სტარტაპის არდაწყების არგუმენტების განხილვა – პოლ გრეემი
,,ჩემთვის ერთი დიდი საიდუმლოებაა, რატომ არ იწყებს უფრო მეტი ადამიანი სტარტაპებს? თუ თითქმის ყველა, ვინც სტარტაპზე მუშაობს, ამ საქმიანობას ჩვეულებრივ სამსახურს ამჯობინებს და მათგან მნიშვნელოვანი პროცენტი მდიდრდება, რატომ არ უნდა ყველას ამის გაკეთება?’’, – სვამს კითხვას პოლ გრეემი და აღნიშნავს, რომ სტარტაპის შექმნისგან თავის შეკავების მრავალი მიზეზი არსებობს. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი ჯერ არაა ბოლომდე დარწმუნებული და მისი თქმით, ამის დამადასტურებელი ფაქტიც არსებობს – ,,Y Combinator-ის მიერ დაფინანსებული არაერთი წარმატებული სტარტაპის დამფუძნებელმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ განაცხადის შემოტანა ბოლო მომენტში (ზოგმა ვადამდე რამდენიმე საათით ადრე) გადაწყვიტეს’’.
გრეემი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ორჭოფობასთან გამკლავების მთავარი გზა მის კომპონენტებად გაანალიზებაა – ,,უმეტესობას ადამიანებისა, რომელთაც რაიმეს გაკეთება არ სურთ, დაახლოებით 8 განსხვავებული მიზეზი აქვთ ჩამოყალიბებული… მათგან ზოგი რეალური იქნება, ზოგიც ხელოვნური…’’ – სწორედ ამიტომ, ის გვესაუბრება იმ კომპონენტებზე, რომლებიც ადამიანებში სტარტაპის არდაწყების სურვილს აღძრავს და განგვიმარტავს, რომელი მათგანია რეალური და რომელი ხელოვნურად შექმნილი მიზეზი.
ზედმეტად ახალგაზრდა
,,მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ ისინი სტარტაპის დასაწყებად ძალიან ახალგაზრდები არიან… Y Combinator-ში ჩვენი ერთ-ერთი მიზანი სტარტაპების დამფუძნებლების ასაკის ქვედა ზღვრის აღმოჩენა იყო... პროცესში დავადგინეთ, რომ ზღვარი ისეთი დაბალიც კი შეიძლება იყოს, როგორიც 16 წელია. თუმცა, ჩვენ 18-ს მიღმა კანდიდატებს არ განვიხილავთ, რადგან ამაზე ახალგაზრდებს კონტრაქტების დადება ლეგალურად არ შეუძლიათ. ამ მხრივ, აღსანიშნია, რომ ჩვენ მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დამფუძნებელი სემ ალტმანი 19 წლის იყო’’, – ამბობს გრეემი და აღნიშნავს, რომ ალტმანის შემთხვევა ძალიან განსხვავებული იყო – ,,როდესაც ის 19 წლის გახლდათ, გეგონებოდათ, რომ მასში 40 წლის ადამიანი ცხოვრობდა… ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უფროსს ვესაუბრებოდი’’.
გრეემის თქმით, ზრდასრულობის ასაკი, ანუ პერიოდი, რომელშიც ადამიანები გარკვეულ ბარიერს ვლახავთ, პირობითად 21 წელია, თუმცა სხვადასხვა ადამიანი ზრდასრულობას განსხვავებულ ასაკში აღწევს – მაგალითად, ალტმანი 19 წლის ასაკში უკვე ზრდასრული იყო. ხოლო ზრდასრულობას თუ მივაღწიეთ (მიუხედავად ჩვენი ასაკისა), მაშინ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სტარტაპის დასაწყებად საკმარისად დიდები ვართ. როგორ უნდა მივხვდეთ, ზრდასრულობას მივაღწიეთ თუ არა? – ,,ამის გასაგებად ერთ-ერთი საშუალება არის იმის დადგენა, გვაქვს თუ არა ბავშვური რეფლექსები. როდესაც პატარები ვართ და რაიმე რთულს გვთხოვენ, შეგვიძლია, ვიტიროთ და ვთქვათ, რომ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. შედეგად, უფროსები თავს დაგვანებებენ. ბავშვებს რთული სიტუაციებიდან თავის დახსნა ამ გზით შეუძლიათ, ხოლო მოზრდილებს ამის უფლება არ აქვთ. ამის გარდა, ადამიანის ზრდასრულობის დადგენა იმაზე დაკვირვებითაც შეგვიძლია, თუ როგორ რეაგირებს ის გამოწვევაზე. ადამიანები, რომელსაც ზრდასრულობისთვის არ მიუღწევიათ, ზრდასრულების გამოწვევებს იმ გზებით პასუხობენ, რომლებიც მათ დომინირებას გამოხატავს. მაგალითად, თუ ადამიანი რაიმეზე იტყვის, რომ სულელური იდეაა, ბავშვი აჯანყდება; ზრდასრული კი ჰკითხავს, თუ რატომ ფიქრობს ასე’’.
ზედმეტად გამოუცდელი
,,ადრე ვამბობდი, რომ სტარტაპის დამფუძნებლები მინიმუმ 23 წლის უნდა იყვნენ და საკუთრის წამოწყებამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა კომპანიაში უნდა იმუშაონ. ამ მოსაზრებას ახლა აღარ ვიზიარებ, რადგან ჩვენ მიერ დაფინანსებული სტარტაპების მაგალითებმა გადამაფიქრებინა’’, – ამბობს პოლ გრეემი და აღნიშნავს, რომ გამოცდილების მისაღებად საუკეთესო გზა სტარტაპის დაწყებაა – ,,პარადოქსულია, მაგრამ თუ სტარტაპის დასაწყებად ზედმეტად გამოუცდელები ხართ, სტარტაპი უნდა წამოიწყოთ. გამოუცდელობის გადასალახად ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე რეგულარულ სამსახურში დასაქმება. უკანასკნელი შეამცირებს კიდეც თქვენ მიერ სტარტაპის წამოწყების შესაძლებლობას – ერთგვარ თვინიერ ცხოველად იქცევით, რომელსაც სჭირდება პროდუქტის მენეჯერი, რათა მითითება მისცენ, თუ რომელი პროგრამული უზრუნველყოფა შექმნას’’.
თანადამფუძნებლის არყოლა
,,თანადამფუძნებლის არყოლა რეალური პრობლემაა. სტარტაპზე მუშაობა ძალიან რთულია ერთი ადამიანისთვის… თანადამფუძნებელთან ერთად, ინვესტორებისგან, – გამონაკლისის გარეშე, – დაფინანსების მოპოვების უფრო დიდი შანსი გაქვთ’’, – ამბობს პოლ გრეემი და აღნიშნავს, რომ თანადამფუძნებლის პოვნა სხვა ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია.
,,თუ იქ, სადაც ცხოვრობთ, არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც თქვენთან ერთად სტარტაპის წამოწყება სურთ, შესაბამის ადგილას გადადით. თუ თქვენთან მუშაობა თქვენს ამჟამინდელ იდეაზე არავის სურს, ისეთ იდეაზე გადაერთეთ, რომელიც სხვებსაც აინტერესებთ’’, – დასძენს იგი.
სემ ალტმანის სტარტაპრჩევები
,,[მუშაობა] უნდა დაიწყოთ იდეით და არა კომპანიით’’, – გვეუბნება სემ ალტმანი და აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც დამფუძნებლები მხოლოდ იდეის ეტაპზე არიან, ისინი უცნაური ჟღერადობის [ზოგადად ხომ საუკეთესო იდეები ცუდ იღეებად აღიქმება], მაგრამ პოტენციურად უფრო მასშტაბურ იდეებს განიხილავენ და რაიმე უნიკალურის ძიებას მეტ დროს უთმობენ.
იდეის არქონა
სტარტაპზე მუშაობის იდეის გარეშე დაწყება წარმოუდგენელია და მისი გენერირების ყველაზე კარგი გზა საკუთარ პრობლემებზე დაფიქრებაა – ,,იპოვეთ ის, რაც ცხოვრებაში გაკლიათ და დააკმაყოფილეთ საჭიროება, როგორი სპეციფიკურიც უნდა იყოს. სტივ ვოზნიაკმა კომპიუტერი თავისთვის შექმნა; ვინ იცოდა, რომ ამდენ ადამიანს სურდა იგივე? ვიწრო, მაგრამ ჭეშმარიტი საჭიროება უკეთესი ამოსავალი წერტილია ვიდრე ფართო, მაგრამ ჰიპოთეზური საჭიროება’’.
სხვა სტარტაპების ადგილი აღარ არის
,,ბევრი ადამიანი სტარტაპების მუდმივად მზარდ რაოდენობას აკვირდება და ფიქრობს, რომ ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება და მათ რაოდენობასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვა არსებობს. ცხადია, ეს არასწორი მიდგომაა’’, – ამბობს პოლ გრეემი და აღნიშნავს, რომ ადამიანთა მოთხოვნილებები მუდმივად იზრდება, შესაბამისად, სტარტაპების მიერ შესასრულებელი სამუშაოს ოდენობა შეზღუდული არასდროს იქნება.
ოჯახი
იმ ადამიანებს, ვისაც ოჯახი ჰყავს სარჩენი, გრეემი სტარტაპის დაწყებას არ ურჩევს – ეს მათთვის ზედმეტი რისკია. ამ შემთხვევაში, მისი თქმით, უკვე არსებულ სტარტაპში გაწევრიანება კარგი გამოსავალია.
ისედაც მდიდარი
,,სტარტაპზე მუშაობს სტრესულია. რატომ უნდა წამოიწყო ის, თუ ფული არ გჭირდება?!’’, – აღნიშნავს გრეემი და ამბობს, რომ რამდენჯერაც სტარტაპის ჩამოყალიბების სტადიას მიუახლოვდა, იმდენჯერ უკან დაიხია, რადგანაც ის ამის გარეშეც მდიდარია და საკუთარი ცხოვრების 4 წლის ამგვარი სირთულეების გადალახვაში დახარჯვა არ სურს.
ვალდებულებისთვის მზაობა
გრეემის თქმით, სტარტაპზე მუშაობას მინიმუმ 3-4 წელი სჭირდება. აქედან გამომდინარე, სტარტაპი მხოლოდ მაშინ უნდა წამოვიწყოთ, თუ ამ მასშტაბის ვალდებულებისთვის მზად ვართ – ,,ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ არ წამოვიწყე სტარტაპი ჩემი ოციანი წლების უდიდეს ნაწილში. ამ ასაკის ბევრი ადამიანის მსგავსად, ყველაზე მეტად მეც თავისუფლებას ვაფასებდი. არ მინდოდა ისეთ რაიმეზე მუშაობა, რაც მთელ ჩემს ცხოვრებას დაეუფლებოდა… ეს სრულიად ლეგიტიმური მიზეზია სტარტაპის არშესაქმნელად’’.
გაურკვევლობის შიში
გრეემის თქმით, ზოგიერთი ადამიანი სტარტაპის დაწყებისგან თავს შესაძლოა იმიტომ იკავებდეს, რომ გაურკვევლობა არ მოსწონს – ,,თუ Microsoft-ში სამუშაოდ მიდიხართ, საკმაოდ ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება თქვენი ცხოვრების მომდევნო რამდენიმე წელი. სტარტაპის დაწყების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს’’. ის აღნიშნული არგუმენტის საკმაოდ მარტივ კონტრარგუმენტს გვთავაზობს – ,,თუ გაურკვევლობა გაწუხებთ, შემიძლია ეს პრობლემა მოგიგვაროთ – თქვენი სტარტაპი, სავარაუდოდ, წარუმატებელი იქნება… საუკეთესოს იმედი გქონდეთ, მაგრამ უარესის მოლოდინი. უარეს შემთხვევაში, გამოცდილება საინტერესო იქნება; საუკეთესო შემთხვევაში კი, შეიძლება გამდიდრდეთ’’.