული დაფინანსების გამოყენებას AI ტექნოლოგიაში ინვესტიციის ჩასადებად, გუნდის ზრდის დასაჩქარებლად, ასევე მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და გასაძლიერებლად გეგმავდა. ამის გარდა, კომპანია გააგრძელებდა ბუნებრივი ენის დამუშავებისა და მანქანათმცოდნეობის ტექნოლოგიების განვითარებას.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post